ევრო 2016-ის D შესარჩევ ჯგუფში საქართველოს ნაკრების მეტოქემ, ირლანდიამ შინ, დუბლინის “ავივაზე” იღბლიანად დაიწყო სერბეთთან ამხანაგური მატჩი და ბრანისლავ ივანოვიჩის უხეში შეცდომის შემდეგ დაწინაურდა. მე-8 წუთი იყო, “ჩელსის” მცველი ნელა აწვდიდა ბურთს მეკარე სტოიკოვიჩს, ირლანდიელთა ფორვარდმა შეინ ლონგმა კი იოლად მიუსწრო და ზუსტად დაარტყა – 1:0. ივანოვიჩმა მეკარეს გაუშალა ხელები, დროზე უნდა გამოსულიყავიო, თუმცა კარგად ჩანდა, რომ სწორედ ჩელსელის ბრალი იყო...
სერბები ამის შემდეგ უკეთ თამაშობდნენ, გაცილებით აზრიანად და კომბინაციურად ირჯებოდნენ. პირველ ტაიმში ვერა, მაგრამ მეორე ნახევრის საწყის 15 წუთში კი ბალკანელებმა ორი გოლი მიითვალეს. ჯერ ირლანდიელმა მაკარტიმ საკუთარ კარში ჩაჭრა ბურთი – თუმცა, მაკარტი რომ არა, ჯორჯევიჩი მაინც გაიტანდა იმ ეპიზოდში.
გადამწყვეტი გოლი კი ჯორჯევიჩმა შეაგდო მრავალსვლიანი კომბინაციის შემდეგ, რომელშიც ფეისა, მატიჩი და ტადიჩი მონაწილეობდნენ.
ირლანდია – სერბეთი 1:2 (1:0)
ირლანდია: ფორდი, უორდი (კლარკი 65), კიუ, ვილსონი, კოულმენი, მაკგიდი (მერფი 73), ველანი (ქუინი 80), ჰულალანი (პიკინგტონი 61), მაკარტი (მეილერი 61), მაკლინი, ლონგი (ვალტერსი 73).
სერბეთი: სტოიკოვიჩი, ბასტა (ტოშიჩი 58), ივანოვიჩი, ბიშევაცი, კოლაროვი, რუკავინა (გუდელი 88), ფეისა, მატიჩი, ჯორჯევიჩი (სცეპოვიჩი 86), ტადიჩი (ლიაიჩი 81), მარკოვიჩი (სულეიმანი 75).
გოლები: 1:0 ლონგი (8), 1:1 მაკარტი (48 საკ. კარში), 1:2 ჯორჯევიჩი (60).







