სხვა

13:18 | 29.05.2013 | ნანახია [] - ჯერ

კისენოსატო იოკოძუნობას უტრიალებს

ნაგოიას ბაშო ჰარუმაფუჯისთვისაც გამოცდა იქნება

იოკოძუნების არჩევნების კომიტეტი, რომელსაც დიდი ჩემპიონების დამტკიცების და დაქვეითების უფლებამოსილება გააჩნია, არ შეუქმნის წინააღმდეგობას ოძეკი კისენოსატოს, თუკი იგი ივლისის ბაშოზე მინიმუმ 14 გამარჯვებას იზეიმებს.

ასეთი აზრი საზოგადოებრივი კომიტეტის 78 წლის თავმჯდომარე ჰიტოსი უტიამამ გამოთქვა. “12-13 მოგება არასაკმარისი იქნება. კარგი იქნება, თუკი იგი ძიონ-შოს (ყველა მოგება – დ.მ.) უწევს, თუმცა, ვფიქრობ, სამსაჯო კომიტეტი რეკომენდაციით იმ შემთხვევაშიც მოგვმართავს, თუ კისენოსატო 14 გამარჯვებას მოაგროვებს”, - განაცხადა უტიამამ და მიანიშნა, რომ აღნიშნული რეკომენდაცია სავსებით რეალურია და სრულიადაც არაა საჭირო, იაპონელმა სეკიტორმა “იმპერატორის თასი” მოიპოვოს.

იოკოძუნას წოდების მინიჭების მექანიზმი ასეთია. სამსაჯო კომიტეტის წინადადებით, სუმოს ასოციაციის პრეზიდენტს კანდიდატურა იოკოძუნას არჩევის კომიტეტის სხდომაზე გააქვს, რომელიც თავის მხრივ რეკომენდაციას დირექტორთა საბჭოს აძლევს.

იოკოძუნას არჩევნების კომიტეტის წესდებაში აღნიშნულია, რომ დიდი ჩემპიონის ტიტულს ის ოძეკები იმსახურებენ, რომელთაც ზედიზედ 2 ბაშო აქვთ მოგებული ანაც “აღნიშნულის წონადი” შედეგი გააჩნიათ.

ამასწინათ, სუმოს ასოციაციის პრეზიდენტმა კიტანოუმიმ განაცხადა, რომ მისი აზრით, კისენოსატოს იერარქიის უმაღლეს საფეხურზე აყვანა იმ შემთხვევაშიც იქნება შესაძლებელი, თუკი კი ივლისის ტურნირს მოიგებს და მინიმუმ 13 შერკინებაში იმარჯვებს.

ნაგოიას ბაშო ნამდვილ გამოცდად იქცევა იოკოძუნა ჰარუმაფუჯისთვისაც, რომელმაც ბოლო ორ ბაშოზე ჯამში 10 მარცხი განიცადა. აღნიშნულის შესახებ იმავე ჰიტოსი უტიამამ ისაუბრა. თუკი მონღოლმა სეკიტორმა ივლისშიც მოკრძალებული შედეგი აჩვენა, უხუცესთა საბჭოსგან ე.წ. “სულიერ შთაგონებას” მიიღებს, ეს კი, კარგი ნამდვილად არაა, რადგანაც დაქვეითებისკენ პირველი ნაბიჯია.

აღნიშნულის შემდეგ, შესაძლოა, იოკოძუნას არჩევნების კომიტეტმა ჰარუმაფუჯის “გაფრთხილება” მისცეს, ბოლოს კი “გადადგომისკენ” რეკომენდაციით მიმართოს. აუცილებლად უნდა განვმარტოთ, რომ “რეკომენდაცია” სავალდებულოა და მისი შესრულება აუცილებელია.

ჰარუმაფუჯისთან ყველა შეკითხვა მოხსნილი იქნება, თუკი კი ნაგოიას ბაშოზე მინიმუმ 13 ორთაბრძოლას მოიგებს.

და ბოლოს. იოკოძუნა ჰაკუჰომ, რომელმაც მაისის სუპერტურნირზე 15-ვე შერკინება მოიგო, ჰიტოსი უტიამასგან შექება დაიმსახურა: “იგი კლდესავით მყარია და დიდი იოკოძუნაა”.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.154373