ფეხბურთი

17:41 | 13.12.2011 | ნანახია [] - ჯერ

კაკალაძე “ბუხარაში” ისინჯება

მიხეილ კაკალაძე უზბეკეთის უმაღლესი ლიგის საფეხბურთო კლუბ “ბუხარაში” ისინჯება. ამის შესახებ ბუხარელთა ოფიციალური ვებგვერდი იუწყება.
ზამთრის შესვენებამდე კაკალაძე საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის II ლიგის დასავლეთ ზონაში მოასპარეზე ქობულეთის “შუქურაში” გამოდიოდა, რომლის შემადგენლობაში 12 გოლი გაიტანა. 29 წლის ფეხბურთელი უზბეკეთში სინჯენზე 4 დღეა, რაც ჩავიდა და პირველივე ვარჯიშზე ორმხრივი თამაშის დროს სამი გოლი გაიტანა. სხვათა შორის, იმ გუნდმა, სადაც კაკალაძე იყო, 3:0 მოიგო. შეგახსენებთ, რომ კაკალაძეს თბილისის “დინამოში”, ბათუმის “დინამოში”, “სამტრედიასა” და “ზესტაფონში” უთამაშია.
გასულ სეზონში “ბუხარამ” უზბეკეთის 14-გუნდიან უმაღლეს ლიგაში მე-8 ადგილი დაიკავა და მის რიგებში ქართველი მცველი გიორგი კვესიეშვილი გამოდიოდა, რომელიც გულშემატკივრების აზრით, კლუბის ერთ-ერთი გამორჩეული ლეგიონერია. სწორედ კვესიეშვილმა ჩაიყვანა კაკალაძე სინჯებზე. აღსანიშნავია, რომ ბუხარელთა ვებგვერდზე საუკეთესო ლეგიონერის გამოსავლენად ჩატარებულ ქომაგთა გამოკითხვაში კვესიეშვილმა მეორე ადგილი დაიკავა. გუნდის წლის ნომერ პირველი ფეხბურთელის დასახელებისთვის მოწყობილ გამოკითხვაში კი, ქართველი ლიდერობს. 26 წლის მცველი კლუბთან ახალ კონტრაქტს მალე გააფორმებს.
შეგახსენებთ, რომ განვლილ სეზონში უზბეკეთის უმაღლეს ლიგაში კვესიეშვილის გარდა, ირაკლი კლიმიაშვილი და კახა მახარაძე (ორივე - “ფახთაქორი”), ასევე მეკარე მიხეილ ალავიძე (“შურტანი”) თამაშობდნენ.

 

ლაშა თაბაგარი
 

Loading...
0.145131