როდესაც ჟოზე მოურინიო ლონდონის “სტემფორდ ბრიჯზე” იქაურ “არისტოკრატთა” დამრიგებლად წარადგინეს, პორტუგალიელმა სპეციალისტმა არაორაზროვნად განაცხადა, განსაკუთრებული მწვრთნელი ვარ და რასაც “პორტუში” მუშაობისას მივაღწიე, შემთხვევითობა რომ არაა, “ჩელსიში” მუშაობის პერიოდშიც დაგარწმუნებთო. სეუ ჟოზეს მოღვაწეობა ლონდონშიც წარმატებული აღმოჩნდა და იტალიის ქალაქ მილანის “ინტერის” სათავეში ყოფნის დროსაც. მოურინიომ “ლურჯებსაც” და “შავ-ლურჯებსაც” მოაგებინა შესაბამისად ინგლისისა და იტალიის ჩემპიონობა, მის უმთავრეს სამიზნედ კი ჩემპიონთა ლიგის თასი რჩება, რომლის დაუფლება მან მხოლოდ “პორტუსთან” ერთად მოახერხა. გუშინწინ კი მოურინიოს “ინტერმა” ერთი დიდი ნაბიჯი გადადგა სამადრიდო ფინალისკენ. თუმცა, “სანტიაგო ბერნაბეუზე” 22 მაისს დანიშნულ გადამწყვეტ მატჩამდე, “ნერაძურის” რთული გზა რომ აქვს გასავლელი, თავად პორტუგალიელიც აღიარებს.
- სეუ ჟოზე, ჯერ ანალიზის დრო არ დამდგარა, ცხელ გულზე კი რით ახსნით თქვენი გუნდია წარმატებას?
- პირდაპირ გეტყვით - “ჩელსიზე” უკეთ, გაცილებით უკეთ გამოვიყურებოდით. ჩემი ყოფილი გუნდი ძალიან ძლიერია, მაგრამ ერთი კოზირი ხელში გვეჭირა - “ჩელსის” სათამაშო სტილს კარგად ვიცნობთ. ბიჭებს ამოცანად ბურთის კონტროლი დავუსახე. ასეთ შემთხვევაში სასურველი შედეგის მიღწევის გაცილებით მეტი შანსი მოგვეცემოდა. ვიცოდი, რთული შეხვედრა რომ გველოდა. “ჩელსი” საკუთარ მინდორზე ყოველთვის ცდილობს მეტოქეზე ზეწოლას, საჯარიმო მოედანზე აგრესიულად მოქმედებს და ცდილობს ზუსტი პასებით დიდიე დროგბას მომარაგებას. პირველ ტაიმში შედარებით გაგვიჭირდა, მეორეში კი თამაშის მიმდინარეობას ვაკონტროლებდით - ჩვენი გუნდის ნებისმიერი ფეხბურთელი გააზრებულად მოქმედებდა, ნებისმიერ მომენტსა და მინდვრის წერტილში იცოდა, რა უნდა მოემოქმედა. “ჩელსი” სავსებით სამართლიანადაა მიჩნეული პლანეტის ერთ-ერთ საუკეთესო გუნდად და თუკი “არისტოკრატებს” მოვუგეთ, ნებისმიერი ოპონენტის ძლევა ხელგვეწიფება.
- პირველი ტაიმის დასრულების შემდეგ “სტემფორდ ბრიჯის” ტაბლოზე “ინტერისთვის” ხელსაყრელი ანგარიში იყო აკიაფებული. ცოტათი გასაკვირია, შესვენების შემდეგ ნაკლებად ფრთხილი ტაქტიკა რომ აირჩიეთ და საშიშ მოწინააღმდეგეს შეუტიეთ...
- გეთანხმებით, რომ გარკვეულწილად გავრისკეთ. ყველაზე სასიხარულო კი ისაა, ბიჭები რომ ამყვნენ. ხანდახან ისეც ხდება, მწვრთნელი გარისკავს, ფეხბურთელები კი სათანადოდ არ რეაგირებენ დამრიგებლის მოთხოვნაზე და შედეგის მნიშვნელობიდან გამომდინარე, ფრთხილობენ. გავმეორდები და მოგახსენებთ - ვაჯობეთ გუნდს, რომელიც ძალიან ძლიერია! მეორე ტაიმის მსვლელობისას ერთ მომენტში შიშმა მეც ამიტანა. აგიხსნით რატომ.
არა, გუნდი მშვენივრად თამაშობდა, ბურთსაც აკონტროლებდა და აქედან გამომდინარე, თამაშის სადავეებსაც. ჩემი შეშფოთება საგოლე მომენტთა განიავებამ გამოიწვია. დამეთანხმებით, ამგვარი დონის პრინციპულ ორთაბრძოლებში ხელსაყრელი სიტუაციები იშვიათად იქმნება ხოლმე და ის გუნდი იმარჯვებს, რომელიც სათანადოდ მოახდენს მეტ-ნაკლებად საგოლე სიტუაციების შედეგში გარდასახვას. “სტემფორდ ბრიჯზე” ერთადერთი შეხვედრა მაქვს წაგებული, როცა “ბარსელონას” მაისურით მოასპარეზე სამუელ ეტო’ომ “ჩელსის” გაუტანა. ვგონებ ძნელი მისახვედრი არაა, ამჯერად კამერუნელის გოლმა სრულიად საპირისპირო გუნება-განწყობაზე რომ დამაყენა.
- ცხადია, “ინტერის” წარმატებამ გაგახარათ, მაგრამ “ჩელსი” არ შეგეცოდათ? არა გვგონია, ლონდონელთა მიმართ გულგრილი იყოთ...
- წინასამატჩო პრესკონფერენციაზე დავადასტურე და ახლაც გაგიმეორებთ - “ჩელსი” ძალიან მიყვარს. ჩემთვის “სტემფორდ ბრიჯი” საშინაო არენაა, ურთიერთპატივისცემით ვეპყრობით ერთმანეთს გუნდის გულშემატკივრები და მე. თუ დააკვირდით, მსაჯის საფინალო ნიშანს არ დაველოდე და გასახდელში გავედი. ამით პირობა შევასრულე, “ჩელსის” ძლევის შემთხვევაში, “ინტერის” ფეხბურთელებთან ერთად მოგებას არ ვიზეიმებდი. ამ წუთში კი თავს მსოფლიოს ყველაზე ბედნიერ ადამიანად ვთვლი, მაგრამ ისიც კარგად მესმის, რომ მადრიდის ფინალში ასპარეზობის უფლების მოსაპოვებლად ურთულესი გზის გავლა მოგვიწევს.
მოამზადა გოჩა კაჭარავამ







