მსოფლიოს ექსჩემპიონმა ბრიტანელმა მძიმეწონოსანმა მოკრივემ დევიდ ჰეიმ ტიტულის ყოფილი პრეტენდენტის, ასევე ბრიტანელი დერეკ ჩისორას დასამარცხებლად 5 რაუნდი იკმარა. წუხელ, ლონდონში ჩატარებულ ბრძოლაში 31 წლის ჰეიმ 28 წლის მეტოქე ორჯერ დააგდო. ჩისორა ორჯერვე წამოდგა, მაგრამ მეორედ გვარიანად გაუჭირდა და რეფერიმ შეხვედრა შეწყვიტა.
“დღეს ყველას დავანახე, რა შემიძლია. გამიკვირდება, თუკი ამის მერე ვიტალი კლიჩკო ჩემთან ჩხუბის გადაწყვეტილებას მიიღებს. დარწმუნებული ვარ, ახლა იგი მომავალ მოწინააღმდეგედ ვინმე “საცემ ტომარას” შეარჩევს, ეფექტურად მოუგებს და სპორტულ კარიერასაც ამით დაასრულებს” – თქვა დევიდ ჰეიმ ბრძოლის დასრულებისთანავე.
ჰეისა და ჩისორას დაპირისპირების წინ სპეციალისტთა აზრი ორად გაიყო. მსოფლიო კრივის კავშირი (WBC) ორი ბრიტანელი მძიმეწონოსნის ბრძოლას ეწინააღმდეგებოდა, მსოფლიო კრივის ასოციაცია (WBA) კი ამაში ცუდს ვერაფერს ხედავდა და გამარჯვებულს ინტერკონტინენტალის ჩემპიონის ქამარს დაჰპირდა.
ლონდონურ საკრივო საღამოს 30 ათასი მაყურებელი დაესწრო.







