სხვა

16:16 | 20.05.2012 | ნანახია [] - ჯერ

“იმპერატორის თასი” სენსაციურ ვეტერანს

ტოკიოს “რიოგოკუ კოკუგიკანში” გამართული ნაცუ ბაშო მოულოდნელი შედეგით დასრულდა. ყველაზე უფროსმა – 37 წლის მონღოლმა სეკიტორმა კიოკუტენჰომ სუპერფინალურ შერკინებაში (კეტეი-სენი) 25 წლის თანამემამულე ტოჩიოძანი დაჯაბნა და “იმპეატორის თასის” მფლობელი პირველად გახდა.
აღსანიშნავია, რომ კიოკუტენჰო მაისის ტურნირზე მხოლოდ აღმოსავლეთის მე-4 მაეგაშირას წოდებით ირჯებოდა და ფავორიტებში ნამდვილად არ მოიაზრებოდა, თუმცა, ერთი შეხედვით შეუძლებელი შესძლო. ვეტერანმა იაპონელმა ტოკიოში მხოლოდ 3 მარცხი განიცადა (აქედან, ერთი ქართველ გაგამარუსთან), აქტივში კი 12 გამარჯვება ჰქონდა.
აღსანიშნავია, რომ ტოჩიოძანს ბოლო მოგება უბრძოლველად ერგო, რადგანაც ბაშოს დასკვნით დღეს (სენსიურაკე) მისმა მეტოქე – ბულგარელმა კოტოოშუმ დოჰიოზე გასვლა ტრავმის გამო ვერ მოახერხა. რაც შეეხება კიდევ ერთ სუპერფინალისტ – მე-7 მაეგაშირა კიოკუტენჰოს , მან მე-12 გამარჯვება სეკივაკე გოეიდოსთან გაიფორმა.
კეტეი-სენის დროს, “ციურ ფენიქსად” წოდებულმა კიოკუტენჰომ მეტოქის მავაშის ხელთ მოგდება ვერ მოახერხა, თუმცა, დოჰიოს კიდესთან მისულმა მეტოქის წამიერი მოდუნებით ისარგებლა და ჰატაკიკომი დააფიქსირა. ტოჩიოძანს ნუგეშად ის თუ დარჩებოდა, რომ მას მებრძოლი სულის გამოვლინებისთვის, ისევე როგორც, ჩემპიონ კიოკუტენჰოს, სპეციალური პრიზი – კანტოშო გადაეცა.
აღსანიშნავია, რომ ტოჩიოძანმა ეს ჯილდო მეორედ მიიღო, კიოკუტენჰომ კი – უკვე მეექვსედ. განვლილ ბაშოზე ერთბაშად 4 ოძეკის დამარცხება მოახერხა მე-2 მაეგაშირა მიოგირიუმ, რომელსაც ტექნიკური სეკიტორისთვის დაწესებული პრიზი – გინიოშო მეორედ ერგო, ბრწყინვალე ასპარეზობისთვის კი სეკივაკე გოეიდო დაჯილოვდა, რომელმაც იოკოძუნა ჰაკუჰოსა და 3 ოძეკის დაჯაბვნა შესძლო. გოეიდოს სიუკუნშო გადაეცა.
ცხადია, ორიოდ სიტყვა მონღოლ იოკოძუნაზეც უნდა ვთქვათ, რომელმაც ტოკიოში ბოლო პერიოდის ყველაზე ცუდი ტურნირი ჩაატარა. “თეთრმა ფენიქსმა” ბოლო ტურში ოძეკი ჰარუმაფუჯისთან ოკურადიშით წააგო და ეს უკანასკნელი კადობანში ჩადგომას ააცილა (მარცხის შემთხვევაში, ჰარუმაფუჯი ბაშოს უარყოფითი ბალანსით ასრულებდა და მომდევნო ტურნირზე ოძეკის ტიტულის დაცვა მოუწევდა), თავად კი 10 მოგების ფონზე 5 მარცხი მოუგროვდა. ცხადია, ჰაკუჰოს ნაცუ ბაშოზე არცერთი პრიზი შეხვედრია.
რაც შეეხებათ ქართველ სეკიტორებს. აღმოსავლეთის მე-8 მაეგაშირას წოდებით მოასპარეზე ლევან გორგაძემ ხსენებულ მიოგირიუსთან ოშიდაშით წააგო და ბალანსი 9:6-ზე გაუხდა. ტოჩინოშინს წინსვლა ელის, ხოლო თუ ზუსტად რამდენი საფეხურით დაწინაურდება ქართველი სუმოისტი, ეს 25 ივნისს გამოსაქვეყნებელ რეიტინგში (ბანძუკე) გამოჩნდება.
იმავე ბანძუკეში ვარდნა ელის გაგამარუს შიკონათი ცნობილ თეიმურაზ ჯუღელს. მან მაისის ბაშო მე-5 მაეგაშირა მიაბიამასთან გამარჯვებით დაასრულა, თუმცა, ეს, მისთვის მხოლოდ მე-5 მოგება გახლდათ, პასივში კი 10 მარცხი ჰქონდა. შეგახსენებთ იმასაც, რომ გაგამარუ, რომლის წონაც 200 კგ-ია, ტოკიოში დასავლეთის მე-2 მაეგაშირას ტიტულით ირჯება.
უცილობლად ქების სიტყვები უნდა ვუძღვნათ ქართული სუმოს პიონერ ლევან ცაგურიას, რომელმაც ორი დღე ტრავმის გამო გაუცდა, თუმცა, დადებითი ბალანსი ანუ კაჩი-კოში მაინც დააფიქსირა. ტურნირის მე-15 დღეს 31 წლის კოკაი “დიდ დრაკონად” წოდებულ სოტაირიუს დაუპირისპირდა და მეტოქე, რომელიც სასტარტო შერკინებას გაუსხლტა, გვერდული შეტევით, ცუკიოტოშით დაჯაბნა. “შავმა ზღვამ”, რომელიც ტოკიოში მე-11 განთესვით ირჯებოდა, 8 მოგება მიითვალა და განახლებულ ბანძუკეში მცირე წინსვა ელის.

 

http://www.youtube.com/watch?v=wyKnfetHmLg&feature=player_embedded

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.151998