სხვა

14:51 | 19.11.2012 | ნანახია [] - ჯერ

იოკოძუნა ერთპიროვნულად დაწინაურდა

კიუშიუ ბაშოს 9 დღის თავზე ფუკუოკას “კოკუსაი სენთერში” მიმდინარე წლის დასკვნით სუპერტურნირს ერთადერთი დაუმარცხებელი მონაწილეღა შემორჩა. ეს მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც სეკივაკე გოეიდომ იორიკირით იოკოძუნა ჰარუმაფუჯისთან წააგო, კიდევ ერთმა მონღოლმა იოკოძუნა ჰაკუჰომ კი სეკივაკე მიოგირიუს იორიტაოშით სძლია.
ამგვარად, “თეთრ ფენიქსს” 9 გამარჯვება მოუგროვდა, მისი უახლოსი მდევრები კი ხსენებული ჰარუმაფუჯი, გოეიდო და დასავლეთის მე-6 მაეგაშირა ტოიონოშიმა არიან, რომელთა აქტივშიც 8-8 მოგებაა. მომდევნო ტურში ჰაკუჰო გოეიდოს დაუპირისპირდება, ჰარიმაფუჯის მეტოქე კი ტოიონოშიმა იქნება.
ზედიზედ მე-3 წარმატებული დღე ჰქონდა ელიტარული მაკუუჩი დივიზიონის ყველაზე მძიმე (212 კგ.) სეკიტორ თეიმურაზ ჯუღელს. გაგამარუს შიკონათი ცნობილმა ქართველმა გოლიათმა ამჯერად მე-14 მაეგაშირა ჩიონოკუნის ცუკიდაშით აჯობა და კვლავ დადებით ბალანსზე (5 მოგება, 4 მარცხი) გავიდა.
შეგახსენებთ, რომ ჯუღელი ფუკუოკას ტურნირზე აღმოსავლეთის მე-7 მაეგაშირას წოდებით ირჯება და შემდგომი წინსვლისთვის, კაჩი-კოშის დაფიქსირება სჭირდება. გაგამარუს მომდევნო მოწინააღმდეგე მე-15 მაეგაშირა იოშიაძუმა იქნება, რომელსაც კიუშიუზე მხოლოდ ერთი გამარჯვება აქვს მოპოვებული, მიმდინარე წლის იანვარში კი ქართველს იგი იორიკირით ჰყავს დამარცხებული.
ჯუღელისგან განსხვავებით, ძალიან წარუმატებლად ასპარეზობს ტოჩინოშინის მეტსახელით ცნობილი ლევან გორგაძე, რომელმაც უარყოფითი ბალანსი (მაკე-კოში) უკვე მე-9 საშეჯიბრო დღეს გაიფორმა. აღმოსავლეთის მე-3 მაეგაშირას ტიტულის მქონე ქართველმა ოძეკი კაკურიუსთან იორიკირით წააგო და სასტარტო გამარჯვების შემდეგ ზედიზედ მე-8 (!) მარცხი მოუგროვდა. მომდევნო ტურში ტოჩინოშინი მე-8 მაეგაშირა დაიდოს გაეჯიბრება (წლეულს იგი უკვე სამჯერ ჰყავს დამარცხებული), თუმცა, უკვე ცნობილია, რომ ლევანს სერიოზული დაქვეითება არ ასცდება.

 

http://www.youtube.com/watch?feature=player_embedded&v=JWU0cItXcwU

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.164644