ინტერვიუები

19:22 | 17.12.2012 | ნანახია [] - ჯერ

კალაძე: მაისში – ფეხბურთელი, ოქტომბერში – ვიცეპრემიერი

საქართველოს ნაკრების ყოფილმა კაპიტანმა, ამჟამად ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ რუსულ გაზეთ “სოვეტსკი სპორტს” ვრცელი ინტერვიუ მისცა. კახა გულახდილად საუბრობს მრავალ საკითხზე და ვფიქრობთ, მისი ნაუბარი ქართველი მკითხველისთვისაც საინტერესო იქნება.
- უკვე აღარ ვიცი როგორ მოგმართოთ – კახა თუ კახაბერ კარლოს ძე?
- სახელით სჯობს, თუმცა შეგუებაც მიწევს, ადამიანები სულ უფრო ხშირად მომმართავენ მამის სახელით. საპარლამენტო არჩევნების შემდეგ პოლიტიკოსად ვიქეცი, ჯერ მთლად ვერ მივეჩვიე, მაგრამ ვცდილობ.
- ქართული ოცნება ასრულდა?
- ასე ჰქვია ბიძინა ივანიშვილის ბლოკს, რომლის სიაშიც პირველი ნომერი ვიყავი. ხალხს არჩევნებში გამარჯვებას შევპირდით და შევასრულეთ. ახლა ვალდებულებების შესრულების დრო დადგა.
- კახა, ძალიან რადიკალურად ხომ არ შეიცვალეთ საქმიანობის პროფილი?
- დიახ, წლეულს მაისში ჯერ კიდევ იტალიური “ჯენოას” ფეხბურთელი ვიყავი, ოქტომბერში კი, მთავრობის ვიცეპრემიერი და საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი გავხდი. პრობლემა მაქვს, მაგრამ მომწონს, რასაც ვაკეთებ.
- სამთავრობო სტრუქტურებში მუშაობის არც განსწავლულობა და არც გამოცდილება გაქვთ.…მაპატიეთ, მაგრამ გესმით რამე ამ სფეროში?
- თანდათან ვსწავლობ. გითხრათ, ღამით ძლივს რატომ მიპოვნეთ? დღისით პანკისის ხეობაში, ელექტროსადგურში ვიყავი. ისე, როგორც ბიზნესმენს, ენერგეტიკა დიდი ხანია მაინტერესებს. მართალია, პოლიტიკოსობას არ ვაპირებდი, მაგრამ ცხოვრებამ მოიტანა. საქართველოში ხალხი სულ უფრო და უფრო ცუდად ცხოვრობდა და ამის წყნარად ცქერა აღარ შემეძლო. შარშან 7 ოქტომბერს ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკური პარტიის შექმნის შესახებ გამოაცხადა და გადავწყვიტე შევერთებოდი. ღია წერილიც კი დავწერე. მალევე დამირეკეს და შეხვედრა მთხოვეს.
- ბიძინას ადრე იცნობდით?
- არა. შემდეგ შევხვდით და დავახლოვდით. მისი შუათანა ვაჟი ჩემი პატარა კახას ნათლიაც კი გახდა. ბერა ივანიშვილი კარგი, ნიჭიერი ბიჭია. მუსიკოსი. საქართველოში ძალიან პოპულარული რეპერი-მომღერალია. თუმცა ახლა მამამისზე ვსაუბრობთ. სულ მესმოდა, თუ რამდენს აკეთებდა ეს კაცი საქართველოსთვის. ყველამ იცოდა მის შესახებ, მაგრამ არავინ იცნობდა. საჯაროობა არ უყვარს, არც ინტერვიუებს იძლეოდა და არც ხალხში ჩნდებოდა.
- მილიარდერი-გამოცანა?
- ბატონ ივანიშვილს სხვა პრიორიტეტები აქვს. სათქმელად ისიც იკმარებს, რომ ქველმოქმედებისთვის დაახლოებით 2,5 მილიარდი ლარი დახარჯა.
- მყარ ვალუტაში ეს რამდენია?
- დაახლოებით 1,5 მილიარდი დოლარი. ბიძინა ნამდვილი მეცენატია. არასდროს ახმაურებდა თავის კეთილ საქმეებს. არ სჭირდებოდა ქულების დაწერა. პირიქით, ყველას სთხოვდა, რომ მისი საქმიანობა საიდუმლოდ დარჩენილიყო. ამიტომ განვაცხადე მისი მხარდაჭერის შესახებ. ხალხი მთავრობას აღარ ენდობოდა. საჭირო იყო ახალი სახეები, რომლებიც ადამიანების ცხოვრებას უკეთესობისკენ შეცვლიდნენ.
- მაგრამ პირადად თქვენ, კახა, მგონი, ბედს არ უჩიოდით...
- დიახ, 12 წელიწადი ვიცხოვრე იტალიაში, საკმაო ხანს ვითამაშე მსოფლიოს ერთ-ერთ უძლიერეს კლუბში, შემოსავალიც სოლიდური მქონდა. თითქოს მეტი რა უნდა გინდოდეს კაცს? “ჯენოასთან” კონტრაქტი 2013 წლის ზაფხულში იწურებოდა, ანუ ახლაც შემეძლო მეთამაშა, მაგრამ გადავწყვიტე, კარიერა დამემთავრებინა.
- ალბათ ფულიც ბლომად დაკარგეთ?
- დიახ. საკმაო თანხა დაიკარგა.
- რამდენი?
- გენუაში ჩემი წლიური შემოსავალი 2 მილიონი ევრო იყო…
- მაგრამ საქართველოში უფრო მეტი ფული დაგეკარგათ...
- თავიდან პრობლემები არ იყო, მაგრამ შემდეგ სახელმწიფოსთან გაუგებრობა დაიწყო. რამდენიმე წლის წინათ კომპანია “კალა კაპიტალი” დავაფუძნე, რომელსაც რამდენიმე ბიზნეს-პროექტი უნდა განეხორციელებინა, მათ შორის, ავლაბრის უბანში მინი-ქალაქის, “არსენალ სიტის” მშენებლობა. იქ იგეგმებოდა სამთავრობო და საცხოვრებელი შენობების, რესტორნების, სასტუმროების, გასართობი ცენტრისა და კინოთეატრების აშენება. 38 მილიონ დოლარად 80 ჰექტარი მიწა ვიყიდეთ. თითქმის ნახევარი თანხა მაშინვე გადავრიცხეთ, მთავარი გადასახადი კი 2008 წლის სექტემბერში უწევდა. აგვისტოში სამხრეთ ოსეთში ომი დაიწყო, რეგიონში მდგომარეობა საგრძნობლად გაუარესდა, ბევრმა ინვესტორმა გადაწყვიტა, აღარ გაერისკა და პროექტიდან გავიდა. ჩვენ გადასახადის 2-3 წლით გადავადება ვითხოვეთ, რათა სახსრები მოგვეძიებინა. მთავრობამ უარი გვითხრა.
- თავიდან პრეზიდენტ სააკაშვილთან კარგი ურთიერთობა გქონდათ. მან პირადად დალოცა თქვენი პროექტის დაწყება...…
- როცა 2003 წელს მიშა ქვეყნის სათავეში მოვიდა, მას ბევრი მხარდამჭერი ჰყავდა. სჯეროდათ, რომ უკეთესობისკენ უნდოდა ქვეყნის შეცვლა. მე მასთანაც კარგი ურთიერთობა მქონდა და ყოფილ პრემიერ-მინისტრ ზურაბ ნოღაიდელთანაც. მაგრამ ნელ-ნელა ხალხმა ზურგი შეაქცია მიშას. დაინახეს, რომ მისი სიტყვები მისსავე საქმეებს არ ემთხვეოდა. საზღვარგარეთ ხშირად მეკითხებოდნენ საქართველოს შესახებ და ყოველთვის პატიოსნად ვპსასუხობდი. დადებით ცვლილებებზე ვლაპარაკობდი, თუმცა არც კრიტიკას ვერიდებოდი. თბილისში ეს ბევრს არ მოსწონდა. უნდოდათ, შავზე თეთრი მეთქვა, მაგრამ ასე არ შემიძლია. სხვაგვარად გამზარდეს. შედეგად დაიწყო პრობლემები. მერე აღმოჩნდა, რომ ჩვენს მიერ ნაყიდი მიწის 15 ჰექტარი ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის საკუთრება ყოფილა და მისი გასაყიდად გატანა არაფრით შეიძლებოდა. გადავწყვიტეთ, ლონდონის სასამართლოში გვეჩივლა, რის შემდეგაც ოფიციალურმა სტრუქტურებმა მოლაპარაკება შემოგვთავაზეს. მათთვის საერთაშორისო გარჩევა ხელსაყრელი არ იყო, რადგან ჩვენ ზუსტად ვიცავდით კანონს.
- ანუ პოლიტიკაში თქვენი მოსვლა საკუთარ ბიზნესში საქმეების გამოსწორებას არ ემსახურება?
- არა. ბანკი “პროგრესი”, რომელიც 2007 წელს გავხსენით, დღესაც ჩვეულებრივ მუშაობს.
- მის წართმევასაც ხომ გიპირებდნენ?
- ეს ამბავი წლეულს აგვისტოში დაიწყო, როცა წინასაარჩევნო კამპანიაში აქტიურად ჩავერთე. მთავრობა ყველა მეთოდით ებრძოდა ოპოზიციას. ჩემი საბანკო ანგარიშები გაყინეს, სახლები და მანქანები დამიპატიმრეს,…თითქოს ვალების დასაფარად, სინამდვილეში კი უხერხულობებს ქმნიდნენ, სიცოცხლის მოწამვლა უნდოდათ. რას აღარ აკეთებდნენ, ჭორები გაავრცელეს, თითქოს ქართველ ქურდებთან, იტალიურ მაფიასთან და ვიღაც ნარკომოვაჭრეებთან მქონდა კავშირი. თოთქოს სერია ა-ს მატჩების გაყიდვაშიც ვმონაწილეობდი.
- “მილანის” შემადგენლობაში?
- არა. “ჯენოაში.”
- დიახ, ეჭვმიტანილი იყო “ზენიტში” გადასული კრიშიტოც, რომელმაც ამის გამო ევროპის ჩემპიონატი გამოტოვა.
- დომენიკოსთან ერთად მითამაშია და დარწმუნებული ვიყავი, რომ ვერაფერს დაუმტკიცებდნენ. სისულელეა, ჩვეულებრივი იტალიური ისტორიაა. იცით, როგორ ხდება? ხმაური არაფრისგან იქმნება. ვიღაცას რაღაც მოეჩვენა, ჟურნალისტებმა დაწერეს და აგორდა... თბილისში ჩემმა ოპონენტებმა სიტუაციის გამოყენება და სკანდალში ჩემი გახვევა სცადეს. არაფერი გამოუვიდათ, თუმცა ნერვები კი დამაგლიჯეს. სიბინძურეების წერა ჯერ გაზეთებში დაიწყეს, მერე ამას ტელევიზიებიც აჰყვნენ. გაქანებული შავი პროპაგანდა გაჩაღდა. ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ კი უფრო დაუნდობლად იქცეოდნენ, საქართველოს მოქალაქეობა ჩამოართვეს, 80 მილიონ ლარამდე (თითქმის 45 მილიონი დოლარი) ჯარიმები დაუთვალეს. თუმცა, კამათი არ დაუწყია. გადაიხადა. აგვისტოს ბოლოს საქართველოში ევროპარლამენტის დეპუტატები ჩამოვიდნენ, შეხედეს ვითარებას და თქვეს, ეს ყველაფერი სტალინიზმის ეპოქას გვაგონებსო. ხელისუფლებამ უმალ უკან დაიხია და წნეხი შეარბილა.
- კახა, არ ნანობთ, ასეთ ისტორიაში რომ აღმოჩნდით?
- ვიცოდი, რას და რატომ ვაკეთებდი. შესაძლოა, ჩემი სიტყვები ძალიან ხმამაღალი და პათოსური გეჩვენოთ, მაგრამ ამ მიწაზე დავიბადე. ის ძალიან მიყვარს. დიახ, იტალიაში კარგად ვცხოვრობდი. მილანში სახლი მაქვს. მაგრამ ორმაგი მოქალაქეობის გაფორმება და იქ დარჩენა არც მიფიქრია. ყოველ წელს, სეზონის დამთავრების შემდეგ თბილისში ჩამოვდიოდი. გაგეცინებათ, მაგრამ ზაფხულში დასასვენებლად მონაკოსა და სარდინიაზე კი არ მივდიოდი, არამედ ბათუმში. იქ მომწონს. მენატრებოდნენ ბიჭები, ვისთან ერთადაც გავიზარდე. ძნელი ასახსნელია, მაგრამ ქართველისთვის საკუთარი სახლი ძალიან ბევრს ნიშნავს, ამას ვერაფერი შეუცვლის.
- კიევის “დინამოსა” და “მილანში” თქვენი პარტნიორი ანდრეი შევჩენკოც ცდილობდა პოლიტიკაში მოსვლას, მაგრამ არაფერი გამოუვიდა...
- დიახ, შევა უმღლესი რადის არჩევნებში მონაწილეობდა, მაგრამ მისმა პარტიამ ბარიერი ვერ გადალახა. ანდრეის კარგად ვიცნობ და ვიცი, რომ არ გაჩერდება და ბრძოლას გააგრძელებს. მისთვის აუცილებელია მიხვდეს, რამდენად მზადაა პოლიტიკისთვის.
- არჩევნების შემდეგ ანდრეის ელაპარაკეთ?
- ჩვენ დიდი ხანია ვმეგობრობთ და ხშირად ვეხმიანებით ერთმანეთს. ბოლოს ამ თვენახევრის წინ კიევში საქმეებზე ვიყავი და მაშინ ვნახე. კიევში სასტუმრო და რესტორნების ქსელი მაქვს, რომელშიც თხუთმეტამდე ობიექტი შედის. მილანშიც მქონდა რესტორანი “ჯანინო”, ის ნულიდან შევქმენი და ქალაქში ყველაზე პოპულარული გავხადე. მერე გავყიდე.
- ევრო 2012-ის დროს მოახერხეთ უკრაინაში ჩასვლა?
- სიმართლე გითხრათ, მთლიანად არცერთი თამაში მინახავს. ფინალური მატჩის მეორე ტაიმის გარდა. საარჩევნო კამპანიის გამო არ მეცალა. იმ დროს მთელ საქართველოში დავდიოდით და ვცდილობდით, მოსახლეობისთვის აგვეხსნა ყველაფერი. მათ ხომ უთვალთვალებდნენ, ტელეფონებს უსმენდნენ, ელფოსტას უხსნიდნენ... არჩევნები რომ წაგვეგო, უეჭველად გაგვანადგურებდნენ.
- ქვეყნიდან წასვლა მოგიწევდათ?
- თუ გამიშვებდნენ. ყველას, ვინც “ქართულ ოცნებას” მხარს უჭერდა, აუცილებლად დააპატიმრებდნენ. ამაში ეჭვი არ მეპარება. წინა ხელისუფლების დასაყრდენი უცხოეთში გაჩაღებული პიარი და შინ დამყარებული შიშის სინდრომი იყო. აქ ნამდვილი პოლიციური რეჟიმი ჩამოყალიბდა. ხალხს ეშინოდა, მაგრამ დასავლეთში ამას ვერ ხედავდნენ. სააკაშვილმა შეძლო საკუთარი დადებითი იმიჯის შექმნა უცხოელთა თვალში.
- და დაცვა როდიდან გყავთ?
- დიდი ხანია. მას შემდეგ, რაც ჩემი ძმა ლევანი მოკლეს.
- იტალიაშიც დაცვით დადიოდით?
- მხოლოდ როცა საქართველოში ჩამოვფრინდებოდი ხოლმე. ბიჭები უკვე 10 წელიწადია ჩემთან მუშაობენ. უკვე მეგობრებივით ვართ. მათ იარაღის ტარების უფლება აქვთ. როგორც წესია, ისე იქცევიან.
- სიცოცხლის ხელყოფის რეალური საფრთხე შეგქმნიათ?
- რეალური არა. თუმცა პროვოკაციები მომხდარა. არჩევნების წინ რას აღარ გვიშვრებოდნენ. ლოდებისხელა ქვებიც კი დაგვაყარეს ერთხელ, მაგრამ გავძელით და გავიმარჯვეთ. სააკაშვილმა ყველას თავი მოაბეზრა. საქართველოში თითქმის ოჯახი არაა, მისი მმართველობა რომ არ შეხებოდეს.
- ლევანი ხომ შევარდნაძის დროს დაკარგეთ?
- გვატყუებდნენ, ვეძებთო, თუმცა ჩემი ძმა იმ დროისთვის ცოცხალი აღარ იყო. ვფიქრობ, მომტაცებლები არ ელოდნენ, რომ ეს ფაქტი ამხელა რეაქციას გამოიწვევდა მსოფლიოში. პოლიცია და სხვა სამსახურები ფეხზე იდგნენ. ბოროტმოქმედებიც შეშინდნენ და კვალის დაფარვას შეეცადნენ.
- გამოსასყიდის გადახდა არ გიცდიათ?
- მაშინ ბევრი ფული დავხარჯეთ. დაახლოებით 200 ათასამდე. პრობლემა ის არის, რომ ამ საქმეზე ხელის მოთბობას სხვადასხვა ადამიანები ცდილობდნენ. შუამავლები. აღარ ვიცოდით, ფული ვისთვის გადაგვეხადა.
- უფროს შვილს მისი სახელი დაარქვით?
- ეს სულ მცირედია რაც შემეძლო მისთვის გამეკეთებინა. ლევანის სიკვდილი ჩვენი ოჯახისთვის მოუშუშებელი იარაა.
- ერთი ხანი საქართველოს მოქალაქეობისა და ეროვნული ნაკრების დატოვებითაც იმუქრებოდით...
- გამოძიებაზე პასუხისმგებელი ხალხი უნდა მეიძულებინა, უფრო აქტიურად ემუშავათ. არადა, ყველაფერი ადგილზე იდგა. ლევანი 2001 წლის 23 მაისს მოიტაცეს. ერთ კვირაში იტალიაში ჩემპიონატი დამთავრდა და თბილისში ჩამოვფრინდი. მთელი ზაფხული აქ გავატარე. ბოროტმოქმედები რუსეთში, შვეიცარიასა და საფრანგეთში მიმალვას ცდილობდნენ, თუმცა 2006-ში ისინი დაიჭირეს და თავისუფლების 25 წლით აღკვეთა მიუსაჯეს. კიდევ დიდხანს მოუწევთ ჯდომა. მაგრამ, ვფიქრობ, ის ოთხნი შემსრულებლები იყვნენ. შემკვეთიც ხომ იქნებოდა... ასე რომ, ამ საქმეში წერტილი ჯერ არ დასმულა.
- შევცვალოთ თემა. უკან გზა აღარ არსებობს?
- გამორიცხულია. ხომ ხედავთ, მუცელიც გამეზარდა. 7 კილოგრამი მაქვს მომატებული.
- ხაჭაპური?
- პლუს მწვადი. საჭმელი გემრიელია, რეჟიმი არასწორი. სამინისატროში დილის 10 საათისთვის მივდივარ. მთელ დღეს საქმეებში, მოლაპარაკებებში, შეხვედრებში ვატარებ. გვიან ვვახშმობ. თითქმის აღარ ვვარჯიშობ. ორ კვირაში ერთხელ თუ ვახერხებ ხოლმე მეგობრებთან ერთად სტადიონზე გასვლას.
- ფეხბურთში დაუკმაყოფილებლობის გრძნობა არ დაგრჩათ?
- საკლუბო დონეზე ყველაფერი მოვიგე, რაზეც კი შეიძლება კაცმა იოცნებოს. ორჯერ ჩემპიონთა ლიგაში გავიმარჯვე, მოვიპოვე ევროპის სუპერთასი. სამი ქვეყნის – საქართველოს, უკრაინისა და იტალიის ჩემპიონი ვარ. “მილანში” დარჩენა კიდევ შემეძლო, მაგრამ ტრავმის შემდეგ სათადარიგოთა სკამზე ჯდომა აღარ მინდოდა. თამაში მსურდა და ამიტომ წავედი “ჯენოაში”. ყოველი დილით მივდიოდი გენუაში. დღეში ორჯერ საათნახევარს ვატარებდი საჭესთან. კონდიციები დავიბრუნე. კვლავ სერია ა-ს საუკეთესო მცველთა რიგში დავდექი. საქართველოს ნაკრებში გამოსვლას ისევ ვაგრძელებდი, მისი კაპიტანი გახლდით და ფორმაში ყოფნა აუცილებელი იყო. ერთადერთი, რაზედაც ვნანობ, ეროვნულ გუნდთან ერთად დიდ ტურნირზე თამაში რომ ვერ მოვახერხე. ეტყობა, ესეც ბედია. და კიდევ, ორი ავტოგოლი 2009-ში, იტალიელებთან მატჩში.
- კამიკალაძე?
- გამოჩდნენ ადამიანები, რომლებიც ქილიკობდნენ ამ ეპიზოდის შესახებ, მაგრამ ისინი ცოტანი იყვნენ. გონიერ ხალხს ესმოდა, რომ ეს ყველაფერი საშინელი უიღბლობის ბრალი იყო.
- ძალიან განიცდიდით მაშინ?
- ძალიან! ასეთი რამ არასოდეს დამმართნია, ვარჯიშებზეც კი. სახალხოდ მოვუხადე გულშემატკივრებსა და მთელ საქართველოს ბოდიში.
- სამაგიეროდ, ალბათ, ამ დუბლის წყალობით გინესის რეკორდების წიგნში შეხვედით?
- არა, ინგლისსა და გერმანიაში ორმა ჯეელმა ჰეთ-თრიქები შეასრულეს საკუთარ კარში. თუმცა ეს სანაკრებო მატჩები არ ყოფილა.
- საქართველოში ახლა ფეხბურთი არსებობს?
- შიდა ჩემპიონატი ძალიან სუსტია. მისი ჩატარებაც ჭირს. აღარც მახსოვს, ბოლოს როდის ვიყავი ეროვნული ჩემპიონატის მატჩზე. სურვილიც არ მაქვს. ინფრასტრუქტურა არ არსებობს, ყველაფერი ნულიდანაა დასაწები. ბავშთა სკოლები, ბაზები, სტადიონები.
- თითქოს აკადემიის დაარსებას აპირებდით?
- არ დამანებეს. სამტრედიაში მიწაზე იმხელა გადასახადი მომთხოვეს, რომ თმები ყალყზე დამიდგა. ნახევარ მილიონ ლარს ითხოვდნენ, თუმცა რეალურად ეგ ყველაფერი ათჯერ იაფი ღირს. მერე შევიტყვეთ, რომ “ჩვენი” ადგილი ყოფილმა დეპუტატმა აიღო იჯარით და იქ ძროხებს აძოვებდა. რაში სჭირდება მას ბავშთა სკოლა? თბილისშიც მსგავი სიტუაციაა. მაგრამ არ მინდა წუწუნი. რაც მაშინ არ გამოვიდა, ახლა გავაკეთებთ. ჩემსას მაინც მივაღწევ. ბავშვებს ფეხბურთი ისევ უყვართ, უბრალოდ მათთან მუშაობაა საჭირო. უნდა ავარჯიშო და მერე ისე გააკეთო, რომ უცხოეთში არ გარბოდნენ. ახლა ყოველი 16-17 წლის ბავშვი საზღვარგარეთ გაქცევაზე ოცნებობს. ეს გასაგებიცაა, იქ ნამდვილი ფულია. ერთ ყმაწვილს მთელი ოჯახის გამოკვება შეუძლია. მაგრამ ყველა თუ წავიდა, აქ ვინღა დარჩება?
- რომელ პარტნიორებთან აგრძელებთ ურთიერთობას?
- ამისულაშვილთან, იაშვილთან. იტალიელთაგან - გატუზოსთან, პირლოსთან, მალდინისთან, ამბროზინისთან, ინძაგისთან – მოკლედ, თითქმის ყველა მილანელთან.
- ჩემპიონთა ლიგაში, ალბათ, “როსონერის” ქომაგობთ...
- რა თქმა უნდა. თუმცა, არ მგონია, წლეულს რაიმე ღირებული მოიგონ. ძალიან არასტაბილურად თამაშობენ.
- როგორ შეხვდნენ იტალიელი მეგობრები თქვენს გამინისტრებას?
- მილოცვები გამომიგზავნეს სმს-ებით. როცა ვთქვი, ფეხბურთიდან მივდივარ-მეთქი, არავინ დამიჯერა, ყველას ეგონა, ვხუმრობდი. 34 წლის მცველი იტალიაში ასაკოვნად არ ითვლება.
- მწვრთნელობაზე არ გიფიქრიათ?
- არა. ეგ ჩემი მოწოდება არ არის.
- გამოსათხოვარი მატჩის ჩატარებას აპირებთ?
- 13 სექტემბერს ვაპირებდით, მაგრამ ჩვენი პოლიტიკური ოპონენტები შეგვეწინააღმდეგნენ, სტადიონი არ დაგვითმეს, ვითომ იქ პროფილაქტიკური სამუშაოები მიმდინარეობდა. სააკაშვილის გუნდს შეეშინდა, რომ ჩემი გაცილება “ქართული ოცნების” პიარად გადაიქცეოდა.
- ისე, სიმართლის მარცვალი ამაში არის...
- ალბათ. “მილანისა” და კიევის “დინამოს” ფეხბურთელებს მოვიწვევდი. ეს მსოფლიო პრესის ყურადღების საგანი გახდებოდა. ახლა გაზაფხულამდე მოცდა მოგვიწევს. შესაძლოა, ეს უკეთესიც იყოს. მოსამზადებლად მეტი დრო მექნება. ვარჯიში, ფორმაში ჩადგომაა საჭირო, თავი რომ არ მომეჭრას.
- იტალია გენატრებათ ხოლმე?
- სიმართლე გითხრათ, კი. ბოლოს იქ მაისში ვიყავი. მომენატრა მეგობრებთან შეხვედრა, გასეირნება, კარგ რესტორანში შესვლა.
- და ხარისხიანი ღვინის გადაკვრა...
- არა, არა. სპირტიანს საერთოდ არ ვსვამ.
- უცნაურია. რაღაც არაქართულად გამოგდით. რა ქეიფია ღვინის გარეშე?
- ასეთი ადამიანი ვარ. არასოდეს დამილევია არც ღვინო, არც ლუდი. უფრო მაგარ სასმელებზე არაფერს ვამბობ. ორგანიზმი ვერ იღებს. არც სიგარეტს ვეწევი. ზოგჯერ შეიძლება სიგარას შევეპარო.
- დემეტრაძეზე რას იტყვით?
- სააკაშვილის პერიოდში ბევრი უსამართლოდ დაისაჯა. ახლა დიდ ამნისტიას ვამზადებთ და საახალწლოდ გამოვაცხადებთ.
- ეს დემეტრაძესაც შეეხება?
- ვფიქრობ, შეეხება. მთავარია, არავინ თქვას: აი, კალაძე მთავრობაში მოვიდა და ძმაკაცი ციხიდან გამოიყვანაო. საგანგებო კომისიაა შექმნილი, სადაც ოფიციალური ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომდგენლებიც შედიან. მე მასთან კავშირი არ მაქვს.
- და რატომ დაიჭირეს ბოლო-ბოლო გიორგი, გაარკვიეთ?
- თითქოს რაღაც ქურდული ტრადიციებისთვის. ექვსი წელიწადი მიუსაჯეს და ნახევარი თითქმის მოიხადა. სინამდვილეში საჩვენებელი პროცესი მოაწყვეს. პოპულარული ადამიანის მაგალითზე ხალხს დაანახეს, რომ ნებისმიერის დაჭერა შეუძლიათ. როგორც იტყვიან, ადამიანი იყოს და სტატია მოიძებნებაო. შეშინება – ეს იყო მთავარი მიზანი. საბედნიეროდ, ის დრო წავიდა და ვიმედოვნებ, აღარასოდეს დაბრუნდება. ყოველ შემთხვევაში, ყველაფერს გავაკეთებ, რომ მსგავსი აღარასოდეს განმეორდეს. პოლიტიკაშიც სწორედ ამიტომ მოვედი.

მოამზადა სოლომონ გულისაშვილმა
 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.096242