ფეხბურთი

1:11 | 7.09.2013 | ნანახია [] - ჯერ

ისტორიული ფრე ფრანგებთან

თბილისში, ბორის პაიჭაძის სახელობის ”დინამო არენაზე,” საქართველოს ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ მატჩში ფრანგებთან უგოლო ფრე ითამაშა და ერთგვარად, ისტორიულ შედეგს მიაღწია. აქამდე ხომ მათთან სამი მატჩიდან სამივე წაგებული გვქონდა. ფრანგები, ჯერჯერობით, ესპანელების შემდეგ, ჯგუფში მეორე ადგილზე დგანან და ამ შეხვედრას მათთვის დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. აკი თქვა კიდეც მათმა დამრიგებელმა, დიდიე დეშამმა, ეს თამაში აუცილებლად უნდა მოვიგოთო. ჩვენებს საკუთარი ამბიცია ამოძრავებდათ, ჯერ ერთი, უნდა დაემტკიცებინათ, რომ საფრანგეთის დარ გუნდებთანაც შეუძლიათ ტოლ-სწორად თამაში და მეორეც, თუკი ჯგუფში მესამე ადგილზე გასვლა გვინდა, ყოველ ქულას ჩვენთვისაც ოქროს ფასი აქვს. იყო კიდევ ერთი მიზეზი. მოგეხსენებათ, ბოლო დროს ზედიზედ რამდენიმე მატჩი წავაგეთ და ფრანგებთან არდამარცხება, ყველაფერს გააბათილებდა. ასეც მოხდა.

პირველ ტაიმში სტუმრებს მცირე უპირატესობა ჰქონდათ, თუმცა ვერ ვიტყვით, რომ ძალიან გვაჯობეს. ამას კარში დარტყმები და ლორია-ლორისის არაოფიციალური დუელიც ამტკიცებს. “ტოტენჰემისა” და “დინამოს” მეკარეებმა თითოჯერ მოიგერიეს ბურთი. ფრანგებმა პირველად მე-8 წუთზე შემოგვიტიეს, თუმცა ტაიმის ყველაზე სახიფთო მომენტი, ალბათ, მე-13 წუთზე შეიქმნა, როცა ჟირუს გადაცემის შემდეგ რიბერიმ ძალიან სახიფათოდ დაარტყა, ბურთმა მარცხენა ძელთან ჩაიქროლა და ოდნავ ასცდა კარს. 26-ე წუთზე უკვე ქართველებს შეეძლოთ დაწინაურება, მაგრამ ოქრიაშვილის დარტყმა ლორისმა მოიგერია. სტუმრებმა მაშინვე ძალიან სახიფათოდ კონტრშეგვიტიეს, ჯერ ბენზემამ დაარტყა და ლორიამ იყოჩაღა, შემდეგ რიბერიმ, მაგრამ ბურთი მცველებმა გამოიტანეს.

მეორე ტაიმი ქართველებმა ენერგიულად დაიწყეს. 48-ე წუთზე კობახიძე კარგად შეიჭრა მარჯვენა ფრთიდან და საჯარიმოში ოქრიაშვილს გადასცა ბურთი, თორნიკეს პირველი დარტყმული ლორისმა უხეიროდ მოიგერია, განმეორებითი დარტყმა კი ძელს მოხვდა. პრესლოჟაში ჩვენს გვერდით მჯდომმა ფრანგმა ჟურნალისტმა მოწონების ნიშნად ცერი შემართა. სტადიონის ტრიბუნები კი ემოციისგან კინაღამ დაინგრა. შემდგომში ფრანგები უფრო მეტს უტევდნენ, მაგრამ რეალურ საგოლე მომენტებამდე საქმე არ მისულა. ქეცბაიამ ტაიმის შუაწელში კობახიძის ნაცვლად ელგუჯა გრიგალაშვილი, დაღლილი ანანიძის მაგიერ კი თარგამაძე გაიყვანა მინდორზე და თამაშიც გათანაბრდა. საერთოდ, აშკარაა, რომ ჯანოს “ფიზიკაში” უჭირს.

ბოლოსკენ კი ფრანგებმა ისევ მძლავრად შეგვიტიეს. 84-ე წუთზე ლორიამ ორი სახიფათო დარტყმა მოიგერია, ჯერ რიბერის აუღო, შემდეგ ვალბუენას.

დაახლოებით იგივე 90-ზეც განმეორდა, როცა “დინამოს” კარის დარაჯმა ჯერ ჟირუს თავური მოიგერია კუთხურზე, შემდეგ კი სანიას ახლოდან დარტყმული გაანეიტრალა. ამ დროს აღფრთოვანებული სტადიონი “ლორია, ლორიას” ყვიროდა.

ჩვენებურთაგან მაინც ლორიას, კანკავასა და ოქრიაშვილს გამოვარჩევდით. მეკარეზე უკვე ვთქვით, საიმედოდ გაირჯა. კანკავა, შესაძლოა, მინდორზე “კარგად არ ჩანდა,” მაგრამ ძალიან დიდი სამუშაო შეასრულა და რიბერიმ რომ ვერ გაგვიტანა, მისი დამსახურებაც დიდი იყო. ოქრიაშვილი კი ჩვეულად, ეფექტურად ამწვავებდა თამაშს და ცოტა რომ გამართლებოდა, ისტორიული გოლის ავტორიც გახდებოდა.

საქართველო – საფრანგეთი 0:0

6 სექტემბერი. თბილისი. “დინამო არენა.”

საქართველო: ლორია, ლობჟანიძე, გრიგალავა, კაშია, ამისულაშვილი, ხუბუტია, კანკავა, კობახიძე (ელგუჯა გრიგალაშვილი 60), გელაშვილი (დვალიშვილი 79), ანანიძე (თარგამაძე 70), ოქრიაშვილი

მწვრთნელი: თემურ ქეცბაია

საფრანგეთი: ლორისი, ევრა, სანია, კოშელნი, სისოკო, ვალბუენა, გილავოგი (ნასრი 78), აბიდალი, რიბერი, ბენზემა (ჟინიაკი 62), ჟირუ

მწვრთნელი: დიდიე დეშამი

გაფრთხილება: ოქრიაშვილი (37), ლორია (87)

მსაჯი: ფირატ აიდინუსი (თურქეთი)

 

ფინეთი - ესპანეთი 0:2

 

1. ესპანეთი 6   4 2  0  10:2 14
2. საფრანგეთი
6   3 2  1  8:4 11
3. ფინეთი
6   1 3  2  4:6 6
4. საქართველო 6   1 2  3  3:7 5
5. ბელარუსი
6   1 1  4  4:10 4

 

10 სექტემბერს ერთმანეთს ხვდებიან

საქართველო - ფინეთი

ბელარუსი - საფრანგეთი

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.37342