დღეს, ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალების პირველი წრე დასრულდება. გასამართი მატჩებიდან ორივე საინტერესოა. ერთში, ტურნირის ერთ-ერთი უმთავრესი ფავორიტი თამაშობს, ხოლო მეორეში, თანაბარი ბრძოლაა მოსალოდნელი.
ბაზელი-ბაიერნი
წყვილის გამოკვეთილი ფავორიტი მიუნხენის “ბაიერნია”. წელს, ჩემპიონთა ლიგის ფინალი “ალიანს არენაზე” იმართება და გერმანელებს გადამწყვეტ მატჩამდე მიღწევის განსაკუთრებული მოტივაცია აქვთ. თუმცა, ფინალამდე ჯერ შორია და იუპ ჰაინკესის გუნდს ჯერ 1/8-ფინალური ეტაპის დაძლევა მართებს.
გუნდები აქამდე ერთმანეთს 2-ჯერ შეხვედრიან. 2010 წელს, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე, “ბაიერნმა” შვეიცარიაში 2:1, ხოლო გერმანიაში 3:0 მოიგო. პირველ მატჩში გოლები შვაინშტაიგერმა (2) და ალექსანდრ ფრაიმ გაიტანეს. მე-2 შეხვედრაში, თავი რიბერიმ (2-ჯერ) და ტიმოშჩუკმა გამოიჩინეს.
“ბაზელი” გერმანულ გუნდებს სულ 11-ჯერ შეხვედრია. შვეიცარიელებს 2 მოგება, ამდენივე ფრე და 7 მარცხი აქვთ. საკუთარ კედლებში, “ბაზელმა” ერთხელ მოიგო და 4-ჯერ წააგო.
შვეიცარიის წარმომადგენლებთან ჩატარებული 6 თამაშიდან “ბაიერნმა” 5 მოიგო და 1 დათმო. გასვლაზე, მიუნხენელებმა 2-ჯერ იმარჯვეს და ერთხელ წააგეს.
შეხვედრას იტალიელი არბიტრი, ნიკოლა რიცოლი განსჯის. “ბაზელის” თამაშში მან მონაწილეობა 2-ჯერ მიიღო და შვეიცარიელებმა ორივე ეს მატჩი მოიგეს. რაც შეეხება “ბაიერნს”, მიუნხენელებმა 2010 წელს, ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალში, მანჩესტერში 2:3 წააგეს, მაგრამ იმ თამაშის შემდეგ, 1/2-ფინალში მაინც “ბაიერნი” გავიდა.
დღევანდელ მატჩს ორივე გუნდი დანაკლისით ხვდება. მასპინძლებს სკოტ ჩიპერფილდი ვერ დაეხმარება. საეჭვოა ფილიპ დეგენის თამაშიც. სტუმრებს ტრავმირებული დიეგო კონტენტო და ბასტიან შვაინშტაიგერი არ ეყოლებიან.
• “ბაზელი” პირველი შვეიცარიული კლუბია, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის (1992 წლიდან) ფლეი ოფში გასვლა მოახერხა;
• 1/8-ფინალისტთა შორის, “ბაზელი” ერთადერთი გუნდია, რომელსაც მიმდინარე გათამაშებაში კარი მშრალად ჯერ არ შეუნახავს;
• ჯგუფურ ეტაპზე, “ბაიერნის” ფეხბურთელებმა მეტოქეთა კარები 11-ჯერ აიღეს. აქედან, მიუნხენელებმა 9 გოლი პირველ ტაიმში გაიტანეს;
• მიმდინარე გათამაშებაში, “ბაზელმა” 3 გოლი კონტრშეტევის დროს გაიტანა, რაც საუკეთესო მაჩვენებელია;
• “ბაზელი” ყველაზე სახიფათო შეხვედრის პირველ და ბოლო თხუთმეტ წუთშია. დროის ამ მონაკვეთებში შვეიცარიელებს 3-3 გოლი აქვთ გატანილი;
• ჩემპიონთა ლიგის ფინალურ ეტაპზე ჩატარებულ თერთმეტ მატჩში ალექსანდრ ფრაის 8 გოლი აქვს გატანილი;
• მიმდინარე გათამაშებაში ყველაზე მეტჯერ, 23-ჯერ თამაშის წესები ფრანკ რიბერიმ დაარღვია;
• ჯგუფურ ეტაპზე, “ბაზელმა” 10 გოლი გაუშვა, რაც 1/8-ფინალისტთა შორის ყველაზე ცუდი შედეგია;
• მიმდინარე გათამაშებაში ჩატარებულ ხუთ მატჩში, მარიო გომესმა 6 გოლი გაიტანა. ბომბარდირთა დავაში ლიდერ მესის იგი 1 ბურთით ჩამორჩება.
სავარაუდო შემადგენლობები
ბაზელი (4-4-2): სომერი, შტაინჰიოფერი, აბრაჰამი, დრაგოვიჩი, ჰო, ფ. ფრაი, ქსაკა, ჰუგელი, შაქირი, ა. ფრაი, შტრელერი.
ბაიერნი (4-2-3-1): ნოიერი, რაფინია, ბოატენგი, ბადშტრუბერი, ლამი, ალაბა, გუსტავო, რობენი, კროოსი, რიბერი, გომესი.
მსაჯი: ნიკოლა რიცოლი (იტალია).
მარსელი-ინტერი
1/8-ფინალების კენჭისყრის შემდეგ, ამ წყვილის ფავორიტად “ინტერი” მიიჩნეოდა, მაგრამ დღეს ასეთი რამის თქმა ნამდვილად არ შეიძლება. ამის მიზეზი ისაა, რომ ბოლო დროს, “მარსელი” ძალიან კარგ შედეგებს აჩვენებს, “ინტერი” კი პირიქით – თამაშს თამაშზე აგებს.
“ინტერის” სასარგებლოდ არც ურთიერთშეხვედრების ისტორია მეტყველებს. გუნდები აქამდე ერთმანეთს 2-ჯერ შეხვდნენ. 2004 წელს, უეფას თასის 1/4-ფინალში, “მარსელმა” ორივე თამაში მოიგო, ჯამში 2:0.
“მარსელს” იტალიურ გუნდებთან ჩატარებულ თექვსმეტ მატჩში 6 მოგება, 5 ფრე და ამდენივე მარცხი დაუგროვდა. საკუთარ კედლებში, ფრანგებმა 4-ჯერ მოიგეს, ერთხელ ფრედ ითამაშეს და 2-ჯერ წააგეს.
“ინტერი” საფრანგეთის წარმომადგენლებს 22-ჯერ შეხვედრია. მილანელებმა 10-ჯერ მოიგეს, 6-ჯერ ფრედ ითამაშეს და 6-ჯერ წააგეს. გასვლაზე, “ინტერს” 5 მოგების წილ, 3-3 ფრე და წაგება აქვს.
თამაშის განსასჯელად უეფამ ჯიუნეით ჩაქირი მიავლინა. თურქ არბიტრს ორივე გუნდის თამაშში თითოჯერ უმსაჯია. 2010 წელს, უეფას თასის 1/16-ფინალში, “მარსელმა” საკუთარ კედლებში “კოპენჰაგენი” 3:1 დაამარცხა. იმავე წელს, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე, “ინტერი” ბრემენში 0:3 განადგურდა.
ტრავმების გამო, მასპინძლებს სტეფან მბია და ლოიკ რემი, ხოლო სტუმრებს რიკარდო ალვარესი არ ეყოლებათ.
• “მარსელი” უკვე 15 მატჩია წაუგებელია. დეშანის შეგირდებმა ამ 15 თამაშიდან 12 მოიგეს;
• ბოლო 6 თამაშიდან, “ინტერმა” 5 წააგო და 1 ფრედ ითამაშა;
• მიმდინარე გათამაშებაში, “ინტერი” გასვლაზე ჯერ არ დამარცხებულა;
• “მარსელმა” ჩემპიონთა ლიგის ბოლო 2 საშინაო მატჩი წააგო და ორივე ანგარიშით 0:1;
• დიდიე დეშანმა კლაუდიო რანიერი 2003-04 წლების სეზონში, ჩემპიონთა ლიგის 1/2-ფინალში დაამარცხა, როდესაც პირველი მათგანი “მონაკოს” წვრთნიდა, ხოლო მეორე – “ჩელსის”;
• თუ ინტერტოტოს თასის თამაშს არ ჩავთვლით, “მარსელს” იტალიური გუნდისთვის ერთზე მეტი გოლი არასდროს გაუტანია;
• “მარსელი” ერთადერთი გუნდია, რომელმაც მიმდინარე გათამაშებაში გამარჯვება მოახერხა მიუხედავად იმისა, რომ 0:2 მარცხდებოდა;
• ჩემპიონთა ლიგაზე, “ინტერის” მიერ გატანილი ბოლო 4 გოლი ამდენივე არგენტინელის ანგარიშზეა (მილიტო, ალვარესი, სამუელი და კამბიასო);
• “მარსელის” ფეხბურთელები დამაგვირგვინებელ ფაზაში ცუდად თამაშობენ. მათი დარტყმებიდან კარში მხოლოდ 38% წავიდა, რაც 1/8-ფინალისტთა შორის ყველაზე ცუდი მაჩვენებელია;
• ჯგუფურ ეტაპზე, “ინტერმა” კუთხურიდან 3 გოლი გაიტანა, რაც საუკეთესო შედეგია;
• თუ დღეს “ინტერმა” იმარჯვა, მილანელებს ჩემპიონთა ლიგის ფინალურ ეტაპზე 50 მოგება დაუგროვდებათ.
სავარაუდო შემადგენლობები
მარსელი (4-2-3-1): მანდანდა, ასპილიკუეტა, დიავარა, ნ’კულუ, მორელი, დიარა, კაბორე, ამალფიტანო, ვალბუენა, ა. აიუ, ბრანდაო.
ინტერი (4-4-1-1): სეზარი, მაიკონი, ლუსიო, სამუელი, ნაგატომო, ძანეტი, სტანკოვიჩი, კამბიასო, პოლი, სნეიდერი, მილიტო.
მსაჯი: ჯიუნეით ჩაქირი (თურქეთი).
მიშა ზაქარეიშვილი
შენიშვნა: ურთიერთშეხვედრების ისტორიაში გათვალისწინებულია მხოლოდ უეფას ეგიდით ჩატარებული თამაშები.









