ინტერვიუები

11:03 | 27.08.2010 | ნანახია [] - ჯერ

ჟოზე მოურინიო: „ფეხბურთმა იმდენი კარგი რამ მომცა, უფლება აქვს, რაღაც ცუდიც მოაყოლოს“

მადრიდის “რეალი”, ახალი მთავარი მწვრთნელის, ჟოზე მოურინიოს ხელმძღვანელობით ესპანეთში “ბარსელონას” ჰეგემონიის დამხობას გეგმავს. ახალი სეზონის დაწყების წინ, პორტუგალიელმა სპეციალისტმა ესპანურ გამოცემა El Pais-ს გულახდილი ინტერვიუ მისცა და ყველა თემაზე გულახდილად ისაუბრა.
საზოგადოებაში მუსირებს აზრი, რომ მოურინიო საკუთარ თავზე უზომოდ შეყვარებული პიროვნებაა და ყოველ მის გამონათქვამში, ხალხი სკანდალს ეძებს. თუმცა, 47 წლის პორტუგალიელი ასეთი სულაც არაა და მსგავსი იმიჯი იმის გამო შეიქმნა, რომ საზოგადოებრივი აზრის დარტყმა სრულად თავის თავზე მიიღოს, ამით კი, შეგირდების დაცვას უზრუნველყოფს. მართალია, მოურინიოს საკუთარ თავზე დიდი წარმოდგენა აქვს, მაგრამ ეს მას მუშაობაში ეხმარება და მისგან გათავისუფლებას არ აპირებს. მოურინიო არამარტო ნახევარ მსოფლიოზე გაბრაზებული, მისი არაკეთილმოსურნეებისადმი გაბრაზებული პიროვნება, არამედ ზრდილობიანი და გულღია ადამიანია.
“ნოუ კამპის” ბინადრები და მისი გულშემატკივრები, მოურინიოს დღესაც თარჯიმანს ეძახიან, რადგანაც 1996 წელს, “ბარსელონაში” ბობი რობსონის მუშაობის პერიოდში, ის კატალონიურ კლუბში სწორედ მწვრთნელის თარჯიმნად მუშაობდა, მაგრამ ბევრი რამ ისწავლა და თავად რობსონმაც მის თვალებს “ყველაზე ექსტრაორდინალური” ტყუილად არ უწოდა. მოურინიოს შეუძლია დაინახოს ის, რასაც სხვა ვერასდროს შეამჩნევს. ის საკუთარ მიზნებს არასოდეს მალავს და ახლა ერთი მიზანი აქვს - მადრიდის “რეალთან” ერთად, ესპანეთის ჩემპიონობა მოიპოვოს, ისევე, როგორც გახდა პორტუგალიის (“პორტო”), ინგლისის (“ჩელსი”) და იტალიის (“ინტერი”) ჩემპიონი. ჟოზე არ იყო დიდი ფეხბურთელი, მაგრამ დიდი მწვრთნელია. მისი ამბიცია უფრო შორს მიდის და სურს, რომ გახდეს მწვრთნელი, რომელსაც მსოფლიოში ყველაზე მეტი ჯილდო ექნება მოპოვებული. მაგრამ ჟოზეს სახელი და დიდები თავისთვის კი არა, თავისი მამის - ჟოზე მანუელ ფელიქს მოურინიოს სახელის საპატივცემულოდ უნდა.
- რას იტყვით თქვენს ბავშვობაზე, მშობლებზე? როგორი იყო თქვენი ცხოვრება და რატომ შეიყვარეთ ფეხბურთი?
- ყველაფერი ბუნებრივად მოხდა. დავიბადე ფეხბურთელის ოჯახში, მერე კი, ვიყავი საფეხბურთო მწვრთნელის შვილი. ფეხბურთი ჩემი აღზრდის განუყოფელი ნაწილი იყო და ახლაც ასეა. როდესაც გოგო შემეძინა, ჩემს გუნდს თამაში ჰქონდა, როდესაც ბიჭი გაჩნდა, სხვა თამაში მქონდა...
- და თქვენ ორივე მათგანში მონაწილეობდით?
- დიახ, რადგანაც ფეხბურთი ჩემი ცხოვრებაა. დედაჩემი მასწავლებელი იყო და ამან ჩემს მომავალზე დიდი გავლენა იქონია. ერთის მხრივ შემიყვარდა ფეხბურთი, მეორეს მხრივ კი, ვისწავლე მოვლენების ადეკვატურად შეფასება. 17 წლის ვიყავი, როდესაც 15-16 წლის გოგონა შემიყვარდა, რომელიც ახლა ჩემი მეუღლეა. მე ფიზკულტურის ინსტიტუტი დავამთავრე, მეუღლემ ფილოსოფიის. ასაკის მატებასთან ერთად, მივხვდი, რომ დიდი ფეხბურთელი ვერასდროს გავხდებოდი და ვიქნებოდი ერთ-ერთი იმ მრავალ მილიონს შორის, რომელთაც უყვართ ფეხბურთი, მაგრამ მწვერვალს ვერასდროს მიაღწევენ. მაშინ მივხდი, რომ ის ადამიანი ვიყავი, რომელსაც ლიდერის ფუნქციები ბუნებრივად მქონდა თანდაყოლილი და შემეძლო, სწავლა, აზროვნება, ამა თუ იმ მოვლენების სწორად აღქმის უნარი. მერე დამატებითი შანსი გამიჩნდა. გამიმართლა და ბობი რობსონთან ერთად, მსოფლიოს ერთ-ერთ უძლიერეს კლუბ “ბარსელონაში” მომიწია მუშაობა. მეორე გამართლება ლუის ვან გაალთან მუშაობა იყო, რომელიც ბობისგან სრულიად განსხვავებული პიროვნებაა. ის მეთოდური და ორგანიზებული ადამიანია, რომელსაც ყველაფერზე საკუთარი შეხედულება აქვს. დაუმატეთ, რომ მუშაობა უმაღლესი დონის ფეხბურთელებთან მიწევდა გადამწყვეტი მომენტი 2000 წელს დადგა, როდესაც პორტუგალიაში დამოუკიდებელი მუშაობა დავიწყე. იქიდან მოყოლებული დღემდე, განვლილ 10 წელიწადს, ერთგვარ აფეთქებას თუ შევადარებთ. ასეთ მოკლე პერიოდში, უდიდესი გზა გავიარე.
- ბობი რობსონი ახსენეთ, რომელმაც თქვენზე თქვა, რომ “ყველაზე ექსტრაორდინალური” თვალები გაქვთ...
- ჩემთვის ეს დიდი პატივია. მნიშვნელოვანია მოვლენების სწორად აღქმა, მაგრამ უფრო მნიშვნელოვანია ინფორმაციის წორედ გადაცემა. დანახულის ხარისხზე მნიშვნელოვანი, ინფორმაციის გადმოცემის ხარისხია. კარგად უნდა კითხულობდა, მაგრამ ადამიანებსაც კარგად უნდა ესმოდეთ შენი წაკითხული. ერთია, როდესაც ასისტენტად მუშაობ და მოვლენის ანალიზისთვის, ერთიდაიმავე ეპიზოდის ათჯერ ნახვის საშუალება გეძლევა და მეორეა, როდესაც 90 წუთის განმავლობაში, უდიდესი ზეწოლის ფონზე გიწევს გადაწყვეტილების მიღება. თამაშის მსვლელობას ვერ შეაჩერებ და ვერავის მოთხოვ, რომ ეპიზოდი განმეორებით გაჩვენოს. ამიტომ, გადამწყვეტ მომენტში ერთდროულად უნდა შეგეძლოს კითხვის გაგრძელება, ნანახის სწორი ანალიზი და გადაწყვეტილების მიღება.
- უწინარესად, რას ანიჭებთ უპირატესობას?
- პატიოსნებას, რაც აუცილებელი როგორც ფეხბურთში, ასევე ზოგადად ცხოვრებაში. ეს მამაჩემისგან ვისწავლე და ის ყოველთვის იყო ჩემი მიბაძვის მაგალითი. მწვრთნელი გუნდის ლიდერია, მაგრამ მან პატიოსნება არ უნდა დაკარგოს. მოთამაშე ამა თუ იმ მოსაზრებას, არ უნდა იგებდეს მესამე პირის მეშვეობით. თუ პრობლემა წარმოიშობა, სჯობს მას პირისპირ დაუჯდე, თვალებში შეხედო და ისე უთხრა რასაც ფიქრობ. მნიშვნელოვანია ურთიერთპატიოსნება. არც ფეხბურთელის ნააზრევს უნდა ვიგებდე პრესის ფურცლების საშუალებით. ჩემი ოფისის კარი ყოველთვის ღიაა და პრობლემის განსახილველად მუდამ მზად ვარ. მნიშვნელოვანია ინტელექტი და განათლება. თუ მწვრთნელი მხოლოდ საფეხბურთო საკითხებში ერკვევა, მასში მსოფლიოში ყველაზე ძლიერია, მაგრამ სხვა სფეროების არაფერი გაეგება, ის შორს ვერ წავა. ახლანდელი ფეხბურთელები წინამორბედებზე უფრო განათლებულები არიან და ეს ჩვენს სამუშაოს უფრო საინტერესოს ხდის.
- ფეხბურთელები უფრო განათლებულები გახდნენ და თვითკრიტიკაც მეტი აქვთ?
- ისინი ამაყები არიან, ამ სიტყვის კარგი გაგებით. როდესაც ფეხბურთელი გარკვეულ დონეს აღწევს, საუბარი მაქვს მატერიალურ კეთილდღეობაზე, ის განვითარებაზე აღარ ფიქრობს, რადგანაც საკუთარი ფინანსური მომავალი უზრუნველყოფილი აქვს. მაგრამ ამაყი ფეხბურთელი მუდამ გამარჯვებისკენ ილტვის, მოდუნების საშუალებას მას საკუთარი სიამაყე არ აძლევს. ის საკუთარ ისტორიას ქმნის. ახლა ყველაფერი მხოლოდ ევროების სიმრავლით არ განისაზღვრება და ფეხბურთელის მომავალს მისი პირადი სიამაყე განსაზღვრავს. მეც შემიძლია აღარ ვიმუშაო და დარჩენილი ცხოვრება ბედნიერად გავლიო, მაგრამ ამის უფლებას საკუთარი სიამაყის გრძნობა არ მაძლევს. გამარჯვებები მწყურია. დიდი ფეხბურთელები და მწვრთნელები, საკუთარ ისტორიას თავად წერენ. გავა 50, 100 წელი, მე დავრჩები “პორტოს”, “ჩელსის”, “ინტერის” ისტორიაში. სიამაყე რომ არა, ერთ დღეს შეიძლება გაიღვიძო და თქვა - “საკმარისია”. მე არასოდეს ვიტყვი “საკმარისია”.
- გამარჯვებები კარგია, მაგრამ რა ხდება, როდესაც თამაშს აგებთ?
- უწინარესად, აუცილებელია წაგების მიზეზის გარკვევა. თუ საკუთარი მიზეზის გამო დამარცხდი, ეს დიდი პრობლემაა, თუ მეტოქემ გაჯობა, საშიში არაფერია, რადგანაც ეს უკეთესად გახდომის სტიმულს გაძლევს და შედეგად, პროგრესს განიცდი.
- როგორ ტაქტიკურ მონახაზს ანიჭებთ უპირატესობას? თუ მას მეტოქის მიხედვით არჩევთ?
- ძალიან მნიშვნელოვანია კულტურული ნიუანსი. ადრე, როდესაც “ჩელსი” “ბარსელონას” ეთამაშებოდა და მკითხეს, რომელი გუნდი უფრო ძლიერი იყო, ასეთი რამ ვთქვი: “ჩელსი” ინგლისის ჩემპიონია, მაგრამ ესპანეთის ჩემპიონატში რომ ეთამაშა, მას ვერ მოიგებდა. “ბარსელონა” ესპანეთის ჩემპიონია, მაგრამ ვერც ის მოიგებდა ინგლისის პრემიერლიგას. გუნდის ფორმირება მისი კულტურის გათვალისწინებით უნდა მოხდეს. მწვრთნელი, რომელიც სხვა ქვეყანაში გადადის სამუშაოდ, არ უნდა ამბობდეს, რომ ესა თუ ის სისტემა, მას წარმატებას მოუტანს. თუ როდესმე გვარდიოლა ინგლისურ ან იტალიურ კლუბს გაწვრთნის, ძალიან დამაინტერესებს ამ გუნდის თამაში და შევხედავ, დაემსგავსება თუ არა ის “ბარსელონას” სათამაშო სტილს. “რეალი” ისეთ სტილში ვერასდროს ითამაშებს, როგორსაც “ინტერი” თამაშობდა.
- ანუ, ამა თუ იმ გუნდის სათამაშო სტილს კლუბის ისტორია განსაზღვრავს?
- აუცილებლად. კლუბის თვითმყოფადობა დიდ როლს თამაშობს. შესაძლოა, მწვრთნელს საკუთარი პრინციპები ჰქონდეს, მასზე უარი არ თქვას, მაგრამ კლუბის თვითმყოფადობა და ჩემპიონატის თავისებურება მაინც გადამწყვეტი იქნება. თუ ამ პრინციპების წინააღმდეგ წახვალ, ეს საკუთარი თავის წინააღმდეგ წასვლის ტოლფასი იქნება. “რეალშიც” არის ისეთი ნიუანსები, რომლების შენარჩუნება მინდა.
- მაგალითად?
- შემტევი და მიმზიდველი ფეხბურთისადმი ლტოლვა. გულშემატკივრები ამას ითხოვენ, მეც ამის მომხრე ვარ. არ ვისურვებდი, რომ “რეალი” ხუთი ფეხბურთელით იცავდეს თავს და ამდენივეთი უტევდეს. მადრიდელთა მხრიდან, მსგავსი სტილის თამაში არაერთხელ მინახავს. ვერ ავიტან, რომ ბურთის ართმევაზე, ან შეტევაზე მხოლოდ ნახევარმა გუნდმა იზრუნოს, მეორე ნახევარი კი უსაქმოდ იყოს. მაქვს პრინციპები, რომელსაც ვერ შეველევი.
- სწორედ ამას ამბობს გვარდიოლა თავის გუნდზე. მან თქვენგან რამე ისწავლა?
- გვარდიოლას ჩემგან სასწავლი არაფერი აქვს, მას თავისი საფეხბურთო ფილოსოფია გააჩნია. მან ერთი წელი იტალიაში გაატარა, ერთი წელი ყატარში იმუშავა, სადაც უმეტეს დროს გოლფის თამაშს უთმობდა, ვიდრე ფეხბურთს, თუმცა, მისი ცხორვება სრულად “ბარსელონას” უკავშირდება. როდესაც მეკითხებოდნენ, მუდამ ვამბობდი, რომ გვარდიოლა “ბარსელონასთავის” იდეალური მწვრთნელია. ის კატალონიელია, ბავშვობიდან ამ კლუბის წევრია და გულშემატკივრებსაც ძალიან უყვართ. მას ექვსწლიანი კონტრაქტი შესთავაზეს, თუმცა მე ათწლიანს შევთავაზებდი.
- როდესაც “ბარსელონაში” ბობი რობსონთან ერთად მუშაობდით, როგორი ურთიერთობა გქონდათ გვარდიოლასთან?
- ჩვენი ურთიერთობა იყო, არის და იქნება საუკეთესო. თუ ჩვენი ურთიერთობა საფეხბურთო დონეზე როდისმე დაიძაბება, ეს არ იქნება პრობლემა ჟოზე მოურინიოსა და პეპ გვარდიოლას შორის, არამედ იქნება პრობლემა მადრიდის “რეალისა” და “ბარსელონას” მწვრთნელებს შორის. ეს განსხვავებული მოვლენებია. მე მას დიდ პატივს ვცემ და ვფიქრობ, მასაც ანალოგიური განწყობა აქვს ჩემს მიმართ. მოცემულ მომენტში, მას წარმატებას ვერ ვუსურვებ, რადგანაც ორივენი ერთი მიზნისთვის ვიბრძვით.
- ყოველთვის ამბობდით, რომ სამი ძირითადი მიზანი გაქვთ...
- როდესაც მწვრთნელობას ვიწყებდი, სამი ძირითადი მიზანი დავისახე. პირველი - ჩემპიონთა ლიგის სამი ტიტულის მოპოვებაა სამ სხვადასხვა გუნდთან ერთად. ერნსტ ჰაპელმა, ოტმარ ჰიტცფელდმა და მე, ჩემპიონთა ლიგა ორ სხვადასხვა კლუბთან ერთად მოვიგეთ. ჰაპელი უკვე გარდაიცვალა, ჰიტცფელდი სამწვრთნელო კარიერას მალე დაასრულებს, მე კი, წინ კიდევ მრავალწლიანი სამწვრთნელო კარიერა მელის. კიდევ ერთი მიზანი ისაა, რომ მსურს გავხდე ერთადერთი მწვრთნელი, ვისაც მსოფლიოს სამი უმთავრესი ლიგა ექნება მოგებული: ესპანეთის, იტალიის და ინგლისის. მოცემული მომენტისათვის ფაბიო კაპელოს იტალიის და ესპანეთის, კარლო ანჩელოტის და მე კი, ინგლისის და იტალიის ჩემპიონატები გვაქვს მოგებული. კაპელომ განაცხადა, რომ საკლუბო კარიერას აღარ დაუბრუნდება და ამ მიზანს ვეღარ მიაღწევს. დავრჩით მე და კარლო, მაგრამ არ ვიცი, ის მსგავს მიზანს ისახავს თუ არა, მე კი, ოცნების ასრულების იმედი მაქვს.
- მესამე მიზანი რაღაა?
- მსურს, ჩემს ქვეყანას მივცე ის, რაც მისთვის არავისთვის მიუცია - მსოფლიოს ან ევროპის ჩემპიონობა. ეს ყველაზე რთული იქნება, რადგანაც ნაკრების მწვრთნელობა არ მხიბლავს. პორტუგალია პატარა ქვეყანაა, სადაც 10 მილიონი ადამიანი ცხოვრობს, არ აქვს დიდი ეკონომიური პოტენციალი და არ გააჩნია განსაკუთრებული ინფრასტრუქტურა. მაგრამ მან მსოფლიოს სამი ოქროს ბურთის მფლობელი აჩუქა - ეუსებიო, ფიგუ და კრიშტიანუ რონალდუ. აჩუქა ისტორიული კლუბი “ბენფიკა” და ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული “პორტუ”. ის რაიმე ტიტულის მოპოვებას და ესპანეთთან ერთად მსოფლიოს ჩემპიონატის მასპინძლობის უფლების მიღებას ნამდვილად იმსახურებს.  
- პორტუგალიაზე საუბრისას თქვენს თვალებში ცეცხლს ვერ ვხედავ...
- არატიპიური პორტუგალიელი ვარ და იმიტომ. მშობლიური ქვეყანა არ მენატრება, იქ დაბრუნება, ცხოვრება, ან იქაურ კლუბში მუშაობა არ მინდა. მაგრამ, მაინც პორტუგალიელი ვარ და მსურს, რომ ჩემს ქვეყანას რაიმე მნიშვნელოვანი გავუკეთო.
- თქვენზე ხშირად ამბობენ, რომ რთული პიროვნება ხართ. როგორ რეგირებთ ასეთ სტატიებზე?
- გაზეთებს თითქმის არ ვკითხულობ და არც ტელევიზორს ვუყურებ. მას მხოლოდ იმ შემთხვევებში ვუყურებ, როდესაც ჩემთვის სასურველ, ან საჭირო მატჩებს აჩვენებენ. თუ ჩემზე ცუდს ახლობელი ადამიანი იტყვის, მას, ან მე, მართლაც რაღაც გვჭირს. თუ ცუდს უცხო პიროვნება ამბობს, ეს ჩემთვის პრობლემა სულაც არაა. ფეხბურთმა იმდენი კარგი რამ მომცა, რომ სრული უფლება აქვს, რაღაც ცუდიც მოაყოლოს.
- მაგალითად რა?
- სრულიად დავკარგე პირადი ცხოვრების უფლება. ყველა მიცნობს და ჩემი საქციელი ყველა მათგანის განსჯის საგანი ხდება, თავისუფლად ქუჩაში ვერ გავდივარ, ბავშვებთან და მეუღლესთან ერთად გასეირნების საშუალება არ მაქვს, თავისუფლად ვერსად წავსულვარ. საკუთარ თავზე არაერთი ტყუილის წაკითხვა მიწევს.
- თქვენს სამსახურში ყველაზე მეტად რა არ მოგწონთ?
- ტყუილი. როდესაც დასასვენებლად კენიაში წავედი, ჩემზე დაიწრა, რომ რომელიღაც ჯადოქრის სანახავად გავემგზავრე. ჟოზე მოურინიო ფეხბურთში და მის გარეთ, ორი განსხვავებული ადამიანია. ფეხბურთში ხშირად მიწევს გარისკვა, პირად ცხოვრებაში კი პირიქით - არასოდეს ვრისკავ. ნამდვილ მოურინიოს მხოლოდ ოჯახი და მეგობრები იცნობენ, ის კი, იმ მოურინიოსგან, რომელსაც ხალხის უდიდესი მასა იცნობს, ძლიერ განსხვავებულია. მთელი 90 წუთის განმავლობაში, რაც თამაში გრძელდება, მეც ვთამაშობ, ჩემს სამუშაოს ვასრულებ. სამუშაოს ვასრულებ მატჩისწინა და მის შემდგომ პრესკონფერენციებზე, ისე კი, მე სრულიად განსხვავებული პიროვნება ვარ. კითხვა მიყვარს, განსაკუთრებით კი, გაბრიელ გარსია მარკესი მომწონს, მაგრამ საკითხავად ცოტა დრო მაქვს. თუ თავისუფალი დრო გამომიჩნდა, ვერ მოვიქცევი ეგოისტივით და ვერ მოვთხოვ ოჯახის წევრებს, რომ თავი დამანებონ. ის უნდა გავაკეთო, რაც ოჯახის წევრებს უნდათ. ვუყურო ფილმს, რომელიც მეუღლეს მოსწონს, წავიდე კინოში ფილმზე, რომლის ნახვაც ბავშვებს უნდათ. ცოტა ხნის წინ, ისეთი დაღლილი ვიყავი, რომ სახლში მისულს დაწოლა და სიკვდილი მინდოდა, მაგრამ ბავშვებს პარკში, ატრაქციონებზე გასეირნება უნდოდათ და მათი სურვილი ახდა...
- როდისმე თუ იცინით?
- სახლში ბევრს ვიცინი. ხანდახან გამარჯვებებიც ისე მახარებს, რომ ვიცინი.
- როგორ ფიქრობთ, მარცხს უარყოფითთან ერთად დადებითი მხარეც აქვს?
- საბედნიეროდ, ჩემთვის მარცხი იშვიათობაა და ამის სრულად გასაცნობიერებლად, ხანდახან წაგება მომიწევს.

მოამზადა ზურა ქსოვრელმა




 

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.109333