ქართული ძიუდოს რეალობიდან გამომდინარე, პარიზის დიდ სლემზე საქართველოს ნაკრებისგან წარმატებულ გამოსვლას მარტო ზედმეტად ოპტიმისტები ელოდნენ. მოხდა ის, რაც უნდა მომხდარიყო. თითქმის ოპტიმალური შემადგენლობით წარმოდგენილი ქართული გუნდი ერთადერთ ბრინჯაოს დასჯერდა. კვარცხლბეკზე ყველაზე მაღალრეიტინგიანი (მე-6 ადგილი მსოფლიოს რეიტინგში) ქართველი ძიუდოისტი ამირან პაპინაშვილი (60 კგ) ავიდა. ეს გუშინ იყო. დღეს კი პიტერ ზაიზენბახერის შეგირდთაგან საუკეთესო შედეგი 90 კილოგრამში მოჭიდავე ვარლამ ლიპარტელიანმა აჩვენა - მეოთხედფინალამდე მივიდა.
ლიპარტელიანი ტურნირში პირდაპირ მესამე წრიდან – მეთექვსმეტედფინალიდან ჩაერთო და პოლონელ კრჟიშტოფ ვეგლარზს იუკოთი გასცდა. მერე ყაზახ ალექსანდრ ლასაჩევს ვაზარით აჯობა. კუბელ ეშლი გინსალესთან კი ჰანტეითი დამარცხდა და საბოლოოდ, მეხუთე ადგილს და 60 სარეიტინგო ქულას დასჯერდა. ძირითად დროში ლიპარტელიანმა და გონზალესმა თითო იუკო გაცვალეს. ქართველმა ქულა მეტოქის ორჯერ გაფრთხილების გამო მიიღო, ხოლო კუბელმა – გდებით. დამატებითი დრო უქულოდ გაილია, ჰანტეიში კი, მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით, გამარჯვებულად გონზალესი გამოცხადდა.
ამავე წონაში ქართველი გულშემატკივრების დიდ ინტერესს იწვევდა ზურაბ ზვიადაურის გამოსვლა. ოლიმპიური ჩემპიონი აქტიურ სპორტს ერთი კვირის წინ, თბილისის მსოფლიოს თასზე ბრინჯაოს მედლით დაუბრუნდა, მაგრამ პარიზული ტატამი მოუგებლად დატოვა – შეჯიბრებაში მეორე წრიდან ჩაერთო და ფიზიკურად ძლიერ და ტაქტიკურად უკეთ მომზადებულ მონღოლ ენხბატ ერდენებილეგთან ვერაფერს გახდა. საფინალო სირენის შემდეგ, ზვიადაურის აქტივში იუკო იყო, ხოლო ერდენებილეგის ანგარიშზე - ვაზარი.
საუკეთესო ფორმისგან ჯერ კიდევ შორს მდგომი ზურაბ ზვიადაურისგან წარუმატებელი გამოსვლა კანონზომიერება იყო, რასაც ვერ ვიტყვით ლევან ჟორჟოლიანის სწრაფ მარცხზე. 100 კილოგრამ წონით კატეგორიაში მსოფლიოს რეიტინგში მე-13 ადგილზე მყოფმა ქართველმა დიდი სლემი ასეულს მიღმა მდგომ კუბელ ხოსე არმენტეროსთან შეხვედრით დაიწყო და დაასრულა კიდეც. არმენტეროსმა მომგებიანი ვაზარი ოქროს დროში შეასრულა.
ავთანდილ ჭრიკიშვილი (81 კგ) ტურნირს მერვედფინალიდან დასანანი მარცხის გამო გამოეთიშა - ყაზახ ისლამ ბოზბაიევს იუკოთი ამარცხებდა და მაშინ, როდესაც საფინალო სირენამდე ოთხიოდ წამი რჩებოდა, ვაზარზე დავარდა. ამ შეხვედრამდე თბილისის მსოფლიოს თასის ქართველმა ჩემპიონმა ერთი მეტოქის ძლევა მოასწრო – მონღოლ ტუვშინიარგალ განის შებოჭვით გასცდა.
ორ-ორჯერ გავიდნენ ტატამზე მძიმეწონოსნები, ადამ ოქრუაშვილი და ზვიად ხანჯალიაშვილი. ოქრუაშვილმა პირველივე წრიდან დაიწყო და ეგვიპტელი მუჰამედ მოტიეს იუკოთი ძლევის შემდეგ, მეთექვსმეტედფინალში ჰოლანდიელ ლუკ ვერბიჟთან ორწუთნახევარში წმინდა გდებით წააგო. ხანჯალიაშვილი კი საქმეში მეთექვსმეტედფინალიდან ჩაება და ესპანელ ანხელ პარას იპონით გაუსწორდა, მაგრამ უზბეკ აბდულო ტანგრიევთან დაპირისპირებისას თავად დავარდა ბეჭებზე.
მამაკაცთა საერთო გუნდურ ჩათვლაში საქართველოს ნაკრებმა 85 ქვეყნის ნაკრებს შორის მე-13 ადგილი დაიკავა. საუკეთესო მაჩვენებელი მონღოლეთსა და უზბეკეთს აღმოაჩნდათ და პირველი ადგილიც მათ გაიყვეს. მასპინძლები კი მესამე პოზიციას დასჯერდნენ. შეგახსენებთ, პარიზის დიდმა სლემმა მსოფლიოს უძლიერესი ნაკრების – იაპონიის ძირითადი შემადგენლობა მოისაკლისა. აზიელებმა პარიზში ექსპერიმენტული შემადგენლობა ჩაიყვანეს, მაგრამ ამის მიუხედავად, ბევრ გამოცდილ ნაკრებზე (მათ შორის საქართველოს ნაკრებზე) უკეთ მაინც გამოვიდნენ.
ძიუდო
დიდი სლემი
პარიზი
5 თებერვალი
კაცები
81 კგ
1 ოლე ბიშოფი (გერმანია)
2 ანტონიო ჩიანო (იტალია)
3 კეიტა ნაგაშიმა (იაპონია)
3 სერგიუ ტომა (მოლდოვა)
90 კგ
1 დილშოდ ჩორიევი (უზბეკეთი)
2 რომან გონტიუკი (უკრაინა)
3 ეშლი გონზალესი (კუბა)
3 კირილ დენისოვი (რუსეთი)
100 კგ
1 ნაიდან ტუვშინბაიარი (მონღოლეთი)
2 იევგენის ბოროდავკო (ლატვია)
3 ტემუულენ ბატულგა (მონღოლეთი)
3 რამზიდინ საიდოვი (უზბეკეთი)
+100 კგ
1 ტედი რინერი (საფრანგეთი)
2 რაფაელ სილვა (ბრაზილია)
3 აბდულო ტანგრიევი (უზბეკეთი)
3 სუნგ-მინ კიმი (სამხრეთ კორეა)
გუნდური ჩათვლა. კაცები
ო ვ ბ V VII
1 მონღოლეთი 2 0 2 1 0
1 უზბეკეთი 2 0 2 1 0
3 საფრანგეთი 2 0 1 3 0
4 გერმანია 1 1 0 1 0
5 სამხრეთ კორეა 0 2 2 2 0
6 უკრაინა 0 1 0 1 0
7 იტალია 0 1 0 0 0
7 ლატვია 0 1 0 0 0
7 ბრაზილია 0 1 0 0 0
10 რუსეთი 0 0 2 2 0
11 იაპონია 0 0 1 2 0
11 ყაზახეთი 0 0 1 2 0
13 საქართველო 0 0 1 1 0
14 მოლდოვა 0 0 1 0 0
14 კუბა 0 0 1 0 0
ოთარ მაღლაკელიძე







