ფეხბურთი

22:28 | 25.09.2013 | ნანახია [] - ჯერ

კაშიასა და ღონღაძის გოლები

არნემის “ვიტესმა” ჰოლანდიის თასის მეორე რაუნდში ქვედალიგელ “რუდერკერკს” 3:1 სძლია და შემდეგ ეტაპზე გავიდა. გურამ კაშიამ შეუცვლელად ითამაშა, ვაკო ყაზაიშვილი 74-ე წუთზე შეცვალეს, ხოლო გიორგი ჭანტურია, გეცოდინებათ, დისკვალიფიკაციას იხდის. არნემელთაგან ერთი გოლი კაშიამ გაიტანა, კერძოდ, 66-ე წუთზე, რითაც 2:1 გახდა. “ვიტესის” საიტის ცნობით, ის თეო იანსენის კუთხურიდან ჩაწოდების შემდეგ დაუხვდა ბურთს და ზუსტად დაარტყა.

უკრაინის თასის მეთექვსმეტედფინალებიც გაიმართა: “დნიპრომ” 2:0 სძლია “ბუკოვინას”. ჯაბა კანკავა სასტარტოში იყო და 76-ე წუთზე შეცვალეს, ხოლო სანდრო კობახიძემ მეორე ტაიმი ჩაატარა სრულად. კობახიძეს გოლის გატანაც შეეძლო, მაგრამ კარგი გარღვევა ოდნავ არაზუსტი დარტყმით დაასრულა.

“ნიკოლაევმა” 120-წუთიან ბრძოლაში აჯობა “ზირკას”. მოგებულთაგან შეუცვლელად ითამაშა ქართველმა მცველმა გიორგი ჯგერენაიამ, რომელიც “გაგრაში” და შემდეგ “ილიჩივეცში” გამოდიოდა.

ჯაბა ლიპარტიას “ზორია” დამატებით დროში გავარდა პირველლიგელ “ავანგარდთან” (1:3). ძირითადი დრო 1:1 დასრულდა. ლიპარტია სასტარტოში არ გახლდათ, 46-ე წუთზე შევიდა მინდორზე. 

ლატვიაში დაუგავპილსის “დაუგავამ” გასვლაზე 2:2 ითამაშა “მეტალურგსთან”. შეხვედრის ბოლო გოლი სტუმართა ფორვარდმა მამუკა ღონღაძემ გაიტანა 63-ე წუთზე. “დაუგავადან” სამი ქართველი იყო მოედანზე: ღონღაძე ბოლო წუთზე შეცვალეს, ჩიხრაძე 88-ეზე, ხოლო ცინცაძემ ბოლომდე ითამაშა. “დაუგავა” მესამე ადგილზეა.

“ვენტსპილსმა” სტუმრად 2:0 სძლია “იურმალას”. გამარჯვებულთაგან თორნიკე თარხნიშვილმა მეორე ტაიმი სრულად ჩაატარა. “ვენტსპილსი” მეორე ადგილზეა: 3 ქულით ჩამორჩება თამაზ პერტიას გაწვრთნილ “სკონტოს” და ერთი თამაშით ნაკლები აქვს ჩატარებული.

რუსეთის პრემიერლიგაში ალეკო ამისულაშვილის “კრილიამ” შინ 1:4 წააგო “ზენიტთან”. ქართველმა მცველმა შეუცვლელად ითამაშა, მისი გუნდი კი მე-12 ადგილზეა.

ზოგიერთი მატჩი ახლა მიმდინარეობს და მოგვიანებით მოგაწვდით მათზე ინფორმაციას.


სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.1292