ინდოეთის ქალაქ პუნეში გრძელდება საერთაშორისო ტურნირი (საპრიზო ფონდი 125 ათასი დოლარი), რომელშიც ქართველი ჩოგბურთელები სოფო შაფათავა და ოქსანა კალაშნიკოვა ასპარეზობენ. უფრო სწორად, თამაშს კალაშნიკოვაღა აგრძელებს, შაფათავა კი როგორც ერთეულთა, ასევე წყვილთა გათამაშებას გამოეთიშა.
ერთეულთა შეჯიბრის შესახებ ადრეც მოგახსენეთ, წყვილებში კი მე-2 განთესვის მქონე კალაშნიკოვამ და რუსმა ნინა ბრატჩიკოვამ ტურნირი ინდოელების (ბოსალე-ტომბარე) იოლი ძლევით გახსნეს – 6:3, 6:3. მეოთხედფინალში ქართულ-რუსული წყვილი უკრაინულ დუეტს (სავჩუკი-სვიტოლინა) გაეჯიბრა და 7:5, 6:2 იმარჯვა.
“როიალ ინდიან ოუფენის” ნახევარფინალში გასვლით კალაშნიკოვამ და ბრატჩიკოვამ 85 სარეიტინგო ქულა გამოიმუშავეს და უკვე ისიც ცნობილია, რომ მომდევნო ეტაპზე ჩინელებს – ქსუს და ჟოუს ეთამაშებიან. ამ უკანასკნელთ მეოთხედფინალში მე-3 რეიტინგის მქონე ავსტრალიელები – ადამჩაკი და ბენგსონი 6:3, 6:2 დაამარცხეს.
თუკი ოქსანამ და ნინამ აზიელებსაც აჯობეს, აქტივს 117 ქულას შემატებენ, ხოლო ტურნირის გამარჯვებულები 160 ქულით დაჯილდოვდებიან. აქვე ვთქვათ, რომ ქალთა საჩოგბურთო ასოციაციის (WTA) წყვილთა რეიტინგში კალაშნიკოვას 692 ქულით 110-ე ადგილი უკავია, ინდური ტურნირის შედეგების გათვალისწინებით კი, სავარაუდოდ მოწინავე ასეულში შეაღწევს.
რაც შეეხება შაფათავას, იგი ინდოელ ანუშკა ბარგავასთან გახლდათ შეამხანაგებული და პირველივე წრეში წარუმატებლობა შეემთხვა. ეს წყვილი იაპონურ ტანდემთან (დატე-კრუმი/ნარა) 2:6, 1:6 დამარცხდა.







