კალათბურთი

11:24 | 19.04.2013 | ნანახია [] - ჯერ

კარიერა ფრაზებში: მაიკლ ჯორდანი

 

ის ათჯერ გახდა ლიგის ბომბარდირი. ეს რეკორდია.

კარიერაში საშუალოდ 30 ქულას აგროვებდა თამაშში. ესეც საუკეთესო მაჩვენებელია.

561 მატჩში მიითვალა 30 და მეტი ქულა. ამ მხრივაც პირველია.

ზედიზედ 866 შეხვედრაში ჩააგდო 10 და მეტი ქულა. აქაც ერთადერთია.

უხუცესია, ვინც ლიგის ბომბარდირი გახდა: 1997-98 წლების სეზონში 35 წლის იყო.

40 წლისამ „ნიუ ჯერსი ნეტსს“ 40 ქულა ჩაუგდო. ამ ასაკში მხოლოდ მან შეძლო ეს.

მას კიდევ ათობით რეკორდი ეკუთვნის, მაგრამ მოდი, არნახულ მიღწევებს თავი დავანებოთ.

ის თავად კალათბურთია. ის მაიკლ ჯორდანია.

* * *

...ერთხელ მამამ მითხრა, რომ მსოფლიოში ყველაზე ზარმაცი ბავშვი ვიყავი. ის ცამდე მართალი იყო. მამა ცდილობდა ჩემს შეცვლას, მაგრამ არაფერი გამოუვიდა. 16 წლისა იმ სასტუმროში მიმიყვანა, სადაც თავად მუშაობდა - აუზი უნდა გამესუფთავებინა, ფანჯრები გამეწმინდა... ზუსტად ერთი კვირა გავძელი და წამოვედი.

 ...კერპი? დედა და მამა. ისინი ჩემთვის ყოველთვის მისაბაძნი იყვნენ. სხვა კერპი არ მყოლია.

 ...ბავშვობაში დილიდან საღამომდე ქუჩაში ვიყავი - კალათბურთის გარდა არაფერი მაინტერესებდა. ბევრჯერ ძმებისთვის მიმიცია მშობლების დატოვებული ფული, რათა მათ სახლში ჩემს მაგივრად გაეკეთებინათ ყველა საქმე.

...რასიზმს პირველად სკოლაში შევეჩეხე. ერთი გოგო მომწონდა და როცა გავეცანი, პირდაპირ მომახალა: შავი ხარ და არ მაინტერესებო. ის დღე ახლაც, ამდენი წლის შემდეგაც ძალიან ცუდად მაგონდება.

...სკოლაში ძალიან მოუსვენარი ვიყავი და მიუხედავად იმისა, რომ თითქმის ყველა საგანში სასურველ ნიშანს ვერ ვიღებდი, იმას მაინც ვახერხებდი, რომ მშობლები ჩემს გამო სკოლაში არ მისულიყვნენ. ცელქობის მიუხედავად, უზრდელი არასდროს ვყოფილვარ. ალბათ, მასწავლებლები ამის გამოც მინდობდნენ.

...როცა მამაჩემი მოკლეს, ძალიან განვიცადე - საშინელ ხასიათზე ვიყავი, არავისთან მსურდა ურთიერთობა, ყველაფერი მაღიზიანებდა... ვერ ვხვდებოდი, რატომ გაიმეტეს მამა? ვის რაში სჭირდებოდა მისი სიკვდილი? დღეს მიმაჩნია, რომ მაინც ბედნიერი ვარ - მამაჩემი 30 წლის განმავლობაში ჩემს გვერდით იყო, არადა, ბევრი ჩემი მეგობარი უმამოდ გაიზარდა.

...ბავშვობაში NBA ტელევიზორში არასდროს მინახავს. მხოლოდ ორი არხი გვქონდა, იქ კი კალათბურთს არასდროს აჩვენებდნენ. ხანდახან სტუდენტური ლიგის თამაშებს გადმოსცემდნენ და იქიდან ვიცნობდი საუკეთესო მოთამაშეებს დევიდ ტომპსონს და უოლტერ დევისს.

...როცა ჩრდილოეთ კაროლინაში მივდიოდი, ნათესავებსაც და მეგობრებსაც ეგონათ, რომ უნივერსიტეტში 4 წელი ვისწავლიდი და კვლავ უილმინგტონში დავბრუნდებოდი, სადაც ბენზინგასამართ სადგურზე ნორმალური და მშვიდი სამუშაო მელოდა.

...ლოს ანჯელესის კალიფორნიის უნივერსიტეტის გუნდში მოხვედრაზე ვოცნებობდი! ქარიმ აბდულ-ჯაბარი, ბილ უოლტონი, ჯონ ვუდენი - მათი შემხედვარე, მხოლოდ იქ ასპარეზობა მსურდა, მაგრამ გუნდის ხელმძღვანელებმა რატომღაც ჩათვალეს, რომ სახლთან ახლოს თამაში „მსურდა“ და ჩემი კანდიდატურა არც განიხილეს.

...ჩემი პირველი ავტომობილი 1976 წლის „ფორდ გრან-პრი“ იყო, რომელსაც ეწერა „მეჯიკ ჯორდანი“. არ ვხუმრობ, მართლა ასე იყო. მერე ეს მეტსახელი ირვინს ერგო. ის მართლა საოცარი კალათბურთელი იყო!

...უნივერსიტეტში ფსევდონიმს ხშირად ვიყენებდი. ყველაზე ხშირად ლი უაით სმიტით ვსარგებლობდი. ბილ ჯონსიც ვყოფილვარ, თუმცა მხოლოდ სკოლაში. ისე, წლების შემდეგ რამდენიმე ცნობარში ჩვენი სკოლის მონაცემებს ჩავხედე და ჯორდანი რომ ვერ ვიპოვე, ჩავთვალე, რომ გამომცემლები შეცდნენ, თუმცა მერე ბილ ჯონსი გამახსენდა, კიდევ ერთხელ გადავავლე თვალი მონაცემებს და ვიპოვე. წამში დავწყნარდი.

...ავტოგრაფი არასდროს მითხოვია. ჩემთვის ის არ იყო მნიშვნელოვანი. ვერ ვხვდები, რატომაა ძვირფასი ფურცელზე ხელმოწერა. ისე, უამრავი ავტოგრაფი მიმიცია, ალბათ ასიათასამდე.

...წარმატებას რომ მიაღწიო, აუცილებლად ეგოისტი უნდა იყო და გარშემო მყოფთა აზრს დიდი ყურადღება არ უნდა მიაქციო. თუმცა, არც მხოლოდ საკუთარი თავის იმედად ყოფნაა კარგი. რაც უფრო ცნობილი ხდები, მით მეტი ადამიანი ჩნდება შენს გვერდით, მაგრამ ყოველთვის უნდა გყავდეს ის 4-5 კაცი, რომელსაც ენდობი და რომლებიც ყოველთვის სიმართლეს გეტყვიან.

...ხშირად მიფიქრია, რომ ჩემს ბოტასებს პაწაწინა ფრთები აქვს, რომელიც ახტომაში მეხმარება. ამის შესახებ არავისთვის მითქვამს.

...ცრურწმენა? როგორ გითხრათ, მნიშვნელოვან მატჩებში ბოტასებს ყოველთვის იმ ზონარებით ვიკრავდი, რომელსაც ჯერ კიდევ ჩრდილოეთ კაროლინაში ვიყენებდი. და კიდევ, პარკეტზე გასულს, აუცილებლად უნდა მცოდნოდა, სად იყვნენ ჩემი ოჯახის წევრები.

...რასისტი არასდროს ვყოფილვარ, მაგრამ იყო პერიოდი, როცა თეთრკანიანი თანაგუნდელები არ მიყვარდა: ძალიან ზარმაცები იყვნენ, ნახტომი არ უვარგოდათ, მუდმივად პასს ითხოვდნენ და საერთოდ, თავი მაგარი ტიპები ეგონათ.

...NBA-ში არაერთი ძლიერი ევროპელი მინახავს, მაგრამ არასდროს მინანია, რომ ევროპაში არ მითამაშია. როცა კუკოჩს ვუყურებდი, ვხვდებოდი, რომ არაფერი დამიკარგავს.

...ვეტერანებიდან ძალიან დიდხანს მხოლოდ ჯერი უესტის წინააღმდეგ თამაში მსურდა, მაგრამ ერთხელ ჯერი კრაუზემ მითხრა, ჯერი სლოუნის დროს რომ გეთამაშა, უშანსოდ იქნებოდიო. მას შემდეგ უესტის გარდა სლოუნის წინააღმდეგ თამაშზეც ხშირად მიფიქრია.

...არასდროს გავუკეთებ რეკლამას იმას, რაც არ მომწონს. თუ „მაკდონალდსთან“ მაქვს კონტრაქტი, ხშირად ვსტუმრობ, თუ „გეტორეიდის“ პლაკატებზე ვარ გამოსახული, მხოლოდ მას ვსვამ. სხვანაირად არ შემიძლია.

...არასდროს მიფიქრია, რომ ბევრი ფული მაქვს. ჩემთვის მთავარია, ოჯახს ეყოს. ბიზნესსაც, როგორც საქმეს, ვერ ვუყურებ. ალბათ, ამიტომაც ვერ გამოვდექი კარგი მმართველი.

...დღეს თამაშის არაერთი წესი შეიცვალა, კალათბურთი ნაკლებად კონტაქტური გახდა. ახლა რომ მეთამაშა, ალბათ, ყოველ შეხვედრაში 100 ქულას ჩავაგდებდი.

...მიმაჩნია, რომ დიდება ევოლუციური პროცესია, რომელიც ათწლეულებზეა გაშლილი. ჯულიუს ირვინგის, დევიდ ტომპსონის, უოლტერ დევისის და ელჯინ ბეილორის გარეშე მე ვერ ვიქნებოდი. მე მათი მემკვიდრე ვარ.

...შემიძლია ყველას ავუხსნა, როგორ ითამაშოს კალათბურთი. ეგაა მხოლოდ, რომ რასაც ავუხსნი, იმას ვერავინ გააკეთებს.

...თუ მიზნისკენ სავალ გზაზე წინააღმდეგობა შეგხვდა, არ გამობრუნდე. ეცადე, რამენაირად გადალახო ის: შემოუარე ან თავი აარიდე, მაგრამ არავითარ შემთხვევაში უკან არ მობრუნდე!

...კარიერის მანძილზე თითქმის ცხრაათასჯერ არაზუსტად ვტყორცნე ბურთი, სამასამდე მატჩი წავაგე, ოცდაექვსჯერ ავაცილე გადამწყვეტი სროლა. და სწორედ ამიტომ მივაღწიე ამდენს.

...წაგებას, ჩავარდნას, მარცხს გადავიტან, მაგრამ არასდროს შევეგუები გამარჯვებაზე უარის თქმას!

...არასდროს მიფიქრია, თუ რა მოჰყვებოდა ვერჩაგდებულ გადამწყვეტ ბურთს. უბრალოდ, საჭიროდ მიმაჩნდა და ვისროდი. იცით, თუ იფიქრებ, რა მოჰყვება პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღებას, ვერასდროს იქნები გაბედული.

...ვიღაცას სურს, რომ რაღაც მოხდეს. ბევრი ოცნებობს, რომ რაღაც მოხდეს. სხვა ცდილობს, რომ რაღაც მოხდეს. მე ამ უკანასკნელთ მივეკუთვნები.

...იცით, ტალანტის წყალობით შეიძლება მოიგო მატჩი, მაგრამ ჩემპიონის ტიტულს მხოლოდ გუნდური თამაშით მოიგებ.

...ამბობენ, რომ ყველა დროის საუკეთესო კალათბურთელი ვარ, იდეალური. ასე არ ვფიქრობ იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ იდეალური არაფერია. მათ შორის არც კალათბურთელი.

...დრო გავა, მოვხუცდები და ალბათ, ვერც სიარულს შევძლებ. ბურთის ხელში დაჭერასა და სროლაზე ხომ არაფერს ვამბობ, მაგრამ ერთში ბოლომდე დარწმუნებული ვარ - კალათბურთი ცხოვრების უკანასკნელ წამამდე მეყვარება!

* * *

მაიკლ ჯორდანი

დაიბადა 1963 წლის 17 თებერვალს ბრუკლინში (ნიუ იორკი)

1981-1984 წლებში – ჩრდილოეთ კაროლინის უნივერსიტეტის გუნდის წევრი

1984-1993, 1995-1998 „ჩიკაგო ბულზი“; 2001-2003 „ვაშინგტონ ვიზარდსი“

ტიტულები: NBA-ს ჩემპიონი - 1991, 1992, 1993, 1996, 1997, 1998; NBA-ს ფინალების ყველაზე სასარგებლო მოთამაშე - 1991, 1992, 1993, 1996, 1997, 1998; NBA-ს ყველაზე სასარგებლო მოთამაშე - 1988, 1991, 1992, 1996, 1998; NBA-ს ყველა ვარსკვლავის მატჩის მონაწილე - 1985-1993, 1996-1998, 2002, 2003; NBA-ს ყველა ვარსკვლავის მატჩის ყველაზე სასარგებლო მოთამაშე - 1988, 1996, 1998; NBA-ს საუკეთესო ახალბედა - 1985; NBA-ს საუკეთესო მცველი - 1988; NBA-ს საუკეთესო ბომბარდირი - 1987-1993, 1996-1998; ოლიმპიური ჩემპიონი - 1984 (ლოს ანჯელესი), 1992 (ბარსელონა); პანამერიკული თამაშების გამარჯვებული - 1983 (კარაკასი); წლის სპორტსმენი (ჟურნალიSports Illustrated) – 1991

NBA-ს რეგულარულ სეზონი: 32292 ქულა (ყველა დროის მესამე შედეგი)

NBA-ს პლეი ოფი: 5987 (ყველა დროის საუკეთესო შედეგი)

1996 წელს NBA-ს ყველა დროის 50 საუკეთესო მოთამაშეს შორის დაასახელეს.

1998 წელს ჟურნალმა SLAM Magazine  ჯორდანს NBA-ს ყველა დროის საუკეთესო 50 კალათბურთელს შორის პირველი ნომერი მიაკუთვნა.

2000 წელს ტელეკომპანია ESPN-მა XX საუკუნის საუკეთესო ჩრდილოამერიკელ სპორტსმენად აღიარა.

2009 წელს კალათბურთის დიდების დარბაზში შეიყვანეს

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.118803