ნაგოიას ბაშოს დასკვნით დღეს იოკოძუნა ჰაკუჰო და ოძეკი ჰარუმაფუჰი ერთმანეთის პირისპირ დადგებიან და “იმპერატორის თასის” მფლობელის ვინაობასაც გაარკვევენ. მონღოლმა სეკიტორებმა ბოლო შერკინებამდე მარცხის გარეშე მიაღწიეს და უახლოეს კონკურენტებს, რომელთა შორის ქართველი გაგამარუც გახლავთ, უკვე 4-4 მოგებით უსწრებენ.
თეიმურაზ ჯუღელმა მორიგ წარმატებას მე-15 მაეგაშირა ჩიოტაირიუსთან მიაღწია. აღმოსავლეთის მე-7 მაეგაშირას წოდებით მოასპარეზე ქართველმა გოლიათმა უვატენაგეთი იმარჯვა და მე-10 გამარჯვება გაიფორმა. ივლისის ტურნირის ბოლო დღეს გაგამარუ მე-7 მაეგაშირა ტოიოჰიბიკის დაუპირისპირდება.
ბრაზილიელ მე-8 მაეგაშირა კაისეისთან იორიტაოშით დამარცხდა ტოჩინოშინის შიკონათი ცნობილი ლევან გორგაძე. შედეგად, მას 8 მოგების წილ 6 მარცხი მოუგროვდა. მიუხედავად ამისა, ტოჩინოშინის გაგამარუს დარად დადებითი ბალანსი იგივე კაჩი-კოში განაღდებული აქვს. გორგაძეს ბოლო შერკინება მე-13 მაეგაშირა დაიდოსთან ელის.
რანგით მე-2 ძურიოს დივიზიონში 10 წაგების ფონზე მე-4 გამარჯვება იზეიმა ქართული სუმოს პიონერმა ლევან ცაგურიამ. კოკაიმ მე-12 ნომერი ონიარაში ოშიდაშით დასცა და მდგომარეობა მცირედით გამოასწორა. კვირას ”შავი ზღვა” ძალებს ოივატოსთან (მე-9) მოსინჯავს, თუმცა, გარკვეულია, რომ ძურიოს მე-7 რეიტინგს უარეს წოდებაზე გაცვლის.
http://www.youtube.com/watch?v=4PWUSJTLknU&feature=player_embedded







