ზედიზედ მეორე ტურია, დიმიტრი ტატანაშვილი მოედანზე შეცვლაზე შედის და “დინამოსთვის” მეტად მნიშვნელოვანი გოლები გააქვს – თუ სამტრედიაში მოგებულ (2:1) შეხვედრაში, მან ანგარიში გაათანაბრა, ამჯერად, თბილისელებს სამი ქულა პირადად მოუტანა. არადა, მატჩის დასრულებამდე დიდი დრო არ რჩებოდა და ერთი შეხედვით, მასპინძლები გოლის გამტანს არ ჰგავდნენ, მაგრამ ტატანაშვილმა სკეპტიკოსებს იმედი არ გაუმართლა. სჩანს, ეს ფორვარდი შეცვლაზე უფრო პროდუქტიულია – თავის დროზე, თბილისის “ამერში” გამოსვლის დროს, თამაშში მეტწილად სათადარიგოთა სკამიდან ერთვებოდა და ხშირ შემთხვევაში, წარმატებითაც.
დაფიქსირებული ანგარიში მოედანზე მოვლენათა განვითარებას სრულად ასახავს –გუნდები დაბალ ტემპში თამაშობდნენ, რეალური საგოლე მომენტები იშვიათად იქმნებოდა და ლოგიკური იყო დაპირიპირების ბედი ერთ გოლს რომ გადაეწყვიტა.
გასაკვირი არაა, რომ “დინამო” ტერიტორიულ უპირატესობას ფლობდა, მაგრამ “სიონის” მასირებული დაცვის გადალახვა მასპინძლებს უჭირდათ. ამიტომ, ქვემოქართლელთა კართან ხიფათი ხშირად არ იქმნებოდა. თავის მხრივ, ბოლნისელები იღბალს კონტრშეტევაში ეძებდნენ და პირველი ტაიმის ბოლოს უკეთ რომ გარჯილიყვნენ, დაწინაურდებოდნენ კიდეც.
“დინამოს” პირველად ანგარიშის გახსნის შანსი 32-ე წუთზე ჰქონდა – მარცხენა ფლანგზე დანიშნული საჯარიმო დარტყმის შესრულების დროს, ზურაბ არზიანის მიერ პირდაპირ კარში გაგზავნილი ბურთი მინდია ბობღიაშვილმა კუთხურზე უკუაგდო. მანამდე, ჯერ მარჯვენა ფლანგიდან გიორგი კახელიშვილის გაკეთებულ გადაცემას, მეტოქის კარის შორეულ ძელთან ლევან ხმალაძე გამოეხმაურა, მაგრამ ზუსტად ვერ გაირჯა, ხოლო შემდეგ, ვახტანგ ფანცხავას თავური არაზუსტი აღმოჩნდა.
34-ე წუთზე, მარჯვენა ფრთიდან თომაშვილმა ჩაკიდა სტუმართა კარის წინ ბურთი მაღალი ტრაექტორიით და ხმალაძის თავით სახიფათოდ დარტყმულის განეიტრალება, ბობღიაშვილს ნახტომში მოუწია. ამ ეპიზოდში მან “სიონი” გოლის გაშვებისგან აშკარად იხსნა.
39-ე წუთზე, ლევან ჩხეტიანმა დარტყმის იმიტაცია გააკეთა, რასაც “დინამოს” ორი ფეხბურთელი წამოეგო, მაგრამ გიორგი ლორიასთან პირისპირ დარჩენილმა ბოლნისელმა, ბურთი მეკარესაც გადააცილა და კარის ზედა ძელსაც. შესვენებამდე, გიორგი რეხვიაშვილმა, რომელიც სტუმართა შორის ერთ-ერთი ყველაზე აქტიური იყო და “დინამოს” მცველებსაც დუელს ხშირად უგებდა, შორი მანძილიდან ძლიერად დაარტყა, თუმცა ლორიამ ბურთი ხელებში დააფიქსირა.
მეორე ტაიმი “დინამომ” აქტიურად დაიწყო და 52-ე წუთზე, მარცხენა ფლანგიდან ხმალაძის პასის მერე, ფანცხავამ ახლო მანძილიდან თავით ბურთი კარს ააცილა. ორიოდე წუთში, არზიანის მიერ შესრულებული კუთხურის შემდეგ, უკვე თავად ხმალაძის თავურმა არ ივარგა. მალე, ისევ ხმალაძემ იაქტიურა ფლანგზე და მისი გადაცემით, “სიონის” კარის შორეულ ძელთან მყოფმა ფანცხავამ ვერ იხეირა. 72-ე წუთზე, არზიანს კუნთი დაეჭიმა და მოედნის დატოვება ნაადრევად მოუწია.
“დინამოს” ტერიტორიულმა უპირატესობამ შედეგი მე-80 წუთზე გამოიღო, როდესაც მარჯვენა ფლანგზე შეტევაში ჩართულმა გულვერდ თომაშვილმა, ქვემოქართლელთა საჯარიმოში ტატანაშვილი მონახა, რომელმაც თავით ბობღიაშვილისგან მარჯვენა მაღალ კუთხეში ზუსტად დაარტყა და საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირა.
კახა კაჭარავა: “სიონი” უმაღლეს ლიგაში ადგილის შესანარჩუნებლად იბრძვის და რთული თამაში გვქონდა. მთავარია, მოვიგეთ. როდესაც გუნდი დაცვიდან თამაშობს, ამ შემთხვევაში, ხიფათი მის კართან ფეხბურთელთა ინდივიდუალური ქმედებების შედეგად უნდა შეიქმნას. დღეს, კახელიშვილმა და რობერტინიომ ვერ წარმოაჩინეს თავი სათანადოდ. მეორე ტაიმში სრული უპირატესობა გვქონდა და დამსახურებულად მოვიგეთ”.
აქვე გეტყვით, რომ განვლილ შეხვედრას, საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი თემუქრ ქეცბაია თანაშემწეებთან – სოსო ჭედიასთან და მამუკა აბუსერიძესთან ერთად დაესწრო.
14 მაისი. თბილისი. ეროვნული სტადიონი.
დინამო (თბილისი) –სიონი (ბოლნისი) 1:0 (0:0)
დინამო: ლორია (კ), თომაშვილი, ჰომოლა, კაკუბავა, ხმალაძე, არზიანი (გივი კვარაცხელია, 74), კვეკვესკირი, თექთურმანიძე, კახელიშვილი (ტატანაშვილი, 69), რობერტინიო (ლექვთაძე, 59), ფანცხავა.
მთავარი მწვრთნელი: კახა კაჭარავა
სიონი: ბობღიაშვილი, ნიკა კვასხვაძე, სვანიძე, დიდავა (კ), ორბელაძე, ქორიძე (შალამბერიძე, 77), ნოზაძე, გოგობერიშვილი, მანუჩარ ოქროპირიძე, ლევან ჩხეტიანი (ლომაია, 62), გიორგი რეხვიაშვილი (ისიანი, 58).
მთავარი მწვრთნელი: ხვიჩა ქასრაშვილი
გოლი: 1:0 ტატანაშვილი (80).
გაფრთხილება: ფანცხავა (86), შალამბერიძე (89).
მსაჯები: ა. კრიჭაშვილი, მ. ელიკაშვილი, ი. უკლება, მეოთხე მსაჯი: ლ. კვარაცხელია
ლაშა თაბაგარი









