მიუხედავად იმისა, რომ კარლო ანჩელოტი “ჩელსიში” სულ რაღაც 8 თვეა მუშაობს, იგი თავის თავს უკვე აძლევს უფლებას იულიუს კეისართან შედარებისა და ნისლიან ალბიონზე თავის მოღვაწეობას სამი სიტყვით ახასიათებს – “მივედი, ვნახე, გავიმარჯვე”. ლოდონის “არსენალის” დამარცხების შემდეგ იტალიელი მზადაა თავისი იმპერიის მასშტაბები გაზარდოს და ევროპას შეუტიოს. “როდესაც ვფიქრობ იმაზე, თუ როგორ განვითარდა ჩემი სამწვრთნელო კარიერა ინგლისში, მახსენდება კეისრის ლეგენდარული ფრაზა. მოვედი ინგლისში, ვნახე იგი და სანამ წავალ, ვაპირებ გავიმარჯვო ინგლისის თასზე, პრემიერლიგასა და ჩემპიონთა ლიგაში” – აცხადებს ლონდონელთა მესაჭე.
- ვინ ან რა გეხმარებათ ახალ ქვეყანასთან შეჩვევაში?
- საქმე ისაა, რომ ინგლისში ჩამოსვლის შემდეგ იუმორის გრძნობა არ დამიკარგავს. აქ გამუდმებით წვიმს, ხალხი კი ჩემთან ხშირად მოდის ასეთი სიტყვებით – “როგორი შესანიშნავი ამინდია”.
- არ გიფიქრიათ, რომ ზოგიერთი ინგლისური კლუბი ჰგავს იტალიის წამყვან კლუბებს?
- ასეა. “მანჩესტერს” “ინტერს” შევადარებდი, “არსენალს” - “რომას, ხოლო “მანჩესტერ სიტის” - “ფიორენტინას”. “ჩელსის” ყველაზე მეტად “მილანს” ვამსგავსებ. კარგი იქნება, თუ ლონდონშიც ისეთივე წარმატებას მივაღწევ, როგორც მილანში.
- ასეთი წარმატებების მისაღწევად იანვარში გაძლიერება ხომ არ გმართებდათ?
- არა, შუა სეზონში ახალი შენაძენების გაკეთების კატეგორიული წინააღმდეგი ვიყავი და როგორც ხედავთ, მართალი გამოვდექი. ჩვენს გუნდს ახალი ფეხბურთელები არ სჭირდება, რადგან იგი სრულადაა დაკომპლექტებული. ჩვენთვის მთავარია ხარისხი და ამ მხრივ “ჩელსის” პრობლემები არ აქვს.
- როგორი იყო თქვენი პირველადი შთაბეჭდილებები ინგლისზე?
- ინგლისი გასაოცარი ქვეყანაა. სადაც არ უნდა წახვიდე, ყველგან თავაზიანად გექცევიან. მე ქალაქგარეთ, ოქსშოთში ვცხოვრობ, საწვრთნელ ბაზასთან ახლოს, მაგრამ ხშირად ვსტუმრობ ლონდონს და ვტკბები ამ ქალაქით. 8 თვის განმავლობაში შევისწავლზე აქაური მოძრაობის წესები და ახლა უკვე ქალაქში საკუთარი ავტომობილით მოძრაობა შემიძლია. ქალაქი საკმაოდ დიდია და ხშირად მერევა ხოლმე ლონდონის რაიონები. მომწონს ის ფაქტი, რომ აქ ყველა პატივს სცემს კანონს.
- მოახერხეთ ახალ ქვეყანასთან სრულად ადაპტირება?
- ცხოვრების ინგლისურ რიტმთან შეგუება არ გამჭირვებია. როდესაც ფეხბურთელებზე ვბრაზდები, იტალიურად გინებაც კი აღარ გამომდის. ასეთ დროს უბრალოდ ვამბობ: “F*** off”
- თქვენი აზრით, რამდენად ობიექტურია ბრიტანული პრესა?
- აქაური პრესის ყველაფერი მომწონს. ადრე გაგონილი მქონდა, რომ ინგლისელი პაპარაცები ყველაფერზე წავლენ ახალი სენსაციის აღმოსაჩენად, მაგრამ აქ ჩამოსვლის შემდეგ წარმოდგენა შემეცვალა. ერთადერთი, რასაც ალბათ ვერასდროს შევეჩვევი, ფეხბურთელთა პირადი ცხოვრების აქტიურად განხილვაა. პირადად მე ვთვლი, რომ სანამ ფეხბურთელის პირადი პრობლემები მის თამაშზე არ აისახება, საქმეში მწვრთნელი არ უნდა ჩაერიოს. მაგალითად, ჯონ ტერის ჩემი იმედები არასდროს გაუცრუებია: იგი შესანიშნავი კაპიტანია, ნამდვილი პროფესიონალი, დაბადებულია ლიდერად და მთელს ძალისხმევას კლუბს ახმარს. იგი “ჩელსის” ერთ-ერთი საკვანძო ფეხბურთელია, მაგრამ ვაღიარებ, რომ შეუცვლელი არავინაა.
- რას ფიქრობთ არსენ ვენგერის და მიხაელ ბალაკის დაპირისპირებაზე?
- ბალაკმა უბრალოდ თქვა ის, რასაც ფიქრობს. ჩემის აზრით, მისი გამონათქვამი შესაფერისი იყო, რადგან “არსენალთან” მატჩისთვის კარგად მოვემზადეთ და მოედანზე ვაკეთებდით იმას, რაც გვსურდა. ვენგერმა დაგვადანაშაულა იმაში, რომ ხშირად ვჯარიმდებოდით, მაგრამ ამას “არსენალის” ფეხბურთელებზე ხშირად არ ვაკეთებდით. ძირითადად ბურთს ჩვენ ვფლობდით და ძალზე დამაჯერებლად გამოვიყურებოდით.
- ნერვიულობთ იმის გამო, რომ ზურგსუკან “მანჩესტერის” სუნთქვას გრძნობთ? ბოლო ტურის მატჩების შემდეგ თქვენს შორის სხვაობა მინიმუმამდე შემცირდა...
- მოხარული ვარ, რომ ჩემპიონობისთვის სწორედ “მანჩესტერთან” ვიბრძვი. “იუნაიტედი” დიდი კლუბია და სამართიანად იკავებს ცხრილის ზედა ნაწილში ადგილს. ჩემპიონატის ბოლოს ყველას ელის ნამდვილი შოუ ჩვენი და “მანჩესტერის” შესრულებით. მთელი სეზონის განმავლობაში “ჩელსი” შესანიშნავ თამაშს აჩვენებს, მაგრამ უფრო უკეთ ასპარეზობა გვმართებს. ნებისმიერი მატჩი შეიძლება იქცეს გადამწყვეტად.
მოამზადა მიშა ზაქარეიშვილმა







