ქართულმა ფეხბურთმა დამოუკიდებელი არსებობიდან (1990 წ) მე-20 წელიწადი მოიტოვა. 2009 ეპოქალური გარდატეხის წელი არ ყოფილა, მაგრამ იმის თქმა თამამად შეიძლება, რომ ჩვენი ფეხბურთის სათავეში ნოდარ ახალკაცის ყოფნის დრო უკან დარჩა და უკვე აღარ დაბრუნდება. უფროს-უმცროსი ახალკაცების საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სათავეში ყოფნის პერიოდების სრულფასოვან შეფასებას, ალბათ, ვერ შევძლებთ. რადგან გარდაცვლილზე ან საერთოდ არაფერს ამბობენ ან მხოლოდ კარგს, დუმილს ვარჩევთ, ცოცხალზე კი, ისედაც არაფერია სათქმელი.
საახალწლოდ ეროვნულ ფეხბურთთან დაკავშირებული რამდენიმე, არცთუ აუსრულებელი სურვილი გვაქვს და გვინდა, ვისაც მათ შესასრულებლად ხელ-ფეხის (ზოგს თავის ტვინის) განძრევა შეუძლია, არ დაიზაროს.
დავიწყოთ იმით, რომ ძალიან გვინდა ახალმა გუნდმა ძველის შეცდომები აღარ გაიმეოროს. ნუ იქნებით ყველა მენეჯერები, ზოგმა პრაქტიკული საქმის კეთებაზეც აიღეთ პასუხისმგებლობა, თორემ თქვენმა წინამორბედებმა რომ 10-მილიონიანი ვალი დაგახვედრეს, მგონი, ჯერ არ დაგვიწყნიათ.
გვესმის, რომ ფეხბურთი მსოფლიოში სპორტიცაა და პოლიტიკაც. თუმცა, არის საკითხები, როცა ფეხბურთში მაღალი პოსტის დამკავებელნი უფრო მოუხელთებელნი არიან, ვიდრე დიდ პოლიტიკაში მოღვაწენი. სანამ ფედერაციის მაღალჩინოსნები გახდებოდნენ, მანამ ყველას სასაუბროდ “გამოჭერა” იოლი საქმე იყო - უფრო სწორად, ოღონდ მათგან რაიმე საკითხზე კომენტარი აგეღო (ინტერვიუზე ხომ საუბარი ზედმეტია) და ერთი “ტრენერისა” არ იყოს, ცხვარს შესწირავდნენ. ახლა კი რა ხდება? იმდენს მუშაობენ, ვერ იცლიან. მოგეცალოთ ბატონებო - თუ რამ კაი საქმეს გააკეთებთ, ჩვენც გაგვაგებინეთ, ჩვენ კიდევ მკითხველს მოვუთხრობთ. რაც ნაკლებად დამალავთ კარგს და ცუდს, მით მეტჯერ მოგიბრუნდებათ ბუმერანგივით.
რაღა შორს წავიდეთ. ეროვნული ნაკრების ნარკომომხმარებელი ფეხბურთელების, მათი მწვრთნელებისა და კიდევ რამდენიმე ჩინოსანის სამართალთან მწყრალად ყოფნაზე რომ ფედერაციის აღმასკომის წევრმა და თბილისის საპატრულო პოლიციის უფროსმა, გიორგი გეგეჭკორმა ხმამაღლა თქვა, ძალიან დიდი საქმე გაკეთდა - გამოჩნდა კაცი, რომელმაც დოკუმენტურად დადასტურებული ფაქტი გაამხილა. მერე რა მოხდა კულუარებში? ეს არ უნდა ექნა, ადამიანობაო, ესაო, ისაო. გვაპატიეთ, მაგრამ რომელ ადამიანობაზეა საუბარი - სტადიონზე მისული მაყურებელი რომ განიცდის, ნერვიულობს, მისი საყვარელი ქვეყნის ნაკრების მოგებაზე ტოტალიზატორში ფულს დებს და თურმე, ნარკომანების იმედზე?
ჩვენ თუ გვკითხავთ, ვინც იცოდა ყველაფერი, ფედერაციაში პოსტი ეკავა და განგაში არ ატეხა - რბილად რომ ვთქვათ, უღირსია.
ნაკრებში ფეხბურთელთა გამოძახებას, სხვაც ბევრი მანკიერებები ჰქონდა საქართველოში. გვჯერა, ყველაფერი ჯერ კიდევ კარგად ემახსოვრება “ჯვაროსანთა” ახალ თავკაცს. ჩვენი სურვილი თემურ ქეცბაიასადმი - ნურასოდეს გაიმეორებთ “ლიუბიმჩიკი” ფეხბურთელების ნაკრებში გამოძახების პრაქტიკას - სავაჭრო ფასის აწევა რომ უნდოდათ ამა თუ იმ უკვე ლეგიონერის ან გასალეგიონერებელი დინამოელ-ტორპედოელისთვის...
ვისურვებდით, ეროვნულ თუ სხვა სახის ქართულ ნაკრებში, ყველა ისეთი ფეხბურთელი მოხვედრილიყოს, ვისთვისაც ბოლნისურჯვრიანი გერბის მკერდზე ტარება ღირსების საქმე იქნება. აღარ გაკვირვებოდეთ ვეტერან ფეხბურთელებს, ეს რა უჯიგროები არიან, ამათთვის სკამზე ჯდომა ტანჯვა კი არა “ბაირამობააო”.
ეროვნულ გუნდთან მიმართებაში ყველამ ერთად ვისურვოთ - რაც 2009-ში მოხდა, ის არასოდეს გამეორებულიყოს. ნაკრებმა 10 შესარჩევი და ამხანაგური შეხვედრა გამართა და ვერცერთი მოიგო (მხოლოდ 2 ფრე). ასეთი ლაფსუსები ფარერის კუნძულებიდან კონტინენტზე გადმოსულ მეცხვარეებსა და მეთევზეებსაც აღარ ემართებათ.
რამდენიმე კეთილი სურვილი საკლუბო დონეზე ევროტურნირებზე გამსვლელ გუნდებსაც მივაწიოთ. ჯერ კენჭისყრაში გაგმართლებოდეთ, მერე მსაჯის დანიშვნაში, ბოლოს კიდევ საგოლე მომენტების რეალიზაციაში. თუ შეატყოთ, რომ ერთბაშად ამდენი სურვილის ახდენა ზედმეტია - თავად ამოაკელით და მის ნაცვლად რაც ყველაზე მეტად გაკლიათ, ჩაამატეთ. იქნებ ჯერ 2004 წელს გია გეგუჩაძის მიერ გაწვრთნილი თბილისის “დინამოს” შედეგი გაიმეოროთ.
ბოლოს, ყველას - ფეხბურთში მოღვაწე, ფეხბურთზე მწერალ და მკითხველთ, დამდეგ 2010 წელს გილოცავთ. ჩვენ ყველას ერთად გვჭირდება გამართლება - ჰოდა, გაგვმართლებოდეს.
ფრიდონ კერვალიშვილი







