ჟულიანო ბელეტი “ბარსელონაში” სამი წლის განმავლობაში თამაშობდა და მთელი ამ დროის განმავლობაში კატალონიური კლუბის მაისურით ერთადერთხელ მოახერხა გოლის გატანა. მაგრამ ეჭვი არავის ეპარება იმაში, რომ პარიზში, ლონდონის “არსენალის” კარში გატანილი ის ერთადერთი გოლი ბრაზილიელი მარჯვენა მცველის კარიერაში ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტია. ამჟამად ბელეტი ლონდონურ კლუბში, “ჩელსიში” ირიცხება უკვე კარლო ანჩელოტის ქვეშევრდომობით აპირებს ჩემპიონთა ლიგის მოგებას. “ჩვენ არავისი გვეშინია. ეს წელი შესაძლოა ჩვენი გახდეს” – აცხადებს ბელეტი კატალონიურ `შპორტ”-თან საუბრისას.
- სეზონის პირველი ნახევარი “ჩელსისთვის” იმედისმომცემია. “ლივერპულთან”, “არსენალთან” და “მანჩესტერთან” თამაშების მოგება გუნდის დიდ პოტენციალზე მიუთითებს. რამდენად მიუძღვის წვლილი ამ წარმატებებში ანჩელოტის?
- ყველა მწვრთნელს, რომლებთანაც ბოლო პერიოდში ვმუშაობდით, განსხვავებული მეთოდები ჰქონდა. ანჩელოტიმ გუნდში მოსვლის შემდეგ ბევრი რამ შეცვალა. მის სისტემაში ერთი “თავისუფალი მხატვარია”, რომელიც ნახევარმცველების წინ თამაშობს. ჩვენ დაახლოებით 4-3-1-2 სისტემით ვთამაშობთ. ეს “ჩელსისთვის” სიახლეა, რადგან კლუბი 4-3-3 სქემით თამაშსაა მიჩვეული. მაგრამ ახალ სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით პრობლემები არ გვქონია – გუნდმა მწვრთნელის იდეები წარმატებით განახორციელა.
- ბოლო წლებში “ჩელსი” განსაკუთრებით რთული მეტოქე იყო იმ გუნდებისთვის, რომლებიც თამაშს ბურთის კონტროლზე აგებდნენ, რადგან ძალზე ენერგიული გუნდი იყავით. ანჩელოტის მოსვლის შემდეგ “ჩელსი” კიდევ უფრო აგრესიული გახდა?
- ეს კონკრეტულ მატჩზეა დამოკიდებული. რთულია დღევანდელ “ჩელსის” უწოდო ბოლო წლებში ყველაზე აგრესიული გუნდი. პლეი-ოფებში ორი სხვადასხვა მატჩის გამართვა მოგვიწევს. საკუთარ მოედანზე, ჩვენი შესანიშნავი თავდასხმის წყალობით, მოგებას შევეცდებით. გასვლით მატჩებში კი მთავარია არ დავმარცხდეთ. სწორედ ესაა ტურნირის მოგების საუკეთესო გზა.
- მიმდინარე სეზონში, გუნდის წარმატებაში მნიშვნელოვან როლს თამაშობს დეკუ. იგი შეუცვლელი იქნება ისეთ მატჩებში, როდესაც მეტოქე “ჩელსის” ინიციატივის გამოჩენას აიძულებს.
- დიახ, იგი წელს უკეთეს ფორმაშია, ვიდრე წინა სეზონში. დეკუ ყოველთვის იყო გუნდში პატივსაცემი ფეხბურთელი, მაგრამ ახლა იგი კვლავ იღებს თამაშისგან სიამოვნებას, გააქვს გოლები და თამაშობს საკუთარ თამაშს. ანჩელოტი ენდობა მას და უკვე ცხადია, რომ დეკუ გუნდს მთელი სეზონის განმავლობაში დიდ სამუშაოს გაუწევს.
- ისეთი ფეხბურთელები, როგორებიც არიან ლამპარდი, ტერი და დროგბა, “ჩელსის” ბედს ინდივიდუალურად განაგებენ. პირადად თქვენ რამე გაოცებთ მათში?
- ჩემს გაკვირვებას იწვევს არა რომელიმე კონკრეტული ფეხბურთელი, არამედ მათი პროფესიონალიზმი. კონკრეტულ მატჩზე ასე კონცენტრირება არცერთ გუნდში მინახავს. “ჩელსიში” ყველა შრომობს სრულყოფილების მისაღწევად. სწორედ ამიტომაა ეს გუნდი დღეს ისეთი, როგორიც არის - პატივსაცემი კლუბი, რომელიც ყოველთვის ყველა ტიტულისთვის იბრძვის.
- ეს საკმარისი იქნება “ბარ¬სელონას” დასამარცხებლად? გსურთ განმეორდეს გასული სეზონის ნახევარფინალები?
- წინა სეზონში დავამტკიცეთ, რომ შანსი გვაქვს. მართალია “ბარსელონა” ფინალში გავიდა, მაგრამ ვერცერთ შეხვედრაში ვერ დაგვამარცხა. “ჩელსის” არავისი ეშინია და შესაძლოა ეს წელი ჩვენი გახდეს.
- როგორც ჩანს, თვალს ადევნებთ “ბარსელონას” თამაშს და გაგიხარდათ კატალონიელთა მიერ 6 ტიტულის მოპოვება. შეძლო გვარდიოლამ რაიკაარდის “ბარსელონაზე” უკეთესი გუნდის შექმნა?
- რთული სათქმელია, მაგრამ რეალობა ასეთია: ჩვენ რაიკაარდთან ერთად ბევრი ტიტული მოვიგეთ, მაგრამ გვარდიოლას გუნდმა კიდევ უფრო მეტი მოიგო. გვარდიოლას ფორმაციის “ბარსელონამ” მოახერხა ისეთი ტურნირების მოგება, როგორებიცაა ესპანეთის თასი, უეფას სუპერთასი და მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი. ჩვენ ამის გაკეთება ვერ შევძელით. შედეგები გვიჩვენებენ, რომ ამჟამინდელი კლუბი დაბრკოლებებს უკეთ გაუმკლავდა.
- ერთ-ერთი ფეხბურთელი, რომელიც გვარდიოლას ხელში თვალშისაცემად გაიზარდა, არის მესი. ახლა იგი უკვე “ოქროს ბურთის” მფლობელია”...
- ლეომ ეს დაიმსახურა. იგი დაუჯერებლად მაღალ დონეზე ასპარეზობს. ყველამ, ვინც მისი პირველ გუნდში გადმოსვლის დროს “ბარსაში” თამაშობდა, ვიცოდით მესის პოტენციალის შესახებ. მიუხედავად პატარა ასაკისა, უკვე თვალშისაცემი იყო მისი უდიდესი პროფესიონალიზმი. მახსოვს მის მიერ ჩატარებული ერთ-ერთი პირველი მატჩი. მაშინ “ესპანიოლს” ვხვდებოდით. როგორც კი მესიმ ბურთი მიიღო, მაშინვე დააპირა მეტოქის მოტყუება, ყოველგვარი შიშის გარეშე. უკვე მაშინ იყო ცხადი, რომ მესი ვარსკვლავი იყო.
- ”ბარსელონას” სხვა ფეხბურთელებმაც, მაგალითად ხავიმ და ინიესტამ, თავისი თამაში გააუმჯობესეს მას შემდეგ, რაც ისინი რონალდინიოს და დეკუს ჩრდილიდან გამოვიდნენ...
- პირადად მე არ მიკვირს ხავის და ინიესტას ასეთი კარგი თამაში. უბრალოდ იმ დროს, ისეთ ფეხბურთელებს, როგორებიც იყვნენ რონალდინიო და დეკუ, სურდათ საკუთარ თავზე აეღოთ პასუხისმგებლობა როგორც საშინაო, ასევე გასვლით შეხვედრებში. ახლა კი ხავიმ და ინიესტამ იციან, რომ გუნდში ეს როლი თავად უნდა შეასრულონ. ახლა მათი დროა.
მოამზადა მიშა ზაქარეიშვილმა







