ფეხბურთი

13:54 | 21.12.2013 | ნანახია [] - ჯერ

კეირუშს “ტოტენჰემში’’ მუშაობა სურს

 

მადრიდის “რეალის’’ ყოფილ მთავარ მწვრთნელს, ამჟამად ირანის ნაკრების დამრიგებელს, პორტუგალიელ კარლუშ კეირუშს სურვილი აქვს “ტოტენჰემს” ჩაუდგეს სათავეში და რამდენიმე დღის წინ გათავისუფლებული თანამემამულის ვილაშ ბოაშის ადგილი დაიკავოს. კეირუშმა ინგლისში დაბრუნების სურვილი ბრიტანულ ვებ-საიტ “მეტროსთან’’ საუბრისას ამცნო საზოგადოებას. შეგახსენებთ, იგი მრავალი წლის განმავლობაში სერ ალექს ფერგიუსონის თანაშემწედ მუშაობდა “მანჩესტერ იუნაიტედში”.

“ჩემი სამწვრთნელო ოცნება ინგლისურ ფეხბურთში დაბრუნებაა. ნისლიან ალბიონზე საოცარი პერიოდი გავატარე, შემოთავაზების შემთხვევაში აუცილებლად განვიხილავ “ტოტენჰემის’’ წინადადებას. ამ კლუბში მუშაობა მსურს, თუმცა ასევე ვადასტურებ, რომ ამ ეტაპზე კონცენტრირებული ვარ ბრაზილიაში გასამართ მსოფლიოს  ჩემპიონატზე, მინდა ირანის ნაკრებმა ჩემი ხელმძღვანელობით ღირსეული თამაში აჩვენოს’’ - განაცხადა კეირუშმა.

გაცნობებთ, რომ “ტოტენჰემის’’ მმართველი დანიელ ლევი და კარლუშ კეირუში მეგობრები არიან.

კარლუშ კეირუში, “რეალსა’’ და “იუნაიტედში’’ მუშაობის გარდა, 1989-1991 წლებში პორტუგალიის ახალგაზრდულ ნაკრებს ედგა სათავეში - იმ ნაკრების მოთამაშეებს ოქროს თაობა ეწოდა. მათ რიგებში გამოდიოდნენ რუი კოშტა, ფიგუ, აბელ შავიერი და ჟოაო პინტო. 20 წლამდელთა შორის  გამართულ მსოფლიოს ჩემპიონატზე კეირუშის შეგირდებმა ორჯერ მოიპოვეს ოქროს მედლები 1989 და 1991 წლებში.

შემდეგ სხვადასხვა დროს კეირუში ორჯერ წვრთნიდა პორტუგალიის ეროვნულ გუნდს, თუმცა მნიშვნელოვანი წარმატებისთვის არ მიუღწევია.

დიმიტრი შარიქაძე

 

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.117019