ისტორია

11:15 | 14.01.2011 | ნანახია [] - ჯერ

ისტორია 14 იანვარი

1948 – დაიბადა ვალერი ხარლამოვი. მსოფლიოს ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ჰოკეისტი. მიხაილოვ-პეტროვ-ხარლამოვის ტრიოს გარემარბი. 1972 და 1976 წლების ზამთრის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი. 1976 წლის ოლიმპიადის ჰოკეისტთა ტურნირის გადამწყვეტი შაიბა გაიტანა, რამაც საბჭოთა ნაკრებს ჩემპიონობა მოუპოვა. 1980 წლის ოლიმპიადის ვერცხლის მედლის მფლობელი (სოლტ-ლეიკ-სიტის თამაშების გადამწყვეტ შეხვედრაში, სსრკ-მ აშშ-ის ნაკრებთან წააგო). ხარლამოვმა რვაჯერ მოიპოვა მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული, ხოლო 11-ჯერ საბჭოთა კავშირისა (მოსკოვის ცსკა-ს შემადგენლობაში). 1971 და 1972 წლებში, ხარლამოვი მსოფლიოს ჩემპიონატების ყველაზე შედეგიანი მოთამაშე გახდა, ხოლო 1972, 1973, 1975 და 1976 წლების მუნდიალებზე ჩემპიონატის სიმბოლურ ხუთეულში დაასახელეს. 1976 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე აღიარეს პირველობის საუკეთესო ფორვარდად. კანადა-საბჭოთა კავშირის პირველ სუპერსერიაში, 1972 წელს ხარლამოვმა პირველსავე შეხვედრაში ორი შაიბა გაიტანა და მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს. ამავე სერიის მეექვსე შეხვედრაში, “ფილადელფია ფლაიერზის” ჰოკეისტმა ბობი კლარკმა, ხარლამოვს კოჭი მოტეხა. იგი ტრაგიკულად დაიღუპა 1981 წლის 27 აგვისტოს. ვალერი ხარლამოვი 1998 წელს, ჰოკეის საერთაშორისო ფედერაციის “დიდების დარბაზში” შეიყვანეს.

მნიშვნელოვანი ფაქტები

1917 – მამა-შვილმა ფეხბურთელებმა, ჯო და უოლტერ ბატლერებმა “გრიმსბი თაუნის” შემადგენლობაში “ჩესტერფილდის” წინააღმდეგ ითამაშეს.
1932 – ლეგენდარულმა ამერიკელმა ცხენოსანმა, ედი არკარომ თავისი პირველი რბოლა მოიგო.
1933 – ლონდონის “არსენალმა” ინგლისის საფეხბურთო ასოციაციის მატჩში, მესამედივიზიონელ “უოლსოლთან” 0:2 წააგო. ამ ასპარეზობის შედეგი, ხსენებული ტურნირის ერთ-ერთ ყველაზე მოულოდნელ შედეგად ითვლება.
1943 – ჰოკეის ეროვნული ლიგის (NHL) კლუბ “მონრეალ კანადიენსის” მოთამაშე ალექს სმარტმა, თავის პირველსავე სალიგო მატჩში ჰეთ-თრიკის შესრულება მოახერხა.
1964 – ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში, რიგით მეთოთხმეტე “ყველა ვარსკვლავის” მატჩი გაიმართა. ბოსტონში აღმოსავლეთის ნაკრებმა დასავლეთისას 111:107 მოუგო.
1974 – აშშ-ში მსოფლიოს საფეხბურთო ლიგა (World Football League) დაარსდა.
1975 – ნორვეგიელმა მოთხილამურემ, ანიტა ვოლდმა ტრამპლინიდან ხტომაში მსოფლიოს რეკორდი დაამყარა (98 მ).
1993. ბერძნულ-რომაული და თავისუფალი ჭიდაობის ფედერაციების გაერთიანებით, შეიქმნა საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია.
1998 – ლეგენდარული ამერიკელი კალათბურთელი, 1992 წლის ოლიმპიური ჩემპიონი, “დრიმ თიმის” მოთამაშე, ჩარლზ ბარკლი ამერიკულმა მართლმსაჯულებამ უდანაშაულოდ სცნო. ბარკლის ბრალი იარაღით თავდასხმაში ედებოდა.
2003 – 56 წლის სატვირთო მანქანის მძღოლი, რაიმონდ ევერესტი ყველაზე ხანდაზმული “საფეხბურთო ხულიგანი” აღმოჩნდა. მას ნაფიცმა მსაჯულებმა ხუთი წლით მიუსაჯეს თავისუფლების აღკვეთა. 2002 წლის 2 მაისს, ევერესტი “მილუოლისა” და “ბირმინგემ სიტის” მიერ ჩატარებულ პირველდივიზიონური ფლეი-ოფის შემდეგ პოლიციელს არ დაემორჩილა და მის ცხენს წიხლი უთავაზა. ევერესტს ცხოველისთვის სასტიკი მოპყრობის მუხლიც წაუყენეს.
2005 – მოსკოვში მიმდინარე ფეხბურთში დსთ-ის ჩემპიონთა თასის გათამაშებაში, პირველი შეხვედრა ჩაატარა “თბილისმა”. საქართველოს წარმომადგენელმა, უზბეკეთის ჩემპიონ ტაშკენტის “ფახთაქორს” 1:0 მოუგო. გოლი რევაზ გეწაძემ გაიტანა.
2005 – ტანიტ ბელბინმა და ბენჯამინ აგოსტომ ციგურებით ფიგურულ სრიალში, წყვილთა თანრიგში, ზედიზედ მეორედ მოიპოვეს აშშ-ის ჩემპიონის ტიტული.
2008 – ფეხბურთის ისტორიისა და სტატისტიკის საერთაშორისო ფედერაციამ, ჯანლუიჯი ბუფონი ზედიზედ მეოთხედ დაასახელა პლანეტის წლის საუკეთესო მეკარედ.  
2010. 2005 წლიდან მოყოლებული, “ბარსელონა” პირველი გუნდი გახდა, რომელმაც საკალათბურთო ევროლიგის გათამაშება დაუმარცხებლად გაიარა. 2005-ში ეს მოსკოვის ცსკამ შეძლო.
          
ამ დღეს დაიბადნენ

1905 – სვენ რიუდელი. შვეციის საფეხბურთო ნაკრების თავდამსხმელი. ამ სკანდინავიური ქვეყნის ეროვნული გუნდის 43 მატჩში, გატანილი აქვს 49 გოლი.
1932 – კარლოს-არიელ ბორხესი. ურუგვაის საფეხბურთო ნაკრების ფორვარდი. მსოფლიოს 1954 წლის ჩემპიონატის მონაწილე. ამ მუნდიალის ფინალური სტადიის 4 მატჩში გაიტანა 4 გოლი.
1936 – რაინერ კლიმკე. გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ცხენოსანი. ლოს ანჯელესის 1984 წლის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი.
1938 – ტორდ გრიპი. შვედი საფეხბურთო მწვრთნელი. “ლაციოს”, ინგლისისა და მექსიკის ნაკრებების დამრიგებლის, სვენ გორან ერიქსონის თანაშემწე.   
1952 – კარლოს მორეტე. “პუმას” მეტსახელით ცნობილი არგენტინელი ფორვარდი. 1970-80-იან წლებში ქვეყნის პირველობების 485 მატჩში, გაიტანა 245 გოლი. თამაშობდა ესპანეთშიც, თუმცა ევროპაში ფეხი ვერ მოიკიდა და სამშობლოში დაბრუნდა.
1955 – დომინიკ როშტო. საფრანგეთის ნაკრების ფორვარდი. ევროპის 1984 წლის ჩემპიონი. მსოფლიოს სამი პირველობის (1978, 1982, 1986) მონაწილე. მუნდიალ86-ის მესამეადგილოსანი. საფრანგეთის ნაკრებში ჩაატარა 49 მატჩი. საფრანგეთის პირველი დივიზიონის 419 მატჩში გაიტანა 149 გოლი. ქვეყნის ოთხგზის ჩემპიონი და თასის სამგზის მფლობელი.
1979 – კლიმენტი წიტაიშვილი. თემურ ქეცბაიას მთავარმწვრთნელობისას კვიპროსის ფამაგუსტას “ანორთოსისის” ფორვარდი. თბილისის “დინამოს” შემადგენლობაში 1999 წელს, მოიპოვა საქართველოს ჩემპიონის ტიტული. კლიმენტი წიტაიშვილი აგრეთვე გამოდიოდა ზუგდიდის “დინამოში”, თბილისის “შევარდენში”, ფოთის “კოლხეთში”, ნოვოროსიისკის “ჩერნომორეცსა” და კვიპროსის ‘ნეა სალამინაში”, ასევე ისრაელის “ბნეი იეჰუდაში”. მოპოვებული აქვს კვიპროსის ჩემპიონობა და თასი.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.097128