მსოფლიოს ჩემპიონატის პირველი დღე რომ ქართველი ძიუდოისტებისთვის წარუმატებელი გამოდგა, სპორტის ამ სახეობის გულშემატკივრების მორიგი იმედგაცრუებაა და როგორც წინა წარუმატებლობები, ამასაც როგორმე გადავიტანთ, მაგრამ წაგებაცაა და წაგებაც. ჩემპიონატის მიმომხილველი ერთ-ერთი ტელეკომპანიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, კუბელმა ორეიდას დესპაინმა (100 კგ) მეოთხედფინალის საგზური კურიოზულად მოიპოვა – მისმა მოწინააღმდეგემ შეხვედრაზე დააგვიანა და კუბელი გამარჯვებულად უბრძოლველად გამოაცხადეს.
ორეიდას დესპაინის გამოუცხადებელი მეტოქე ოლიმპიური ჩემპიონი ირაკლი ცირეკიძე იყო. ქართველმა ძიუდოისტმა იქამდე 2 შეხვედრა მოიგო და მერვედფინალშიც ფავორიტად მიიჩნეოდა, მაგრამ...
ოფიციალური მიზეზის მოსასმენად “მსოფლიო სპორტი” საქართველოს ნაკრების ხელმძღვანელობასთან დაკავშირებას უშედეგოდ ცდილობს. ამირან ტოტიკაშვილსა და მის ასისტენტ გურამ მოდებაძეს ტელეფონები გათიშული აქვთ.
ქართულ ძიუდოს წარმატებული ხანა ნამდვილად არ უდგას და ასე უაზროდ დაკარგული შანსი შეიძლება იმ ერთადერთი მედლის ტოლფასი იყოს, ნაკრების თავკაცს მსოფლიოს პირველობაზე გუნდის გამოსვლის დადებითად შეფასების ხალისს რომ მისცემდა.







