2007 წლის 30 მაისს მიუნხენის “ბაიერნის” პრეზიდენტმა კარლ-ჰაინც რუმენიგემ კლუბის გულშემატკივრებს დაუდასტურა, რომ ბავარიულმა გრანდმა მსოფლიოს ჩემპიონთან ლუკა ტონისთან შეთანხმებას მიაღწია და უახლოესი 4 წლის განმავლობაში იტალიელი მეგოლე მათ საყვარელ გუნდში იასპარეზებდა. 7 ივნისს კი “ბაიერნში” ტონისა და მუნდიალ2006-ის კიდევ ერთი აღმოჩენის ფრანკ რიბერის ოფიციალური წარდგენის ცერემონიალი შედგა. მიუნხენელი ფანები აღტაცებას არ მალავდნენ. მათ არცთუ უსაფუძვლო იმედი გაუჩნდათ, რომ ამ 2 ვარსკვლავის დამატების შემდეგ გუნდი როგორც საშინაო, ასევე საერთაშორისო არენაზე ძველებურ დიდებას დაიბრუნებდა. ტონიმაც გაცემული ავანსის შესრულება იწყო. 2007 წლის 19 დეკემბერს ლუკამ 4 გოლი გაუტანა სალონიკის “არისს” (“ბაიერნმა” მატჩი 6:0 მოიგო), ორიოდე თვეში (2008-ის 17 თებერვალს) კი პირველი ბუნდესლიგური ჰეთ-თრიკი გაახერხა. თანაც, აპენინელმა გოლეადორმა ბურთები თავით და ორივე ფეხით გაიტანა. იმ დროისთვის “ბაიერნი” ბუნდესლიგასაც ლიდერობდა და უეფას თასსაც უმიზნებდა. ამ ტურნირის ნახევარფინალში მიუნხენელები სწორედ იტალიელის წყალობით გავიდნენ. გეხსომებათ, “კერკეტ კაკალ” “ხეტაფესთან” დამატებით დროში (115-ე და 120-ე წუთებზე) ლუკამ ორჯერ აიღო პირენელთა კარი. “ზენიტთან” ნახევარფინალის პირველ მატჩში ტონის არ უთამაშია და სწორედ ამან განაპირობა დიდწილად სანქტპეტერბურგელთა ფინალში გასვლა, ლუკას კი თავის დამშვიდება მხოლოდ იმითღა თუ შეეძლო, რომ 10 გატანილი გოლით უეფას თასის იმ გათამაშების საუკეთესო ბომბარდირი გახდა. გერმანიაში კი ყველაფერი საუკეთესოდ მიდიოდა. “ბაიერნი” ჩემპიონი გახდა, თასის ფინალში კი ტონის 2 გოლით მიუნხენელებმა 2:1 “დორტმუნდს” სძლიეს. სულ 2008-09 წლების სეზონში ლუკამ “ბაიერნის” მაისური 46-ჯერ მოიზომა და ამ მატჩებში 39 გატანილ ბურთთან ერთად, პარტნიორებს 12 საგოლე გადაცემაც მიაწოდა. ერთი სიტყვით, უკეთეს დასაწყისს ძნელად თუ ინატრებდა ვინმე და როგორც ტონის, ასევე გულშემატკივრებს მომდევნო სეზონში მეტის თუ არა, არანაკლების იმედი ჰქონდათ, მაგრამ...
მიმდინარე წლის დასაწყისში ლუკამ ფეხის მძიმე ტრავმა მიიღო, რის გამოც სეზონის დასკვნითი ნაწილი პრაქტიკულად გამოტოვა. ტონი გუნდს სექტემბერში დაუბრუნდა, თუმცა, იმ დროისთვის ბავარიელებს ლუის ვან გაალი მოძღვრავდა, ჰოლანდიელ სპეციალისტთან კი იტალიელმა კარგი ურთიერთობა ვერა და ვერ ააწყო.
... 2009 წლის 7 ნოემბერს შესვენებისას ვან გაალმა ტონი შეცვალა, ლუკამაც იწყინა და მატჩის დასრულებამდე შინ გაემგზავრა. ამის გამო იტალიელს გვარიანი ოდენობის ჯარიმის გადახდა დააკისრეს. ყველასთვის ცხადი გახდა, ტონი “ბაიერნს” რომ დატოვებდა.
“ლუკა სად იყავი ადრე”?! _ დაახლოებით ასეთ შეკითხვას უსვამდნენ ლუკა ტონის შესანიშნავად ჩატარებული 2005-06 წლების სეზონის შემდეგ იტალიური ფეხბურთის ქომაგები. ტონი ხომ სერია A-ს საუკეთესო ბომბარდირი და ოქროს ბუცის მფლობელი გახდა. გარდა ამისა, მან იტალიის ნაკრების შემადგენლობაში მსოფლიო ჩემპიონატი მოიგო. არადა, იმ სეზონამდე ტონის, საფეხბურთო სამყაროს საკმაოდ მცირე ნაწილიღა თუ იცნობდა.
“მოდენა”, “ემპოლი”, “ტრევიზო”, “ფიორენტინა” _ კარიერის მოზრდილი ნაწილი 32 წლის თავდამსხმელმა გაატარა კლუბებში, რომლებიც რბილად რომ ვთქვათ, ბოლო წლებში ნამდვილად არაფრით გამოირჩეოდნენ. ტონის ასეთი გარდასახვა თვით მუნდიალის დასრულების შემდეგაც ბევრისთვის გამოცანად რჩებოდა. ამბობენ, რომ რაც ლუკა ტონის არ გააჩნია, ეს ქარიზმაა. იტალიაში მას სექს-სიმბოლოდ ნამდვილად არ მიიჩნევენ: ყველაზე სექსუალურ ფეხბურთელებს შორის, რომლებიც მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობდნენ, ტონი “სამარცხვინო" 25-ე ადგილზე აღმოჩნდა - ფაქტობრივად თავის ყველა თანაგუნდელის შემდეგ ნაკრებში (ეს გამოკითხვა ინტერნეტ-გამოცემა, Tuttogratis-მა ჩაატარა). როგორც იტალიელი ჟურნალისტი, ლორენცო ძაკეტი ამბობს, მას ”საშუალო დონის ლამაზ მამაკაცად მიიჩნევენ.
მისი მეგობარი გოგონა მოდელი, მარტა კაჩეტოა, რომელიც ამ თემაზე სულაც არ ღელავს. ”მე ის გავიცანი ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც წარუმატებელი კაცი იყო”, - ამაყად ამბობს ის.
ქარიზმისთვის ტონის მეტსახელიც არ ჰყოფნის, რომელიც მას სამუდამოდ მიაკერეს. გასულ წლებში "ფიორენტინას" არაერთ ფეხბურთელს რქმევია ეს მეტსახელი: გაბრიელ ბატისტუტას _ “მეფე ლომი”, კურტ ჰამრინს _ "უჩელინო" (პატარა ჩიტი). ტონისთვის, რომელმაც ერთ სეზონში გატანილი გოლების რაოდენობის (31) მიხედვით ორივე თავის წინამორბედს გაუსწრო, “რიგიანი" არაფერი დაურქმევიათ. ფლორენციაში მას ხან “დიდ ჩიტს”, ხანაც “იასამნისფერ ჟირაფს” უწოდებდნენ. ბრიტანელი ჟურნალისტები კი უფრო “შორს წავიდნენ” და ტონის “პიტერ კრაუჩის გაუმჯობესებული კოპიო” უწოდეს.
სერია A-დან დაქვეითებული "ფიორენტინას" ხელმძღვანელობა აცხადებდა - ლუკას არ გავყიდითო, თუმცა ფლორენციელებმა გრანდების ზეწოლას მაინც ვერ გაუძლეს. მიუნხენის “ბაიერნის” მთავარი კონკურენტები “რეალი”, “ინტერი”, “რომა” და “ნიუკასლი” იყვნენ. ბავარიელებმა ყველას აჯობეს, დანარჩენზე კი ოდნავ ზემოთ მოგახსენეთ.
...სავარაუდოდ, ტონი ახალი წლიდან “რომაში” გააგრძელებს ასპარეზობას და ისევე, როგორ გერმანიაში გადასვლის შემდეგ, ლუკას კიდევ ერთხელ მოუწევს დამტკიცება, რომ მართლა ვარსკვლავია და მუნდიალზე ნაჩვენები თამაშის დონე შემთხვევითი არ ყოფილა.
გოჩა კაჭარავა







