“მორჩა, კარიერას ვასრულებ”, - უთხრა გუშინ “მსოფლიო სპორტს” ოლიმპიურმა და მსოფლიოს ჩემპიონმა, ირაკლი ცირეკიძემ. საქართველოს ყველაზე ტიტულოვანი ძიუდოისტი გულშემატკივრებისთვის გულსატკენი გადაწყვეტილების მიღების მიზეზად მოტივაციის დაკარგვას ასახელებს და აზრის შეცვლის შანსს კატეგორიულად გამორიცხავს.
საკითხის გადასამოწმებლად და პირველი კომენტარის მოსასმენად იმერეთის ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტს, დავით ხახალეიშვილს შევეხმიანეთ:
- ირაკლის უკვე ველაპარაკე. გადაწყვეტილებაც გამაცნო.
- მიზეზად რას ასახელებს?
- სჯობს, თვითონ გიპასუხოთ.
- თბილისის მსოფლიოს თასზე უკვე აღარ იჭიდავებს?
- როგორც ვიცი, დიდი სპორტიდან მისი გაცილება სწორედ სპორტის სასახლეში შედგება.
დავით ხახალეიშვილის შემდეგ, “მსოფლიო სპორტი” თავად ირაკლი ცირეკიძეს დაუკავშირდა.
- მართლა გადაწყვიტე წასვლა?
- ასეა.
- როდის მიიღე გადაწყვეტილება?
- რამდენიმე თვის წინათ, მაგრამ აქამდე პირდაპირ მაინც არ ვამბობდი.
- რატომ მოინდომე აქტიური სპორტიდან წასვლა. ჯერ ხომ 27 წლის ხარ და კიდევ შეიძლებოდა მაღალი მიზნებისთვის ბრძოლა?
- მოდი ასე გეტყვით, მოტივაცია დავკარგე. სანამ ამ ნაბიჯს გადავდგამდი, საკმაოდ ბევრი ვიფიქრე.
- ოლიმპიადა და მსოფლიოს ჩემპიონატი მოიგე, საქართველოში საუკეთესო შედეგი გაქვს, მაგრამ ეგებ, სრული კოლექციის შესაკრავად ევროპის ჩემპიონობაზეც გეფიქრა...
- გადაწყვეტილება უკვე მივიღე.
- და აღარ შეცვლი?
- გამორიცხულია შევცვალო.
- გავიგეთ, რომ ბოლოჯერ ტატამზე შეიძლება თბილისის მსოფლიოს თასზე გახვიდე...
- არა. ჩემი ბოლო ტურნირი პარიზის დიდი სლემი იქნება, 6-7 თებერვალს.
ირაკლი ცირეკიძემ დიდ ქართულ ტატამზე პირველად 2005 წლის თბილისის საერთაშორისო ტურნირზე გაიელვა, როდესაც ოლიმპიურ ჩემპიონ ზურაბ ზვიადაურს გვარიანი წინააღმდეგობა გაუწია. მას შემდეგ, ნაკრების პირველნომრობაც მალევე დაიბევა და მედლების დაგროვებასაც შეუდგა. 2007-2008 წლებში ევროპის ჩემპიონატზე ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლები მოიპოვა. 2007 წელს დამოუკიდებელი საქართველოს პირველი მსოფლიოს ჩემპიონი გახდა, 2008-ში კი ოლიმპიური გვირგვინიც დაიდგა.
ოთარ მაღლაკელიძე







