სხვა

16:18 | 9.12.2012 | ნანახია [] - ჯერ

კალინინგრადშიც მთავარი მწვრთნელის გარეშე

“საქართველოს ნაკრების მწვრთნელები ძველებურად გააგრძელებენ მუშაობას. მათთან კონტრაქტის გაწყვეტას არ ვაპირებთ”, – განაცხადა კრივის ფედერაციის ახალმა პრეზიდენტმა დავით კვაჭაძემ გუშინ, საპრეზიდენტო არჩევნების დასრულებისთანავე გაკეთებულ კომენტარში. ამრიგად, ნაკრების მთავარი მწვრთნელი რამაზ ფალიანი, რომელიც ფედერაციის ყოფილმა ხელმძღვანელობამ ოლიმპიურ თამაშებზე წამსვლელთა სიის მიღმა დატოვა, კვლავ თავის მოვალეობას ასრულებს, მაგრამ როგორც ჩანს, შიდასაკრივო გაურკვევლობები ჯერაც არ დასრულებულა - დღეს გამთენიას საქართველოს ნაკრები რუსეთში კვლავ მთავარი მწვრთნელის გარეშე გაფრინდა.
10-19 დეკემბერს ქალაქი კალინინგრადი ტრადიციულ საერთაშორისო ტურნირს უმასპინძლებს, 19-22 წლის მოკრივეებს შორის. “ოლიმპიური იმედი” – ასე ჰქვია შეჯიბრებას, რომელშიც ჩვენი ნაკრების 9 წევრი ჩაერთვება. რინგზე მიხეილ კასანჯიანი (49 კგ), სევერიან ჭილაძე (52 კგ), ბენედიქტ ერენოსიანი (56 კგ), ალეკო ჭაკაშვილი (60 კგ), ირაკლი მელიქიშვილი (64 კგ), ზაალ კვაჭატაძე (69 კგ), რომან თავაძე (75 კგ), იაგო კიზირია (81 კგ) და თორნიკე პურიჭამიაშვილი (+91 კგ) ავლენ.
ქართველ სპორტსმენებს რუსეთში სამი მწვრთნელი გაჰყვა: კუკური შავგულიძე, ვლადიმერ ჭანტურია და ანატოლი ქავთარაძე. კალინინგრადის ტურნირს ქართველი მსაჯი ზურაბ ტიბუაც მოემსახურება.
 

 

ოთარ მაღლაკელიძე

 

 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.088732