სტატიები

13:32 | 9.01.2010 | ნანახია [] - ჯერ

ჰოლანდიაში გაბრწყინებული ურუგვაის იმედი

ერთ დროს სრულიად უცნობმა ურუგვაელმა ფეხბურთელმა 2 წლის განმავლობაში საყოველთაო ყურადღება დაიმსახურა და დღეს ერთ-ერთ ყველაზე სასურველ მოთამაშედ ითვლება. მასზე უკვე აქტიურად ნადირობენ ევროპული გრანდები. როდესაც მან “ესტადიო სენტენარიოზე” ურუგვაის ეროვნული ნაკრების ფორმით პირველად შეაბიჯა, იგი მხოლოდ 20 წლის იყო. ხოლო ამ მატჩის მე-4 წუთზე ბოლივიის კარის მიმართულებით მისმა დარტყმულმა სტადიონზე შეკრებილ გულშემატკივარს საყოველთაო სიხარულის საბაბი მისცა. მას ჰქვია ლუის ალბერტო სუარეს დიასი, იგი არის ამსტერდამის “აიაქსის” მთავარი დამრტყმელი ძალა და ურუგვაის იმედი.
2005-2006 წლებში ურუგვაის ჩემპიონატში ჩატარებული წარმატებული სეზონი სუარესისთვის ევროპის საგზური გამოდგა. ის სეზონი, ისევე როგორც მთელმა “ნასიონალმა”, მან ერთი ამოსუნთქვით ჩაატარა. კლუბი ჩემპიონი გახდა, ხოლო ახალგაზრდა ტალანტით ევროპული კლუბები დაინტერესდნენ. არსებულ შემოთავაზებათა შორის ლუის სუარესმა ყველას “გრონინგენის” წინადადება არჩია. სწორედ ამ კლუბში დაიწყო თავისი საფეხბურთო კარიერა არიენ რობენმა.
ჰოლანდიურ კლუბს ურუგვაელის ტრანსფერი მილიონი ევრო დაუჯდა. ახალგაზრდა ფეხბურთელი ახალ კლუბს მალე შეეჩვია. სუარესს ამჯერადაც ერთი სეზონი ეყო იმისათვის, რომ კიდევ უფრო დიდი ყურადღება დაემსახურებინა. 29 თამაშში მან 10 გოლის გატანა მოახერხა, რის შედეგადაც გრანდების ყურადღებაც მიიქცია. ახალგაზრდა, საკმაოდ მაღალი, მაგრამ ძალზე ტექნიკური ფეხბურთელი ჰენკ თენ კეიტის სასურველი მოთამაშე გახდა. ჰოლანდიელი სპეციალისტი იმ დროს “აიაქსს” წვრთნიდა. თუმცა, ურუგვაელის ტრანსფერი იმ დროს შედგა, როცა თენ კეიტი გუნდში უკვე აღარ იყო. გარდა 8.5 მილიონი ევროსი, “აიაქსის” ხელმძღვანელობას სუარესის შეძენა გვარიან ნერვიულობადაც დაუჯდა. საქმე ისაა, რომ “გრონინგენმა” მოთხოვნილი თანხა ბოლო მომენტში შეცვალა, მაგრამ ამსტერდამული კლუბი ვერც ამან დააფრთხო და ლუის სუარესმა მაინც მოირგო თეთრ-წითელი ფორმა.
წარმატებული საკლუბო კარიერის შედეგად, სუარესმა ეროვნული ნაკრებიდანაც მიიღო მიწვევა. ეს სუარესისთვის ძალზე მნიშვნელოვანი მომენტი იყო, რადგან თავის დროზე “გრონინგენმა” უარი განაცხადა მისი ახალგაზრულ “კოპა ამერიკაზე” გაშვებაზე. “ფსიქოლოგიურად დიდი დარტყმა მივიღე, რადგან ამ ტურნირზე დიდ იმედს ვამყარებდი. ამ დროს ძალიან დამეხმარა პირველი ნაკრების მწვრთნელი, ოსკარ ტაბარესი. მან მითხრა, რომ მოთმინება მმართებდა. იგი კმაყოფილი იყო კლუბში ჩემი ასპარეზობით და იმ მონდომებით, რომელიც კლუბის აკრძალვის შემდეგ გამოვავლინე ნაკრებში წასასვლელად. მწვრთნელმა იმედი ჩამისახა და მითხრა, რომ აპირებდა ჩემს ახალგაზრდულ მსოფლიოს ჩემპიონატზე წაყვანას და შესაძლებელი იყო პირველ გუნდშიც გამოვეძახე. ახლა, ურუგვაის ეროვნულ ნაკრებში ჩასატარებელი ყოველი მატჩის წინ ვცდილობ ტაბარესთან პირისპირ შეხვედრას. ჩემთვის, ისევე როგორც ნებისმიერი სხვა ფეხბურთელისთვის, ძალზე მნიშვნელოვანია მწვრთნელის მხარდაჭერა. ნაკრების მესვეურთა დახმარების გარეშე ვერ ვიქნებოდი ის, ვინც დღეს ვარ” – აცხადებს თავად სუარესი.
საერთაშორისო ასპარეზზე სუარესის დებიუტი არცთუ წარმატებული გამოდგა. კოლუმბიის ნაკრებთან გამართული მატჩის 85-ე წუთზე იგი მეორე ყვითელი ბარათის გამო მოედნიდან გააძევეს. მაგრამ მომდევნო მატჩში მან შეცდომა გამოასწორა და ბოლივიის ნაკრებს შეხვედრის სტარტზევე გაუტანა გოლი. ამ მატჩის შემდეგ ეჭვს აღარ იწვევდა ის ფაქტი, რომ სუარესი ნაკრების უცვლელი წევრი გახდებოდა.
არანაკლები ნდობით სარგებლობდა სუარესი “აიაქსში”. გუნდში მოსულმა ახალმა მწვრთნელმა, ანდრე კოსტერმა, მისსავით ახალწვეული ფეხბურთელი თავიდანვე აქტიურად ჩართო თამაშში. სადებიუტო მატჩში ურუგვაელმა თავი იმით გამოიჩინა, რომ “სლავიას” საჯარიმოში საპენალტედ დაეცა. ამის შემდეგ იყო დებიუტი ერედივიზიონში, დასამახსოვრებელი შეხვედრა “დე გრააფსხაპთან”, რომელიც “აიაქსმა” 8:1 მოიგო. იმ მატჩში სუარესმა გაიტანა გოლი, გააკეთა 3 საგოლე გადაცემა და გამოიმუშავა თერთმეტმეტრიანი.
ამსტერდამში გატარებულ პირველივე სეზონში სუარესი გუნდის მეორე ბომბარდირი გახდა და მისით დაინტერესებულ კლუბთა დონე კვლავ გაიზარდა. განსაკუთრებით აქტიურობდნენ იტალიური კლუბები “მილანი”, “ინტერი” და “იუვენტუსი”. მიუხედავად ასეთი შეთავაზებებისა, ურუგვაელმა ფეხბურთელმა ამსტერდამში დარჩენა გადაწყვიტა. მას წინ კვლავ ელოდა გულშემატკივართა აღიარება, მწვრთნელის ნდობა და არაერთი სასიხარულო მომენტი. მიმდინარე სეზონში სუარესს უწევს გუნდის შედეგებზე ინდივიდუალურად ზრუნვა და ვერ ვიტყვით, რომ მას ეს ცუდად გამოსდის. ბურთისთვის ბრძოლის ჟინით, არაერთი ფეხბურთელის მოტყუების, შეტევის განვითარების, მეორე სართულზე თამაშის და გადამწყვეტი დარტყმის კარგად შესრულების ნიჭით დაჯილდოებული ფეხბურთელი საკუთარი მხრებით ატარებს ამსტერდამულ კლუბს. თუმცა, სუარესი არც ისეთი უნაკლოა, როგორც ეს ზედა სტრიქონებიდან სჩანს. იგი ხშირად ვერ იყენებს სახიფათო მომენტებს, ხოლო ბურთისთვის ბრძოლა ზოგჯერ ზედმეტ უხეშობაში გადასდის. ამის გამო ფეხბურთელს არაერთხელ დაუმსახურებია ყვითელი და წითელი ბარათი.
ამსტერდამში გატარებული წინა სეზონი სუარესისთვის ძალზე წარმატებული გამოდგა. მან ჰოლანდიის ჩემპიონატში ჩატარებულ 31 თამაშში 22 გოლის გატანა მოახერხა, რითიც ბომბარდირთა დავაში მეორე ადგილი დაიკავა და კლუბს ასევე მეორე ადგილზე გასვლაში დაეხმარა.
მას შემდეგ, რაც ამსტერდამული კლუბი კლაას იან ჰუნტელაარმა დატოვა, შეტევის მთელი ტვირთი მხრებზე სუარესს დააწვა. მიმდინარე სეზონში “აიაქსის” რიგებში ჩატარებულ 26 მატჩში ურუგვაელმა 30 გოლი გაიტანა და ძნელი მისახვედრი არ უნდა იყოს, რომ ამსტერდამელებს ძალზე გაუჭირდებათ მასთან განშორება. თუმცა ჰოლანდიიდან აბარგებას ჯერ არც თავად ფეხბურთელი ჩქარობს.
იგი ამჟამად მხოლოდ 22 წლისაა და მიუხედავად უკვე არაერთი მნიშვნელოვანი მიღწევისა, საფეხბურთო კარიერაში კიდევ ბევრი აღიარება ელის.

მიშა ზაქარეიშვილი

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.091828