ყაზახეთის ქალაქ ალმატიში დასრულებული 25-ათასიანი ტურნირის გამარჯვებული ქართველი ოქსანა კალაშნიკოვასა და რუსი ევგენია პაშკოვას მე-2 ნომრად განთესილი წყვილი გახდა, რომელმაც ჩემპიონობისთვის ოთხი გამარჯვების მოპოვება ეყო.
ქართულ-რუსულმა წყვილმა ასპარეზობა უკრაინელი კაპშაისა და რუსი ტრესკუნოვას ტანდემის ძლევით (6:2, 6:3) დაიწყო, შემდეგ გერმანელი გრაიდეკისა და პოლონელი იეგიოლკას წინააღმდეგობაც დასძლია (6:4, 6:2), ნახევარფინალში კი სლოვაკურ-უკრაინულ მე-3 რეიტინგის მქონე წყვილსაც (ჰონჩოვა-ვასილიევა) აჯობა – 7:6 (13:11), 6:2.
გადამწყვეტ მატჩში ოქსანამა და ევგენიამ ასევე დამაჯერებელი გამარჯვება იზეიმეს. მათ მე-4 განთესვის მქონე უზბეკი ხაბიბულინა და ბელორუსი კრემენი 6:1, 7:5 დაამარცხეს და ტურნირი სეტისწაუგებლად დაასრულეს. ალმატის ტურნირის მოგებულთათვის 50 სარეიტინგო ქულა გახლდათ დაწესებული.
აღსანიშნავია, რომ ერთეულთა ტურნირის ჩემპიონი უკრაინელი ანასტასია ვასილიევა გახდა, რომელმაც პირველ რაუნდში კალაშნიკოვა 6:0, 6:3 დაამარცხა.
დათო მანჯავიძე







