ინტერვიუები

14:55 | 15.11.2012 | ნანახია [] - ჯერ

კაკას სანუკვარი ოცნება

მადრიდის “რეალის” 30 წლის ნახევარმცველ კაკას ერთადერთი ოცნება აქვს - ბრაზილიაში 2014 წელს გასამართი მსოფლიოს ჩემპიონატისთვის ეროვნული ნაკრების წევრი იყოს. მიუხედავად იმისა, რომ კლუბში მისი საქმეები არცთუ წარმატებულად მიდის, მანო მენეზეშმა 30 წლის ფეხბურთელი იაპონიისა და კოლუმბიის ნაკრებების წინაშე ამხანაგურ მატჩებში ათამაშა და ამან კაკას იმედები გაამყარა.
EL Diario-სთან საუბარში, მან საკუთარ სურვილებზე და კლუბში არსებულ სიტუაციაზე ისაუბრა.  
- როგორ ფიქრობთ, ნაკრების მწვრთნელს თქვენი იმედი მომავალ მსოფლიოს ჩემპიონატზეც ექნება?
- მსოფლიოს ჩემპიონატამდე კიდევ დიდი დროა. მე ნაბიჯ-ნაბიჯ ვუახლოვდები საკუთარ მიზანს - მყარად დავბრუნდე ეროვნულ გუნდში. მსურს გავაგრძელო ის, რაც ნაკრების შემადგენლობაში ბოლო ორი მატჩისას დავიწყე. საშინაო მსოფლიოს ჩემპიონატზე თამაში, უდიდესი სიამოვნება და ოცნების ახდენა იქნება. სწორედ მომავალ მსოფლიოს ჩემპიონატზე თამაშია ჩემი უმაღლესი თამასა.
- ამისათვის აუცილებელია, რომ კლუბის შემადგენლობაში გამუდმებით თამაშობდეთ და გუნდის გამოცვლაზე ხომ არ ფიქრობთ?
- მადრიდის “რეალთან” მოქმედი კონტრაქტი კიდევ ორი წლით მაკავშირებს. ვიმედოვნებ, რომ ამ პერიოდს აქ გავატარებ და თამაშით სიამოვნებას მივიღებ.
- როგორი ურთიერთობა გაქვთ გუნდის მთავარ მწვრთნელ ჟოზე მოურინიოსთან?
- მე პატივს ვცემ მწვრთნელის ნებისმიერ გადაწყვეტილებას. როცა კი ამის შესაძლებლობა ჩნდება, ის მუდამ მაძლევს მოედანზე გასვლის შანსს. ჩვენ უმაღლესი დონის პროფესიონალური ურთიერთობა გვაქვს. კარგი ურთიერთობა მაქვს თანაგუნდელებთანაც. ჩემი და იოზილის კონკურენცია ბუნებრივი მოვლენაა და მე მისით მოხიბლული ვარ. მიუხედავად ამისა, ვფიქრობ, ჩემი სათამაშო დონე, გამოცდილება და აზროვნება, გუნდს სასიკეთოდ წაადგება.
- რას იტყვით თქვენ თანამემამულე ნეიმარზე?
- ის ფანტასტიკური ფეხბურთელია და საოცრად თამაშობს როგორც “სანტოსში”, ასევე ნაკრებში. მან უნდა გააგრძელოს ფეხბურთისგან სიამოვნების მიღება. როდესაც მის თამაშს უყურებ, ხვდები, რომ ის ფეხბურთისგან განუზომლად დიდ სიამოვნებას იღებს.
 

 

მოამზადა ზურა ქსოვრელმა
 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.111093