ფუკუოკაში მიმდინარე ნოემბრის ბაშოზე პირველი სენსაცია მოხდა. უკვე მე-2 დღეს წაიფორხილა კარიერაში პირველად იოკოძუნას ტიტულით მოასპარეზე ჰარუმაფუჯიმ. მონღოლმა გოლიათმა აღმოსავლეთის პირველ მაეგაშირა ოკინოუმისთან კოტენაგეთი წააგო და უმთავრეს კონკურენტს – თანამემამულე ჰაკუჰოს თავიდანვე ფორა მისცა.
ამ უკანასკნელმა დასავლეთის 1-ლი მაეგაშირა ტოჩიოძანი ჰატაკიკომით დაამარცხა და კიდევ ათ სეკიტორთან ერთად, რომელთა შორის ოძეკები კისენოსატო და სეკივაკე გოეიდოც არიან, წინ გაიჭრა. გოეიდომ ამჯერად ქართველი ტოჩინოშინი დაჯაბნა, რომელსაც პირველი შეხვედრა მოგებული ჰქონდა, იაპონელთან კი იორიკირით დამარცხდა.
შეგახსენებთ, რომ ლევან გორგაძე კიუშიუ ბაშოს აღმოსავლეთის მე-3 მაეგაშირას წოდებით შეხვდა და კვლავაც კომუსუბის ტიტულით დასაბრუნებლად იბრძვის, რისთვისაც სოლიდური დადებითი ბალანსის (კაჩი-კოში) დაფიქსირება სჭირდება. ტოჩინოშინის მომდევნო მეტოქე კიდევ უფრო სერიოზულია. ქართველი ბულგარელ ოძეკი კოტოოშუს შეერკინება, რომელთანაც ბოლო ერთი წლის განმავლობაში ორჯერ დამარცხებულა და ორივეჯერ – იორიკირით.
წლის დასკვნით სუპერტურნირზე წარუმატებელი სტარტი აქვს ელიტარული მაკუუჩი დივიზიონის ყველაზე მძიმე სუმოისტ თეიმურაზ ჯუღელს იგივე გაგამარუს. ქართველმა გოლიათმა აღმოსავლეთის მე-6 მაეგაშირა კიოკუტენჰოსთან იორიკირით წააგო და ჯერაც პირველი გამარჯვების მოლოდინშია. ცნობისთვის, გაგამარუ ფუკუოკას ბაშოს აღმოსავლეთის მე-7 მაეგაშირას ტიტულით შეხვდა, მე-3 შერკინება კი მე-4 მაეგაშირა ტაკაიასუსთან ელის. წლეულს ქართველი და იაპონელი ერთმანეთს უკვე ორჯერ შეხვდნენ და ჯერჯერობით, თანაბარი ბალანსი აქვთ.
http://www.youtube.com/watch?feature=player_embedded&v=P_kS7pEn6D4







