ჰალეს ტრადიციული საჩოგბურთო ტურნირის ყველაზე წარმატებული მოთამაშე როჯერ ფედერერია, რომელმაც ხუთჯერ იმარჯვა ამ აღმოსავლეთგერმანულ ქალაქში და დიდწილად ამიტომაც ჰალეს ერთ-ერთ ქუჩას მისი სახელი ეწოდა. ჰალეს შეჯიბრების წლევანდელ გათამაშებაში კი სადიდსლემო ტურნირების 16-გზის ტრიუმფატორი შვეიცარიელი ფინალში დამარცხდა. “მხიარულ როჯერს” საათსა და 35 წუთში გერმანელმა ტომი ჰაასმა 7:6, 6:4 მოუგო. 34 წლის ჰამბურგელმა ოთხიდან ორი ბრეიკ-პოინტის რეალიზაცია მოახერხა, თავის მოწოდებაზე კი ერთადერთი გეიმი წააგო. ჰაასმა ჰალეში თავისი მეცამეტე ტიტული მოიპოვა.
30 წლის ფედერერს რაც შეეხება, როჯერმა ჰალეში მეორე ფინალური მატჩი წააგო (2010-ში მას ლეიტონ ჰიუიტმა სძლია) და შვეიცარიელის დღევანდელი წაფორხილება გარკვეულწილად ზურგის ტრავმით უნდა ავხსნათ. ყოველ შემთხვევაში, ჰაასთან მატჩამდე როჯერი ჟურნალისტებს გამოუტყდა, სხვადასხვა სახის ტრავმა სპორტული ცხოვრების შემადგენელი ნაწილია და მათი საბოლოო განკურნება პრაქტიკულად შეუძლებელიაო. შეგახსენებთ, ზურგის ტკივილის გამო ფედერერმა თითქმის მთელი 2010 წელი გამოტოვა.







