ფეხბურთი

21:47 | 12.11.2013 | ნანახია [] - ჯერ

ილია კოკაია: “ან სიჭინავა, ან - მე”

როგორც იცით, დღეს, საფეხბურთო კლუბ “ზესტაფონის” ოფისში პრესკონფერენცია გამართა კლუბის პრეზიდენტმა ილია კოკაიამ. მან განაცხადა, რომ საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია კასტრირებულია, არანაირი ქმედითი ზომების მიღება არ შეუძლია და ზვიად სიჭინავას ადგილზე, თანამდებობიდან გადადგებოდა.

ეს ყველაფერი მოჰყვა “ზესტაფონის” ფეხბურთელ თორნიკე გორგიაშვილის საქმეს, რომელსაც ფედერაციის დავების განმხილველი ინსტანცია აწარმოებდა. გორგიაშვილი თავისუფალ აგენტად ცნეს.

კოკაიამ განაცხადა, რომ 3 დღის განმავლობაში სიჭინავა თუ არ გადადგება, თავად წავა თანამდებობიდან.

- აქ უკვე ქართული ფეხბურთის ყოფნა-არყოფნაზეა საუბარი და არა მხოლოდ “ზესტაფონზე” - ამბობს კოკაია -  ეს არის გუბერნატორების ჩემპიონატი და ყველაფერი კეთდება საიმისოდ, რომ კერძო კლუბები დაიჩაგრონ. მაგალითად, გადასახადი რაცაა, ვიხდი, მაგრამ შემდეგ ეს თანხა ჩემს წინააღმდეგ მიბრუნდება, ანუ ხმარდება საბიუჯეტო კლუბებს.

... მაგალითად, ბოლნისის “სიონში” 4 თუ 6 თვის ხელფასი იყო გასაცემი და მაინცდამაინც ჩვენთან მატჩის წინ არათუ დაურიცხეს, პრემიაც გამოუყვეს თითოეულ ფეხბურთელს 1500 ლარი, თუ “ზესტაფონთან” წარმატებას მიაღწევდნენ.

... სიჭინავა თუ ამბობს, რომ ზოგადად ასეთ გადასაჭრელ საკითხებში მას არაფერი ესაქმება, მაშინ უნდა წავიდეს. მე მის ადგილას გადავდგებოდი. არ ვიცი, რას აკეთებს ფედერაცია. როგორ თუ სააპელაციო კომიტეტის გადაწყვეტილება არ ეხება? როცა ვხვდები, რომ ფედერაციის პრეზიდენტს არად მაგდებენ და მამასხარავებენ, იქ ვერ გავჩერდები.

... გორგიაშვილზე რა ვთქვა: ეს მისი ბრალი კი არ არის. უბრალოდ, მაინტერესებს, სად, რომელმა კლუბმა უნდა მიიღოს ერთი წლის უთამაშებელ-უვარჯიშებელი ფეხბურთელი. როდესაც ქართულ ფეხბურთში მოვდიოდი, მაშინაც ვიცოდი, რომ აქ ბიზნესისთვის დამაინტერესებელი გარემო არ იყო: არც სატელევიზიო უფლებებიდან შემოსული თანხა, არც სხვა პროექტი. ერთადერთი, ფეხბურთელების გაზრდითა და გაყიდვით შეიძლებოდა კლუბის რჩენა, მენეჯმენტის ამუშავება. ესეც აღარ არის.

... ფედერაციაში პიროვნულად არავის ვერჩი, მაგრამ როცა კასტრირებული ხარ და ვერ მოქმედებ, ტყუილუბრალოდ ადგილი არ უნდა დაიკავო და უნდა წახვიდე. დიდხანს ვითმინე, მაგრამ გადავწყვიტე: ან სიჭინავა გადადგეს, ან მე წავალ. მან კარგად იცის, რომ დანიშნული პრეზიდენტია და ვერაფერს წყვეტს. ფეხბურთში სახელმწიფოდან მიდგომაც ისევ ისეთი გაუგებარია.

... თბილისის ზღვასთან ვაშენებდით ბაზას, 5-მილიონიანი პროექტია, მაგრამ იძულებული ვარ, რომ შევწყვიტო. უკვე აზრიც აღარ აქვს. ფედერაციას ისიც კი არ შეუძლია, რომ ესა თუ ის ბაზა კი არ იყიდოს, იჩუქოს.

 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.092781