ძიუდო

0:06 | 5.12.2009 | ნანახია [] - ჯერ

იმერეთში ტატამი გაიშალა

“საქართველოს ჩემპიონატზე ჭიდაობა ყველა ტიტულოვანი ძიუდოისტისთვის სავალდებულოა. ნაკრების გამოცდილმა წევრებმა თავიანთი უპირატესობა შიდა კონკურენციაში თავიდან უნდა დაამტკიცონ. მომავალ წელს ნაკრების შემადგენლობა სწორედ საქართველოს ჩემპიონატის შედეგებით დაკომპლექტდება. პირველნომრობისთვის ბრძოლას  მედალოსნები გააგრძელებენ” – ეს კომენტარი საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ამირან ტოტიკაშვილმა ბოლო თვეებში რამდენიმეჯერ გააკეთა და იმთავითვე მიანიშნა ლიდერებს, რომ ძველებურად, ტრიბუნებიდან ვეღარ მიადევნებენ თვალს ეროვნულ პირველობას.
2009 წლის საქართველოს ჩემპიონატს 5-6 დეკემბერს ქუთაისის სპორტის სასახლე უმასპინძლებს და ნაკრების ლიდერთა ჭიდაობა მას დამატებით ინტრიგასა და სილამაზეს შესძენს. თუმცა რამდენიმე გამონაკლის მაინც ვერ ავცდით. წინასწარი განაცხადი დავით ქევხიშვილისა (73 კგ) და ირაკლი ცირეკიძის (100 კგ) გარეშე ჩამოიწერა. ადრევე იყო ცნობილი, რომ კიმონოს არ მოირგებდა გიორგი ბაინდურაშვილი (81 კგ), რომელსაც მხრის ტრავმა აწუხებს.
სიახლეა ისიც, რომ ნაკრების ლიდერები სწორედ იმ წონით კატეგორიებში იჭიდავებენ, რომლებშიც ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატებზე გამოდიან და არა წონამომატებულები, როგორც ხშირად ხდებოდა. მართალია ნესტორ ხერგიანი 66 კილოგრამში გავა ტატამზე, ზაზა კედელაშვილი კი – 73-ში, მაგრამ როგორც შევიტყვეთ, მათ მაღალ წონაში დამკვიდრება განუზრახავთ.
საქართველოს ჩემპიონატში მონაწილეობას 13 რეგიონალური გუნდის წევრები მიიღებენ. ყველაზე მაღალი ქვოტა თბილისის, კახეთის, იმერეთის, შიდა ქართლისა და ქვემო ქართლის რეგიონებს აქვთ გამოყოფილი – თითო წონაში 4-4 ძიუდოისტს გაიყვანენ ტატამზე. მცხეთა-მთიანეთის, აჭარის, რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის გუნდები იმერეთში 2-2 შემადგენლობით ჩავლენ, ხოლო გურიას, სამცხე-ჯავახეთს, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს წონაში თითო მონაწილე ეყოლებათ. საქართველოს პირველობას წინ რეგიონალური შესარჩევი ეტაპები უძღოდა, მაგრამ გაურკვეველ მიზეზთა გამო, შეჯიბრი მხოლოდ რამდენიმე რეგიონში ჩაატარეს, დანარჩენებში კი ძირითადად მწვრთნელების არჩევანი გაითვალისწინეს. იყო შემთხვევა, როცა რეგიონალური ჩემპიონატი კი გამართეს, მაგრამ შიდა კონკურენციამ “ვიწრო წრეში” ჩაიარა, რადგან იმ რეგიონის ძიუდოს ფედერაციის ხელმძღვანელებს ყველა ქალაქის გაფრთხილება დაავიწყდათ.
უსიამოვნო მომენტების ხსენებისას აუცილებლად უნდა აღინიშნოს მსაჯების არაპროფესიონალიზმისა და ტენდენციურობის შემთხვევები. ქართული ძიუდოს მაღალ ეშელონებში ამის მიზეზად ახალ წესებს ასახელებენ, რომელიც ახლახან შევიდა ძალაში და როგორც ჩანს, საქართველოში ჯერ კიდევ სწავლობენ. ცუდი მსაჯობის გამო აურზაურისა და მუშტი-კრივის საშიშროება ქუთაისურ საქართველოს პირველობაზეც რომ მაღალი იქნებოდა, თქმაც არ უნდა, მაგრამ ფედერაციამ და ოლიმპიურმა კომიტეტმა თადარიგი დროულად დაიჭირეს და ევროპის ძიუდოს კავშირს იმერეთში საერთაშორისო კომისარის მოვლინება სთხოვეს. სლოვაკი მარიან ჰეპკა საქართველოში გუშინ დილით ჩამოვიდა. სწორედ იგი მიიღებს ქუთაისში საბოლოო გადაწყვეტილებებს ყველა სადავო სიტუაციაში. ასე რომ, უსუსური ქართული მსაჯობის პრობლემა ამ ეტაპზე წესით მინიმუმამდე უნდა შემცირდეს.
აქვე ერთი საინტერესო სიახლეც. ფედერაციამ გადაწყვიტა ეს ჩემპიონატი ყველა ქართული და უცხოური ტურნირისგან განსხვავებული წესით ჩაეტარებინა. ორგანიზატორებმა არც რეგიონალური პრინციპი გაითვალისწინეს (რეგიონის სპორტსმენთა თანაბრად გადანაწილება ბადეში) და არც მონაწილეთა რეიტინგები. წინასწარი ინფორმაციით, ბადეებს ბურთულების ამოღებით შეავსებდნენ. ამასთან, კვლავ დააბრუნეს ძველი წესი, რომლის თანახმადაც, ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლის გაგრძელების შანსი პირველ წრეში დამარცხებულ ძიუდოისტსაც აქვს, თუკი მისი მძლეველი ნახევარფინალს მიაღწევს. ამ სიახლეების (თუ “განახლებული სიძველეების”) შემოღების არგუმენტად ნაკრების ინტერესი დასახელდა, აქაოდა, უფრო მეტ ძიუდოისტს მიეცემა სამეულში შეღწევის საშუალებაო.
ორდღიანი ჩემპიონატის პირველ დღეს ქუთაისურ ტატამზე 60, 66 და 73 კილოგრამ წონით კატეგორიებში მოჭიდავეები გავლენ. უმსუბუქეს წონაში სავარაუდოდ საჩემპიონო ბრძოლა პაატა მერებაშვილს, ამირან პაპინაშვილს, ბეთქილ შუკვანს, დავით ასუმბანს, უშანგი კუზანაშვილსა და შმაგი ლაგაზაურს შორის გაჩაღდება. 66 კილოგრამში ხერგიანის გარდა მიხეილ ხომიზური, შალვა ქარდავა და ზურაბ შარვაშიძე უნდა ვახსენოთ, 73-ში კი ზაზა კედელაშვილს მძიმე კონკურენცია ელის, ზვიად ბაზანდარაშვილთან, თენგიზ პაპოშვილთან, ზებედა რეხვიაშვილთან, ნუგზარ ტატალაშვილთან და ბექა ბაიდაურთან. 6 დეკემბერს კი ჩემპიონ-პრიზიორები დარჩენილ ოთხ წონაში – 81, 90, 100 და +100 კილოგრამებში გამოვლინდებიან. გამორჩეულად დაძაბულ ბრძოლებს კი 100-ში უნდა ველოდოთ, სადაც კიმონოს ხანგრძლივი პაუზის შემდეგ ოლიმპიური ჩემპიონი ზურაბ ზვიადაურიც მოირგებს.
მოსალოდნელი ლამაზი  და დაძაბული სანახაობით მხოლოდ დარბაზში შეკრებილი მაყურებელი ისიამოვნებს. სამწუხაროდ, საქართველოს ჩემპიონატის პირდაპირი ტელერეპორტაჟით არც ერთი ქართული არხი არ დაინტერესებულა.

ოთარ მაღლაკელიძე


































 
 
     
 

0.160527