სხვა

17:44 | 24.09.2012 | ნანახია [] - ჯერ

ჰარუმაფუჯი დოჰიო-ირის მოლოდინშია

როგორც უკვე ვიუწყებოდით, ოძეკი ჰარუმაფუჯიმ “იმპერატორის თასი” მეოთხედ მოიპოვა, ამასთან ერთად კი, ზედიზედ მეორე ტურნირზე აბსოლუტური შედეგი – ძიონ-შო (ყველა მოგება) დააფიქსირა. შედეგად, მონღოლმა სეკიტორმა პროფესიული სუმოს უმაღლესი წოდება მიიღო. რამდენიმე დღეში უკვე ოფიციალურად, იგი იოკოძუნას ტიტულით უნდა მოვიხსენიოთ.
აკი ბაშოს კულმინაციად ჰარუმაფუჯის და 22 ტურნირის მომგები დიდი ჩემპიონის – ჰაკუჰოს შერკინება იქცა. როგორც დაჯილდოების ცერემონიალის მონაწილე იაპონიის პრემიერ-მინისტრმა იოსიჰიკო ნოდამ განაცხადა, მას ასეთი დრამატული ბრძოლა, რომელსაც გულგრილი არავინ დაუტოვებია, დიდი ხანია, არ უნახავს.
იოკოძუნას არჩევის საზოგადოებრივმა კომიტეტმა მსაჯების კომიტეტის რეკომენდაცია უკვე დაამტკიცა, ოთხშაბათს კი სუმოს ასოციაციის დირექტორთა საბჭო ოფიციალურ გადაწყვეტილებას მიიღებს, რომლის თანახმადაც 28 წლის ბიამბადორჯ დავაანიამი პროფესიული სუმოს უმაღლეს იერარქიულ საფეხურზე იქნება აყვანილი. უკვე პარასკევს, ჰარუმაფუჯი პირველად შეასრულებს დიდი ჩემპიონის დოჰიოზე გასვლის სპეციალურ რიტუალს (იოკოძუნა დოჰიო-ირი), რომელიც სინტოისტურ ტაძარ მეიძი ძინგუში შედგება.
133-კილოგრამიანი ჰარუმაფუჯი, რომელიც “მზიური ცხენის” მეტსახელითაა ცნობილი, მეხუთე და ყველაზე მსუბუქი უცხოელია, რომელმაც იოკოძუნას წოდება დაიმსახურა. შეგახსენებთ, რომ მის გარდა, არაიაპონელთაგან ამგვარი პატივის ღირსნი – ორ ცენტნერზე მეტი წონის მქონე ჰავაელები – აკებონო და მუსასიმარუ და მონღოლები – ასაშორიუ და ჰაკუჰო გამხდარან.
აღსანიშნავია, რომ 68-ე იოკოძუნა ასაშორიუ, რომელმაც სუმოისტის კარიერა 2010 წლის თებერვალში დაასრულა, გასული კვირის დასაწყისში ულან-ბატორიდან ტოკიოში ჩაფრინდა, რათა გადამწყვეტ შერკინებებში თანამემამულე გაემხნევებინა. ისიც ვთქვათ, რომ დაგვადორჯ დოლგორსურენი ჰარუმაფუჯის უმცროს ძმად მოიხსენიებს.
თავის მხრივ, 69-ე იოკოძუნა ჰაკუჰო, რომელიც “ცისფერი დრაკონის” მეტსახელით ცნობილი ასაშორიუს დოჰიოდან წასვლის შემდეგ, 15 ბაშოს განმავლობაში, უმაღლეს საფეხურზე მდგარი ერთადერთი სეკიტორი გახლდათ, ბოლო პერიოდში არცთუ დამაჯერებლად გამოიყურებოდა. წლეულს, 27 წლის “თეთრმა ფენიქსმა” მხოლოდ 1 ტურნირის მოგება შესძლო, თუმცა, ისიც ფაქტია, რომ იგი საკუთარ თავში ბოლომდე გახლავთ დარწმუნებული და ჰარუმაფუჯის ჰეგემონიას ნამდვილად არ შეეგუება.
სექტემბრის ტურნირის შედეგების მიხედვით, იოკოძუნასთან უახლოესი აღმოსავლეთის 1-ლი ოძეკის ტიტულს დაისაკუთრებს 27 წლის მონღოლი კაკურიუ. “წერო-დრაკონმა” აკი ბაშოზე 11 გამარჯვება იზეიმა. 10 მოგება მოუგროვდა ოძეკი კისენოსატოს. 26 წლის იაპონელს ჩინებული სტარტი ჰქონდა და ზედიზედ რვაჯერ იმარჯვა, თუმცა, სუპერტურნირის მე-2 ნახევარში ერთბაშად 5 მარცხი განიცადა.
სამი ოძეკი ტრავმებმა დააღალატა. ესტონელმა ბარუტომ მარჯვენა ფეხის დიდი თითი იტკინა, იაპონელმა კოტოშოგიკუმ მარცხენა მუხლის მყესები დაიზიანა, ხოლო ბულგარელი კოტოოშუ მარჯვენა მხარმა შეაწუხა.
ახალ ბანძუკეში (პროფესიული სუმოს რეიტინგი) 27 წლის ბარუტო, 28 წლის კოტოშოგიკუ და 29 წლის კოტოოშუ კადობანში იქნებიან ჩაყენებულნი, რაც იმას ნიშნავს, რომ თუკი რომელიმე მათგანი 8 გამარჯვებას ვერ იზეიმებს, ოძეკის წოდებას დაკარგავს.
10 გამარჯვების მოპოვება მოახერხა 25 წლის მიოგირიუმაც, რომელიც სეკივაკეს ტიტულს კარიერაში პირველად ატარებდა. სათქმელია ისიც, რომ “მრავალმხრივი დრაკონი” ტექნიკური ოსტატობისთვის განკუთვნილი სპეციალური ჯილდოთი (გინო-შო) უკვე მეოთხედ დაჯილდოვდა.
მიოგირიუს დარად, საკაიგავას სკოლის წარმომადგენელმა 26 წლის გოეიდომ, რომელსაც ნეკნების ტრავმა ბოლომდე ჯერაც არ მოუშუშებია, სეკივაკეს წოდება ძლივძლივობით შეინარჩუნა. მან კაჩი-კოში (დადებითი ბალანსი) მხოლოდ აკი ბაშოს დასკვნით დღეს დააფიქსირა.
კომუსუბის ტიტულს ემშვიდობებიან კასუგანოს “ოთახის” წარმომადგენლები 26 წლის ბულგარელი აოიამა და 24 წლის ქართველი ტოჩინოშინი. დანიელ ივანოვმა 11 შერკინება დათმო, ლევან გორგაძემ კი – 9. აოიამას და ტოჩინოშინს კომუსუბის წოდებების გადაცემა 10 მატჩის მომგებ 33 წლის მე-4 მაეგაშირა ამინიშიკისთვის და 9 გამარჯვების მომპოვებელ 31 წლის მე-3 მაეგაშირა ჰომაშოსთვის მოუწევთ.
მინიმალური მაკე-კოში (უარყოფითი ბალანსი) აღმოაჩნდათ კარიერის უმაღლეს საფეხურზე (აღმოსავლეთის 1-ლი მაეგაშირა) მყოფ იაპონელ შოჰოძანს და დასავლეთის პირველ მაეგაშირა ბრაზილიელ კაისეის.
მხოლოდ სამი მოგება მიითვალა აღმოსავლეთის მე-2 მაეგაშირა არანმა, ეს კი იმას ნიშნავს, რომ ნოემბერში კუნძულ კიუსიუზე დაგეგმილ ბაშოზე 28 წლის რუსი სეკიტორი იოკოძუნებს და ოძეკებს ვეღარ დაუპირისპირდება. წარუმატებლად იასპარეზა დასავლეთის მე-2 მაეგაშირა გაგამარუმაც, 25 წლის ქართველმა გოლიათმა 4 შეხვედრაზე მეტი ვერ მოიგო.
აღმოსავლეთის მე-5 მაეგაშირა ტოჩიოძანს, რომელმაც ბაშოს მე-10 დღეს იოკოძუნა ჰაკუჰოს სძლია და “ოქროს ვარსკვლავი” (კიმბოში) დაიმსახურა, სპეციალური ჯილდო – სიოკუ-შო კარიერაში პირველად გადაეცა.
ელიტარული მაკუუჩი დივიზიონის რიგითი მაეგაშირებიდან საუკეთესო შედეგი – 11 გამარჯვება 27 წლის ოკინოუმის აღმოაჩნდა. 10 მოგებას უწიეს 22 წლის ტაკაიასუმ და ყველაზე ხნიერმა სეკიტორმა (38 წლის), მაისში გამართული ნაცუ ბაშოს ტრიუმფატორმა კიოკუტენჰომ.
ცნობისთვის, მაკუუჩის დატოვებას ვერ გადაურჩებიან სადანოფუჯი, კიმურაიამა, ტაკარაფუძი, ტენკაიჰო და ცენტნერზე ნაკლები წონის მქონე – 29 წლის ჩეხი ტაკანოიამა. მათ ადგილს ძურიოს ლიდერები ძიოკორიუ, იკიოი, იოშიაძუმა, ტამავაში და ჩიონოკუნი დაიკავებენ.
დასასრულ შეგახსენებთ, რომ მომავალი სუპერტურნირი 11-25 ნოემბერს ფუკუოკაში შედგება, ხოლო ბანძუკეს გამოქვეყნება 29 ოქტომბერს იგეგმება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.090515