“რამდენი და რანაირი კომენტარი გავაკეთოთ? “მსოფლიო სპორტს” მოგმართავთ, თუ შეგიძლიათ რამით დაეხმაროთ ძიუდოს, თქვენ თუ ვერ გამოთქვავთ პროტესტს, ჩვენი ხმა მაინც მიიტანეთ ყველას ყურამდე. როგორ, ძალიან კარგად იცით!!!” – ეს თხოვნა ქართული ძიუდოს გულშემატკივრისგან სპორტულ ვებ-გვერდ “www.worldsport.ge”-ზე მივიღეთ. ამ შინაარსის წერილების რაოდენობა თითზე ჩამოსათვლელი რომ იყოს, შეიძლება მკითხველის კომენტარს რეაგირებაც არ მოჰყოლოდა, მაგრამ ძიუდოს მოყვარულთა ინტერნეტ-სივრცეში გამოთქმულ მოსაზრებებში ისეთი ერთსულოვნებაა, ვერც ერთი სახეობა რომ ვერ დაიკვეხნის. სამწუხაროდ, ამ შემთხვევაში ძიუდოისტებს შესაშურად საქმე ნამდვილად არ აქვთ. გულშემატკივარი ამ სახეობის დღევანდელი დღით აშკარად უკმაყოფილო და უფრო მეტიც, იმედგაცრუებულია. ხალხის კრიტიკის მთავარი სამიზნე ძიუდოს ფედერაციისა და ნაკრების ხელმძღვანელობაა.
ბოლო წლებში, აწეწილი შიდა ამბების პარალელურად, ძიუდოში ჟურნალისტებზე პირდაპირი თუ არაპირდაპირი გზით თავდასხმის ფაქტებიც დაფიქსირდა. რატომღაც, მავანთ კრიტიკული აზრი დღესაც არაპროფესიონალიზმად მიაჩნიათ და ნებისმიერი მკაცრი შეფასების უკან პირად ინტერესებს და ბოღმას ეძებენ.
ჩვენს ვებ-გვერდზე უმეტესწილად ის სტატიებია განთავსებული, რომლებიც გაზეთ “სპორტულ ამბებში” იბეჭდება, ოღონდ ელექტრონულ ვერსიას ერთი ძალიან დიდი უპირატესობა აქვს. მკითხველს შესაძლებლობა ეძლევა, თითოეული სტატიის ქვემოთ თავისი მოსაზრება დაწეროს. ამჯერად სწორედ ძიუდოს შესახებ დაწერილი სტატიების ქვემოთ, გულშემატკივრების მიერ გამოთქმულ აზრთა მცირე ნაწილს გაგაცნობთ. არის ხალხი, ვინც ინტერნეტში კითხვას ვერ ახერხებს და სწორედ მათთვის გადავწყვიტეთ, კომენტარების ერთი ნაწილი გაზეთში გადმოგვეტანა.
სტატია რომ ცალმხრივი და მიკერძოებული არაა და ორი საპირისპირო პოზიციიდან მხოლოდ ერთსა არ აშუქებს, ეს შეგიძლიათ, ისევ და ისევ “www.worldsport.ge”-ზე გადაამოწმოთ. ძიუდოს თემაში განსხვავებული აზრი თითქმის არ არსებობს.
leonardo: გული მტკივა რომ ვხედავ ძიუდოს ასეთ დაღმასვლას და მეშინია, რომ გავა დრო და ფეხბურთის არ იყოს, მოგონებებითღა გავერთობით, რომ ოდესღაც ჩვენც რამეს წარმოვადგენდით სპორტის ამ სახეობაში...
kaxa-kaxa: მალე მსოფლიოს ბრინჯაო სანატრელი გვექნება.
kopala: არის რამდენიმე სახეობა, რომელიც გადაგვარების ზღვარზეა და შველა უნდა.
shotaa: ტოტიკაშვილს დრო უნდა მივცეთ ჯერ. ასუმბანი, კედელაშვილი, წიკლაური, ბოდაველი, ლიპარტელიანი, გუჯეჯიანი, ცირეკიძე, ჟორჟოლიანი - განსაკუთრებით ამ სპორტსმენებზე უნდა გაკეთდეს აქცენტი მსოფლიოს ჩემპიონატისთვის.
Nacisti08: კარგი რა, თუ ძმა ხარ. დრო კი არა, ხვალვე თუ გადადგება, ჩათვალე რომ იმის ნახევარი მაინც გადარჩება, რაც წლობით მოუპოვებიათ ბიჭებს. მე პირადად მაგ კაცის ხელში ქართული ძიუდოს რამენაირი წარმატება ძალიან მეეჭვება. ხომ არ გგონია ევროპის გუნდური პირველობა მაგის ან დილარ ხაბულიანის დამსახურება იყოს? ყველაფერს ბიჭებმა თავისი ინდივიდუალური ნიჭის წყალობით მიაღწიეს და ამათ დაიბრალეს.
leonardo: ტოტიკაშვილო, არაა ეგ ადგილი საშენო. ნუ იქნები ძიუდოს დამღუპველების გვერდით...
Xandakeli: სერთოდ რა შედეგები გვაქვს რაც ეს კაცი დადგა მთავარ მწვრთნელად? მაგრამ მარტო მაგის ბრალიც არაა. საფუძვლიანი ცვლილებებია საჭირო თორემ მერედა მერე სულ უკან მიდის საქმე. მოკვდება ეს სპორტიც. დროა მოვითხოვოთ პასუხები! მივცეთ ვადა მსოფლიომდე და თუ მსოფლიოზე შედეგი არ იქნა მინიმუმ კომპლექტი, მაშინ მთავარი მწვრთნელი და ფედერაციის ხემძღვანელობა გადაგეს.
Oto1980: არადა რამდენი წლის შრომა და წვალება რა სწრაფად ჩაყარეს წყალში. ერთიანად გადაახტუნეს უფსკრულში ქართული ძიუდო. მე მგონი სპეციალურად ღუპავენ. საიტის ხელმძღვანელობას მინდა მივმართო თხოვნით: შეიძლება სხვა სპორტის სახეობებში აზრთა სხვადასხვაობა გვაქვს ჩვენ გულშემატკივრებს, მაგრამ ძიუდოში არსებულ სიტუაციაზე ყველას ჩვენ ერთი და ნათელი აზრი გაგვაჩნია.სასწრაფოდ უნდა მოცილდნენ ფედერაციას ხაბულიანი და თავისი დამქაშები და დააბრუნონ ბატონი შოთა ხაბარელი. იქნებ რამენაირად დაგვეხმაროთ გულშემატკივრებს და რაიმე ბერკეტით ვაიძულოთ ფედერაცია პასუხი აგონ ამ კატასტროფულ სიტუაციაზე, რაც ხდება ჩვენს ძიუდოში.
Xandakeli:მეც ვუერთდები გულშემატკივრებს რედაქციას ვთხოვ დაიბეჭდოს კრიტიკული სტატია, სადაც მთლი სიმკაცრით იქნება დასმული კითხვები და გთხოვთ შევიკრიბოთ ჩამოვაყალიბოდ ფან-კლუბი, როგორც ფეხბურთშია. გაგვიწიეთ ორგანიზება და შემდგომ ყველა ერთად ვისჯელებთ გამოსავალზე. მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდება ფედერაცია გულშემატკივრების აზრს.
Oto1980: კარგი აზრია ნამდვილად ფანკლუბის ჩამოყალიბება, აუცილებელია. მგონი დღესდღეობით ქართულ სპორტში ამაზე აქტუალური თემა და პრობლემა არ არსებობს, რაც ძიუდოშია. კარგი იქნება ასევე მართლაც ვრცელ სტატიას თუ მიუძღვნიან გაზეთის რედაქტორები და ტელევიზიით თუ გააშუქებენ მთლად უკეთესი. თორემ ჩვენ კი ვუზიარებთ ერთმანეთს საკუთარ გულის ტკივილს და შეფასებებს მარა, ამით ძნელად თუ შეიცვლება რამე. ჩალით დახურული როდემდე უნდა იყოს ეს ქვეყანა?! ვისაც გული შეგვტკივა ჩვენი აზრი ყველამ დავაფიქსიროთ აქ და იმედია, გაზეთის რედაქციაც რაიმე რჩევას მოგვცემს და გვერდით დაგვიდგება.
irakli17:დააბრუნეთ ხაბარელიიიიიიიი..
shotaa: დააბრუნეთ ხაბარელიო და ისევ უსამართლობა უნდა იყოს ნაკრებში? მთავარი ის კი არ არის, ძლიერი მწვრთნელი იყო, მთავარია სამართლიანი იყო. გავიხსენოთ, ბაინდურაშვილმა აიღო ლიცენზია მაგრამ ოლიმპიადაზე გავაშველიშვილი წაიყვანა ხაბარელმა, და კიდევ ბევრი მსგავსი მაგალითი არსებობს უსამართლობის, ტოტიკას ჯერ დრო უნდა მივცეთ და თუ ვერაფერს გააკეთებს ისიც უნდა წავიდეს, ხაბულიანი დიდი ხანია უნდა წასულიყო.
leo...: ხაბარელის დონის მწვრთნელი ევროპაში რამდენიმე თუ მოიძებნება, აბა ამ კაცის გაშვება იქნებოდა, რასაც შოთამ მიაღწია დღევანდელი ხელმძღვანელობა იმით იწონებს თავს, მაგრამ ეს დიდი ხანი არ გაგრძელდება, ვისაც რამის შეცვლა რეალურად შეუძლია, ხმა დღესვე უნდა აიმაღლოს თორემ ხვალ გვიან იქნება, როდის ვისწავლით საქართველოში იმ ხალხის დაფასებას ვინც ამას ნამდვილად იმსახურებს.
mefe333: ძიუდოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე იმ მანქანას გავდა, ძრავა რომ აღარ უმუშავებს და მხოლოდ დაღმართზე აკრეფილი ინერციითღა მიგორავს. სირცხვილია, ხალხნო სირცხვილი. ხაბარელი გყავდეს, გააგდო და სხვა დანიშნო იმ ადგილზე შენი ვიწრო ინტერესებისათვის. გვენგრევა თავზე ძიუდო და შველა უნდა, დავირაზმოთ ქართველებო თორემ ცოტა ხანში ხელში ნანგრევებიღა შეგვრჩება
sanakari: ფინანსური პრობლემების გამო რომ ვერ მიდიოდა ნაკრები ბრაზილიაში, თავიდანვე ნათელი იყო. კარგია, რომ თანხა დაიზოგა, მაგრამ რა გვიშლის ხელს, რომ მსოფლიო თასზე მადრიდში, ლისაბონში და ულან-ბატორში ვიასპარეზოთ? რატომ მარტოოდენ მადრიდში.... ნუთუ ვერ ამჩნევენ, რომ როგორ იმაღლებენ მონგოლები კლასს ბოლო პერიოდში? თითქმის ყველა წონის ათეულში ჰყავთ ძიუდოისტები.... რატომაა მათთან ჭიდილი არაპრესტიჟული? თუ აბრაზილიაში ვერ მივდივართ უსახსრობის გამო, მსოფლიო თასებზე, რომლებიც ევრაზიაში იმართება, რატომ არ მივდივართ?
Arsenal_Gunners: ვენაცვალე ქართულ სულს, ქართულ ჯიგარს და ყველა იმ ქართველ სპორტსმენს, ვინც თავისი ქვეყნის სასახელოდ თავს არ დაზოგავს!!! უზომოდ გახარებული ვარ ევროპის გუნდურ ჩემპიონატზე ჩვენი ძიუდოისტების წარმატებით!!! მაგრამ, გულში მაინც ხინჯად მრჩება ის ფაქტი, რომ ძიუდოს ფედერაციის ხელმძღვანელებს სატრაბახოდ მიეცათ საქმე და ჩვენი გმირი ბიჭების ინდივიდუალურ თავდადებას, ხაზს ვუსვამ ინდივიდუალურ თავდადებას, თავიანთ აქტივში იწერენ ურცხვად!!! ხალხო, გონს მოდით, გთხოვთ და ეს გაელვებითი წარმატება (რომელიც ისევ და ისევ ჩვენი ბიჭების თავდადების დამსახურებაა) ნუ დაგაბრმავებთ! ქართული ძიუდო რეგრესისკენ მიდის და ამის დასტურია ბოლო 2 ჩაგდებული ევროპისა და მსოფლიოს პირველობა!!!
“მსოფლიო სპორტის” რედაქცია სთხოვს ყველას, ვისაც განსხვავებული აზრი აქვს (თუკი ასეთი გულშემატკივრებიც არსებობენ), თავისი აზრი ძიუდოს განყოფილებაში დააფიქსიროს. ჩვენ კი სხვა თუ არაფერი, მომავალი საგაზეთო სტატია უფრო საინტერესო იქნება...
ოთარ მაღლაკელიძე







