სხვა

16:08 | 26.01.2014 | ნანახია [] - ჯერ

ჰაკუჰოს მორიგი ტრიუმფი

გაგამარუს მცირე წინსვლა ელის


ტოკიოს “რიოგოკუ კოკუგიკანში” დასრულებული ჰაცუ ბაშოს გამარჯვებული მონღოლი იოკოძუნა ჰაკუჰო გახდა. “თეთრმა ფენიქსმა” დასკვნით ტურში მონღოლსავე ოძეკი კაკურიუსთან იორიტაოშით წააგო, თუმცა, თხუთმეტიოდ წუთში დამატებით ორთაბრძოლაში (კეტეი-სენი) იორიკირით იმარჯვა და “წერო-დრაკონთან” რევანში აიღო.

წლის პირველი სუპერტურნირი 8 მოგებით და 7 მარცხით დაასრულა ქართველმა სუმოისტმა თეიმურაზ ჯუღელმა. გაგამარუ, რომელიც ტოკიოში აღმოსავლეთის მე-12 მაეგაშირას წოდებით ირჯებოდა, ბოლო შეხვედრაში ბრაზილიელ კაისეისთან (დასავლეთის მე-6 მაეგაშირა) იორიკირით დამარცხდა, რითაც კაჩი-კოშის (დადებითი ბალანსი) დაფიქსირებაში ამ უკანასკნელსაც დაეხმარა. მომავალი ტურნირისთვის ქართველ გოლიათს მცირე სატიტულო წინსვლა ელის.

ჰაცუ ბაშო ცუდად დასრულდა იაპონელი ოძეკი კისენოსატოსთვის, რომელიც იოკოძუნობაზე ფიქრებში იყო, თუმცა, საქმე ისე წაუვიდა, შეიძლება, რანგით მე-2 წოდებასაც კი დაემშვიდობოს. საქმე ის გახლავთ, რომ 27 წლის კისენოსატომ მარჯვენა ფეხის ტრავმა მიიღო და ტურნირის ბოლო შერკინებაზე გასვლა ვერ მოახერხა. შედეგად, “იშვიათმა ტალანტმა” ბაშო უარყოფითი ბალანსით (მაკე-კოში) დაასრულა და კადობანში ჩაყენებასაც გამორჩა. თუკი მომავალ ტურნირზე იაპონელმა მინიმუმ 8 ბრძოლა ვერ მოიგო, მას ოძეკის საპატიო ტიტულს ჩამოართმევენ.

ცნობისთვის, პროფესიული სუმოს ახალი რეიტინგი (ბანძუკე) 24 თებერვალს გამოქვეყნდება, ხოლო გაზაფხულის სუპერტურნირი 9-23 მარტს ოსაკაში შედგება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.118019