ძიუდო

18:45 | 10.12.2011 | ნანახია [] - ჯერ

იაპონია შეუჩერებელია

ტოკიოს დიდი სლემის მეორე დღე ტურნირის მასპინძელთათვის პირველი დღის ანალოგიურად, არაერთი გამარჯვების მომტანი გამოდგა. იაპონელმა ძიუდოისტებმა საკუთარ კედლებში გულშემატკივრებს იმედი არც ამჯერად გაუცრუეს. ვაჟთა შორის მედლები უკვე ხუთ წონაშია გათამაშებული და ხუთივეში ოქროს მასპინძელი დაეუფლა. ქალებშიც ასპროცენტიანი შედეგი ექნებოდათ, რომ არა სლოვენიელი ურსკა ზოლნირი (63 კგ), რომელმაც კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე ასვლამდე სამი იაპონელი მეტოქე დაამარცხა.
შაბათს ვაჟებში ჩემპიონ-პრიზიორები 73, 81 და 90 კილოგრამ წონით კატეგორიებში გამოვლინდნენ. 73-ში მსოფლიოს რეიტინგის ლიდერი რიკი ნაკაიაა და ცხადია, უმთავრესი ფოვარიტიც ის იყო, მაგრამ ნახევარფინალში თანამემამულესთან, ჰიროუკი აკიმოტოსთან წაიფორხილა. ამ უკანასკნელმა გადამწყვეტი გამარჯვება რუს მანსურ ისაევთან მოიპოვა, რომელსაც საკმაოდ ხელსაყრელი სატურნირო ბადე ერგო და შანსი ფინალში გასვლით გამოიყენა.
81 კილოგრამში ოქროს მედალი და 300 სარეიტინგო ქულა ნაკლებად ცნობილმა სპორტსმენმა, ტომოჰირო კავაკამიმ მოიპოვა. ფინალში მან დიდ სლემზე პირველ ნომრად განთესილ ბრაზილიელ ლეანდრუ გილეირუს იპონით მოუგო.
სამეულს მიღმა დარჩა საბერძნეთის სახელით მოჭიდავე ჯარჯი ზვიადაური, რომელიც 90 კილოგრამ წონით კატეგორიაში მსოფლიო რეიტინგის გამოკვეთილი ლიდერია. მან მედლის შანსი მეოთხედფინალში დაკარგა, კუბელ ეშლი გონსალესთან მარცხით. მოგვიანებით ეს უკანასკნელი ფინალშიც გავიდა, მაგრამ მასაში ნიშიამასთან ვეღარაფერს გახდა.
ნიშიამას გაჩემპიონებაც გვარიანი მოულოდნელობა იყო, რადგან ამ წონაში იაპონელებს ორი მასზე ბევრად სახელოვანი ძიუდოისტი ჰყავთ. მსოფლიოს ვერცხლისა და ბრინჯაოს პრიზიორები, ტაკაში ონო და დაიკი ნიშიამა ამჯერად კვარცხლბეკს მიღმა დარჩნენ. ონო მეოთხედფინალში სამხრეთკორეელ კიუ ვონ ლისთან დამარცხდა, ხოლო დაიკი ნიშიამა მერვედფინალში – იტალიელ რობერტო მელონისთან.
ქალთა შორის, ვიდრე ურსკა ზოლნირი იაპონურ ოქროსცვენას შეწყვეტდა, ადგილობრივ გულშემატკივრებს თავიანთი ქვეყნის ჰიმნი კაორი მაცუმოტომ მოასმენინა.
დიდი სლემის დასკვნით დღეს – 11 დეკემბერს მედლების დარჩენილი ხუთი კომპლექტი გათამაშდება. ვაჟებში - 100 და +100 კილოგრამ წონით კატეგორიებში, ხოლო ქალებში – 70, 78 და +78 კილოგრამებში.
საქართველოს ნაკრების ერთადერთი წევრი ირაკლი ცირეკიძე (100 კგ) პირველ წრეში არგენტინელ კრისტიან შმიდტს დაუპირისპირდება. ამ წყვილიდან გასული მერვედფინალში მსოფლიოს წლევანდელი ჩემპიონატის ფინალისტს - ყაზახ მაქსიმ რაკოვსა და იაპონელ ტაცუკი მასაბუჩის შორის მოგებულს შეხვდება. აქვე მეოთხედფინალის სავარაუდო ოთხეულიც: რამზიდინ საიდოვი (უზბეკეთი), ვიაჩესლავ დენისოვი (უკრაინა), ტემუულენ ბატულგა (მონღოლეთი) და კიეონგ ტაე კიმი (სამხრეთ კორეა).
100 კილოგრამის მსოფლიო რეიტინგის ლიდერი და ტურნირის ერთ-ერთი უმთავრესი ფავორიტი, იაპონელი ტაკამასა ანაი სატურნირო ბადეში ქართველის საპირისპირო მხარეს მოხვდა და შესაბამისად, მისი და ცირეკიძის გზები ფინალამდე არ იკვეთება. შეგახსენებთ, ცირეკიძემ აგვისტოს ბოლოს, პარიზში ჩატარებულ მსოფლიოს ჩემპიონატზე ანაის მეორე წრეში იპონით მოუგო და ტოკიოს დიდი სლემის ორგანიზატორებისგან ოფიციალური მოსაწვევი მიიღო.

ძიუდო
დიდი სლემი
ტოკიო
10 დეკემბერი

ვაჟები

73 კგ
1 ჰიროუკი აკიმოტო (იაპონია)
2 მანსურ ისაევი (რუსეთი)
3 რიკი ნაკაია (იაპონია)
3 დირკ ვან ტიჩელტი (ბელგია)

81 კგ
1 ტომოჰირო კავაკამი (იაპონია)
2 ლეანდრო გილეირუ (ბრაზილია)
3 კეიტა ნაგაშიმა (იაპონია)
3 სვენ მარეხი (გერმანია)

90 კგ
1 მასაში ნიშიამა (იაპონია)
2 ეშლი გონზალესი (კუბა)
3 კიუ-ვონ ლი (სამხრეთ კორეა)
3 კირილ ვოპროსოვი (რუსეთი)

ქალები

57 კგ
1 კაორი მაცუმოტო (იაპონია)
2 აიკო სატო (იაპონია)
3 ანზუ იამამოტო (იაპონია)
3 რაფაელა სილვა (ბრაზილია)

63 კგ
1 ურსკა ზოლნირი (სლოვენია)
2 იოში უენო (იაპონია)
3 ელიზაბეტ ვილებურდსი (ჰოლანდია)
3 მიკი ტანაკა (იაპონია)

ოთარ მაღლაკელიძე
 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.089871