კარტინგის შექმნის ისტორია, კიდევ ერთხელ ადასტურებს იმ მოსაზრებას, რომ ყველაფერი გენიალური ადამიანს, სიზარმაცის, მოწყენილობის ან საომარი საჭიროების გამო აქვს შექმნილი. მიიჩნევა, რომ კარტინგის გამომგონებლები ამერიკელი მფრინავები არიან. მეორე მსოფლიო ომის დროს, როდესაც ფრენიდან ფრენამდე შუალედები ჰქონდათ, მათ არ იცოდნენ თავი რითი გაერთოთ და დროის გასაყვანად თავშესაქცევი მოიფიქრეს. პილოტებმა ტვირთის გადასაზიდ ურიკებს მოტოციკლის ძრავა დაუყენეს და ასაფრენ ბილიკებზე რბოლები მოაწყვეს. თუმცა, მაშინ მათთვის ეს მხოლოდ და მხოლოდ გართობა იყო და ვერც კი წარმოედგინათ, რომ ოდესმე ურიკები მანქანებად გარდაიქმნებოდა და ამ გამოგონების საფუძველზე, ბევრი მრბოლელი მოევლინებოდა მსოფლიოს.
იდეა, მანქანის დახვეწის შესახებ, კომპანია ”კურტის კრაფტ კომპანის” მექანიკოსს - არტ ინგელს გაუჩნდა. ეს კომპანია ინდიანაპოლისში სარბოლო ავტომობილებს უშვებდა. 1956 წელს, ინგელსმა პირველი კარტინგი ააწყო. ეს იყო უმარტივესი კონსტრუქციის მექანიზმი, ხელის მუხრუჭითა და 2 ცხენის ძალის მქონე ძრავით აღჭურვილი.
პირველი კარტინგის მანქანა ფართო საზოგადოებას ინგელსმა ერთ-ერთი ავტორბოლის დროს წარუდგინა. ამ დემონსტრაციის შედეგი კი, მანქანები ფართო მოთხოვნის საგნად იქცა. შემდეგ ყველაფერი ელვის სისწრაფით განვითარდა. საჭიროებამ მოითხოვა, კარტინგისათვის ტრასები შეექმნათ, პარამეტრების უნიფიკაცია მოეხდინათ და საყოველთაო წესები შემოეღოთ. ყოველივე ეს, 1957 წელს, კარტინგის ამერიკულ კლუბს დაევალა.
ევროპაში კარტინგების აღზევება კი 1958 წელს უკავშირდება, როდესაც ინგლისში 5 კარტინგი ჩაიტანეს. გაოცებულმა ევროპელებმა მალევე აუღეს ალღო ახალ გასართობს და უმალ გაჩნდა უამრავი ფირმა, რომლებიც კარტინგებს აწარმოებდნენ. ასევე, ამ დროს უკავშირდება პირველი კარტოდრომების გაკეთება ევროპის ტერიტორიაზე. 1960 წელს, მარტო ინგლისში, უკვე 120 საწარმო უშვებდა კარტინგებს. ეს პატარა მანქანები გახდნენ გართობისა და სპორტის ახალ სახეობად. მათი პოპულარობა კი წარმოების სიიაფესა და ყველასთვის ხელმისაწვდომობაში მდგომარეობდა.
გარდამტეხი როლი კარტინგების განვითარებაში ითამაშა 1962 წელს შექმნილმა კომისიამ, რომელიც საერთაშორისო საავტომობილო ფედერაციის წევრი გახდა. რის შემდეგაც, კარტინგი აღიარეს ავტოსპორტის სრულუფლებიან სახეობად.
1964 წელს, რომში ჩატარდა ისტორიაში პირველი ჩემპიონატი, რომელშიც გამარჯვება იტალიელმა გ. სალამ მოიპოვა.
კარტინგები ორ სახეობად იყოფა: ძვირიანი სპორტული კარტინგები პროფესიონალი მრბოლელისთვის და შედარებით იაფიანები, კარტინგ კლუბებისა და მოყვარულებისთვის. თუმცა, ძირითადად, ორივე სახეობა ერთმანეთის მსგავსია: ძარა, ძრავი, პილოტის სავარძელი, საჭის მართვა, მუხრუჭი და დაკიდების სისტემის არქონა. ეს ყველაფერი აერთიანებს ამ ორ სახეობას ერთმანეთთან. აქვე უნდა ითქვას, ერთი ფაქტი: გამომდინარე იქიდან, რომ კარტინგს არ აქვს დაკიდების სისტემა, მანქანა არის ძალიან ხისტი და მოითხოვს საფარის იდეალურ სისწორეს.
თუმცა, განსხვავება სამოყვარულო და პროფესიულ კარგინგებში, რა თქმა უნდა, მაინც არსებობს და ეს, უპირველესად, ძრავს ეხება. განსხვავებით სამოყვარულო ოთხტაქტიანი ძრავისგან, პროფესიული-სარბოლო კარტინგი აღჭურვილია ორდაქტიანი საკმაოდ მძლავრი ძრავებით, რომლებიც 40 ცხენის ძალამდე სიმძლავრეს გამოიმუშავებს, რაც უზომოდ ბევრია თუ გავითვალისწინებთ კარტინგის უმცირეს წონას. ასე, მაგალითად, ზუსტად წონის და ცხენის ძალების შეფარდებით ორტაქტიანი და ერთი შეხედვით სათამაშო კარტინგის მანქანა, აჩქარების დინამიკით, უთანაბრდება ნამდვილ სუპერმანქანებს, როგორებიც არის Ferrari და Lamborghini. ეს პროფესიული კარტინგები იმდენად მყარია მანევრირებაში, რომ მოსახვევებში მრბოლელის გადატვირთვა კოლოსალურად მაღალია.
უკანასკნელ წლებში, კარტინგის განვითარებას ტრასების კონსტრუირება, მძლავრი ძრავები და ზოგადად, ტექნიკური პროგრესი განაპირობებს. დღეს, კარტინგის ავტომობილი, ეს არის სარბოლო მანქანა, რომლის საჭესთანაც ფორმულა ერთის მომავალი პილოტები, როგორც წესი, კარიერას იწყებენ ხოლმე.
დაჩი თაქთაქიშვილი









