ფეხბურთი

23:22 | 8.04.2014 | ნანახია [] - ჯერ

ისევ მარცვალაძე, ისევ გადამწყვეტ მომენტში

თბილისის “დინამომ” ოთარ მარცვალაძის გოლის წყალობით 1:0 სძლია გორის “დილას” და ფინალისკენ ნაბიჯი გადადგა. ეს არაა დიდი ნაბიჯი, რადგან ყველა ხვდება, მალხაზ ჟვანიას გუნდს გორში რთული მატჩი ექნება. აკი, ამაზე ორივე გუნდის მწვრთნელმაც თქვა პრესკონფერენციაზე.

უსახური პირველი ტაიმი ვიხილეთ. მეკარეები, ფაქტობრივად, არ ჩართულან თამაშში. გამოვარჩევთ მხოლოდ “დილას” ნახევარმცველ ალექსანდრე კოშკაძის შორიდან ოდნავ აცილებულს და კიდევ, იმ მომენტს, როცა დავით კვირკველიას საკუთარ საჯარიმოში ბურთი ხელზე მოხვდა. მსაჯმა ეპიზოდი საპენალტედ არ მიიჩნია. ისე კი, დინამოელები უფრო ხშირად ფლობდნენ ბურთს, ტერიტორიულ უპირატესობას ფლობდნენ.

მოკლედ, პირველი ნახევარი მშვიდად სრულდებოდა, მაგრამ გადამწყვეტი სიტყვა ისევ ოთარ მარცვალაძემ თქვა. “ისევ” იმიტომ, რომ გემახსოვრებათ, “ზესტაფონთან” პრინციპულ შეხვედრაში სწორედ ოთარმა გაიტანა ერთადერთი გოლი. ამჯერად კი, ჩისკომ მარჯვნიდან ჩააწოდა საჯარიმოში და მარცვალაძემ თავით შორეულ კუთხეში დაარტყა. ლამაზი გოლი გამოდგა – 1:0.

მეორე ტაიმი შედარებით კარგი სანახავი გამოდგა, რადგან “დილა” გაიხსნა და შეტევა სცადა. 54-ე წუთზე კობა შალამბერიძე, ფაქტობრივად, პირისპირ რჩებოდა ლორიასთან, მაგრამ მცველები დაეწივნენ და შალამბერიძემაც ცაციაზე გადაიტანა ბურთი. დაარტყა და მცველებს მოარტყა. ერთ წუთში გიორგი მერებაშვილის ჩაწოდებულ კუთხურს გიორგი რეხვიაშვილის თავური მოჰყვა და “დილა” ხარიხამ იხსნა.

მალევე, არეულობისას ირაკლი ძარიას დარტყმული მოიგერია მეკარე დავით ლეგაშვილმა, ხოლო ჩისკოს თავური ოდნავ არაზუსტი გამოდგა. 72-ე წუთზე მარცვალაძემ იაქტიურა, ორ მცველს გასცდა მოკლე მონაკვეთზე და კარში ურტყამდა, თუმცა ოთარ ხიზანეიშვილმა დაუფარა.

ბოლო 15 წუთში გააქტიურდნენ სტუმრები, თუმცა სახიფათო მომენტი ვერ შექმნეს. ეგაა, ბურთი ხშირად იყო დინამოელთა ნახევარზე და საჯარიმოში შესვლასაც ახერხებდნენ “დილას” ფეხბურთელები. უბრალოდ, დამაგვირგვინებელ დარტყმამდე ვერ მიჰყავდათ საქმე.

საბოლოოდ, 1:0 და საპასუხო შეხვედრის წინ (23 აპრილს გაიმართება) ინტრიგა დარჩა.

მატჩის შემდეგ:

გია გიგატაძე: "არჩეული გვქონდა ტაქტიკა და მთლიანობაში, ურიგოდ არ სრულდებოდა დავალება, მაგრამ შეცდომა დავუშვით და გოლად დაგვიჯდა. კონტრშეტევებს ვანხორციელებდით, მაგრამ დაგვაკლდა ის საშემსრულებლო ოსტატობა, რაც დინამოელებს აქვთ. წინ კიდევ 90 წუთია სათამაშო, ფინალში გასვლის შანსებს კი 50/50-ზე შევაფასებდი".

მალხაზ ჟვანია: "უპირველესად, რომან ფიფიას ვულოცავ დაბადების დღეს. ყოველ 4 დღეში თამაში გვაქვს და ეს გვეტყობა კიდეც. თასის სპეციფიკა, როგორც იცით, ჩემპიონატისგან განსხვავებულია. მაინც კარგია, რომ შინ გოლი არ გავუშვით. ყველაფერი გორში გადაწყდება".

საქართველოს თასი. ნახევარფინალი. პირველი მატჩი

8 აპრილი. 18:00. დინამო არენა. 1500 მაყურებელი

დინამო (თბილისი) – დილა (გორი) 1:0 (1:0)

დინამო: ლორია, ხურცილავა, რეხვიაშვილი, ხიდეშელი, კვირკველია, ძარია, ცინცაძე, გლიშიჩი (მერებაშვილი 46), ჩისკო (ჯანელიძე 80), მოდებაძე (პაპუნაშვილი 75), მარცვალაძე.

მწვრთნელი: მალხაზ ჟვანია.

დილა: ლეგაშვილი, ორბელაძე, მამუკა კობახიძე (გურეშიძე 60), ხიზანეიშვილი, შალამბერიძე, კვახაძე, რაზმაძე, ბოლქვაძე, სადაღაშვილი (ჯიშკარიანი 46), კოშკაძე (ხოჯავა 74), ბერიაშვილი.

მწვრთნელი: გია გიგატაძე.

გოლი: 1:0 მარცვალაძე (45).

გაფრთხილება: ძარია (52), რაზმაძე (80), გურეშიძე (85).

მსაჯი: გიორგი ვადაჭკორია.

 

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.168263