მარტვილის ”მერანს” უმაღლეს ლიგაში ასპარეზობის მოკლე დროში დიდი წარმატებები არ ქონია, თუმცა მალხაზ ჟვანიას თაოსნობით, როცა ”მერანი” საუკეთესო ფორმაში იყო, გულშემატკივარს ბრძოლისუნარიან, საინტერესო გუნდად დაამახსოვრა თავი.
სანამ საკუთარ მოედანზე თამაშს აუკრძალავდნენ, ”მერანი” საშინაო შეხვედრებში თითქმის უდანაკარგოდ ასპარეზობდა და ერთ დროს ”სახლის გუნდსაც” უწოდებდნენ.
თუმცა ცუდი პერიოდიც დაუდგა სამეგრელოს წარმომადგენელ კლუბს, ჯერ გამოცდილმა მწვრთნელმა მალხაზ ჟვანიამ დატოვა გუნდი და თბილისის ”დინამოს” ჩაუდგა სათავეში. მწვრთნელის წასვლას საკადრო ცვლილებებიც მოჰყვა გუნდში, ტრავმიანობა და საშინაო მატჩების სამტრედიაში თუ მცხეთაში ჩატარება საბოლოოდ ცუდი შედეგი გამოიღო და უმაღლეს ლიგაში ასპარეზობას გამოეთიშა.
ჟვანიას შემდეგ არასახარბიელო სიტუაციაში მყოფი ”მერანი” კახა ჩხეტიანმა ჩაიბარა. მიუხედავად ჩხეტიანის მონდომებისა შედეგი მაინც არ ჩანდა, უკვე აუტსაიდერთა შორის მყოფი ”მერანის” ბედი კი საქართველოს ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირს, ყოფილ ფეხბურთელს ზურაბ იონანიძე მიანდეს.
სამწუხაროდ ვერც იონანიძეს მiსვლამ უშველა გუნდს, სატურნირო ცხრილში ბოლო ადგილი დაიკავა და უმაღლეს ლიგაში ადგილი დაკარგა.
როგორც ”მერანის” პრესsამსახურიდან შევიტყვეთ, ”მერანს” ახალი მწვრთნელი ეყოლება. მოსალოდნელია საკადრო ცვლილებები გუნდშიc.
ასევე შევიტყვეთ კარგი სიახლე, კერძოდ მომავალი სეზონიდან ”მერანს” კეთილმოწყობილი სტადიონი ექნება. ტენდერი უკვე გამოცხადებულია და 19 მაისამდე გაირკვევა იმ კომპანიის ვინაობა, რომელიც სამუშაოებს ჩაატარებს.
როგორც კლუბში ირწმუნებიან, გარემონტებული არენის გახსნა აგვისტოსთვის იგეგმება. იმ დროისთვის უნდა გამოიცვალოს მინდვრის საფარი, დამონტაჟდეს განათება და ელექტროტაბლო, განახლდეს გასახდელები, აშენდეს ორმხრივი ტრიბუნა, მოეწყოს პრეს და ვიპ-ლოჟები... "მერანის" არენა დაახლოებით 5-6 ათასამდე ქომაგს დაიტევს.
ედემი ელერჯია









