საჭადრაკო ოლიმპიადის დასკვნით ტურში საქართველოს ქალთა ნაკრებმა ესპანეთი 2.5:1.5 დაამარცხა და 15 ქულით თამაში მე-8 ადგილზე დაასრულა, რაც ქართული გუნდისთვის ოლიმპიადებზე ნაჩვენები უცუდესი შედეგია.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებს მე-3 განთესვა ჰქონდა, თუმცა, 11 ტურში მხოლოდ 6 მატჩი მოიგო, 3 ფრედ დაასრულა, 2-ში კი მარცხი განიცადა და ათეულში შესვლა ბოლოსღა მოახერხა.
დასკვნით ტურში გამარჯვებები ნანა ძაგნიძემ (2547) და ნინო ბაციაშვილმა (2432) იზეიმეს, რომელთაც შესაბამისად, ესპანეთის სახელით მოთამაშე ანა მათნაძეს (2547) და იუდანია ერნანდეს ესტევეზს (2252) სძლიეს, ნინო ხურციძე საბრინა ვეგა გუტიერესს (2355) დაუზავდა, ბელა ხოტენაშვილმა (2509) კი ოლგა ალექსანდროვასთან (2417) წააგო.
ოლიმპიადის ჩემპიონი რუსეთის ნაკრები გახდა, რომელმაც 19 ქულა მოაგროვა და ჩინეთს დამატებითი მაჩვენებლებით აჯობა, მესამე ადგილი კი უკრაინას ერგო 18 ქულით.
13 ქულით 36-ე პოზიციაზე დაასრულა თამაში საქართველოს ვაჟთა ნაკრებმა, რომელსაც 26-ე განთესვა გააჩნდა და ბოლო ტურამდე ნორმალურადაც ”მიდიოდა”, დღეს კი მოულოდნელად დანიელებთან წააგო – 1:3.
წარუმატებლობა მერაბ გაგუნაშვილს და თორნიკე სანიკიძეს შეემთხვათ, მიხეილ მჭედლიშვილმა კი კონსტანტინე შანავამ კი პარტიები ფრედ დაასრულეს.
ვაჟებში ჩემპიონის ტიტული სომხეთმა მოიპოვა, რომელმაც რუსეთის დარად 19 ქულა მოაგროვა, თუმცა, მათ დამატებითი მაჩვენებლებით აჯობა. მე-3 ადგილი აქაც უკრაინას ერგო ასევე 18 ქულით.







