საქართველოში ვიზიტით მყოფმა, ჭადრაკში მსოფლიოს მრავაგზის ჩემპიონმა, ამჟამად პოლიტიკით დაკავებულმა და რუსეთის მოქმედი ხელისუფლების აქტიურმა ოპოზიციონერმა, გარი კასპაროვმა დრო ჭადრაკისთვისაც გამონახა და ვერის ბაღში მდებარე თბილისის ჭადრაკის სასახლეში ერთობლივი თამაშების სეანსი ჩაატარა.
კასპაროვს მეტოქეებად 12-დან 19 წლამდე ასაკის გოგო-ბიჭები ჰყავდა. თავიდან სეანსში 10 მოჭადრაკის მონაწილეობა იყო დაგეგმილი, მაგრამ სეანსის დაწყების წინ, მათი რაოდენობა ერთით გაიზარდა. 11 მოჭადრაკიდან, 6 ბიჭი და 5 გოგონა იყო. ესენი არიან: გიორგი ნიკოლაშვილი, გიორგი სიბაშვილი, გიგლა ბენიძე, ირაკლი ბერაძე, ალექსანდრე ებრალიძე, ნიკა ქუმსიაშვილი, ქეთი წაწალაშვილი, მარიამ დანელია, ლიკა კობეშავიძე, დეა გოგიშვილი, ნინო ხომერიკი.
მართალია, კასპაროვმა ყველა შეხვედრა მოიგო, მაგრამ ეს დღე ახალგაზრდა მოჭადრაკეებს არასოდეს დაავიწყდებათ. ისინი ხომ მსოფლიო ჭადრაკის ცოცხალ ლეგენდას, გარი კასპაროვს ეთამაშნენ. კასპაროვს თოთოეული მეტოქის წინააღმდეგ სათამაშოდ ერთი საათი, ხოლო მის მეტოქეს 45 წუთი ჰქონდა გამოყოფილი.
სეანსის დაწყების წინ, საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტ გია გიორგაძესთან ერთად, კასპაროვს მსოფლიოს ხუთ-ხუთ გზის ჩემპიონები, ნონა გაფრინდაშვილი და მაია ჩიბურდანიძე შეხვდნენ.
გარი კასპაროვი: “ჭადრაკს დიდი ხანია ჩამოვშორდი და თითქმის აღარ ვთამაშობ. როცა ახალგაზრა მოჭადრაკეებთან ერთობლივი თამაშების სეანსის ჩატარება შემომთავაზეს, სიამოვნებით დავთანხმდი. მეც ვიყავი მათი ასაკის და კარგად ვიცი, თუ რას ნიშნავს ცნობილი მოჭადრაკის წინააღმდეგ თამაში. ეს დღე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი იქნება მათ ცხოვრებაში და არასოდეს დაავიწყდებათ.
- თქვენზე როგორი შთაბეჭდილება დატოვეს ახალგაზრდა მეტოქეებმა?
მათ შორის არის რამდენიმე ნიჭიერი მოჭადრაკე, რომლებიც თუ სერიოზულად იმუშავებენ, შეუძლიათ, რომ დიდი ჭადრაკი ითამაშონ. საქართველო მდიდარი საჭადრაკო ტრადიციების მქონე ქვეყანაა და მინდა, აღვნიშნო, რომ ამ ტრადიციებს იგი კვლავაც ინარჩუნებს.
- თუ შეიძლება პოლიტიკაზეც გკითხავთ. როგორ შეფასებას მისცემთ საქართველოსა და რუსეთის ამჟამინდელ ურთიერთობას?
საქართველოს და რუსეთს კარგი ურთიერთობა ჰქონდათ, მაგრამ ამჟამად, საპირისპირო სიტუაციაა. ეს ყველაფერი, რუსეთის პრემიერ-მინისტრის, ვლადიმერ პუტინის “დამსახურებაა”. ის და პრეზიდენტი მედვედევი ხელისუფლებიდან უნდა წავიდნენ, მათ ვერ გაამართლეს რუსი ხალხის იმედები.
გია გორგაძე: “როცა დღის წესრიგში კასპაროვთან ერთობლივი თამაშების სეანსის ჩატარების საკითხი დადგა, აქცენტი ახალგაზრდა მოჭადრაკეებზე გავაკეთე. მიმაჩნია, რომ მათთვის, როგორც მოჭადრაკეებისთვის, ეს სეანსი მნიშვნელოვანი სკოლა იყო”.
ქეთი წაწალაშვილი: “ მართალია, წავაგე, მაგრამ ძალიან ბედნიერი ვარ. ეს პირველი შემთხვევაა, როცა წაგების შემდეგ ასეთი გრძნობა დამეუფლა. მე ხომ თვით გარი კასპაროვს ვეთამაშე”.
გიორგი ნიკოლაშვილი
- სათამაშო დროის ამოწურვამდე თქვენ 2 წუთი, ხოლო მეტოქეს 19 წამი ჰქონდა დარჩენილი. ამ ყველაფრის მიუხედავად, თქვენ თამაში აღარ გააგრძელეთ და დანებდით...
წაგებული პოზიცია იყო და თამაშის გაგრძელებას აზრი არ ჰქონდა. ნიმცოვიჩის დაცვა ავირჩიე. მეტოქემ თავიდანვე მოიპოვა უპირატესობა და ბოლომდე შეინარჩუნა.
როლანდ ლაბუჩიძე







