ზედიზედ მე-6 წელია კუნძულ კიუშიუზე გამართული ბაშო მონღოლი იოკოძუნა ჰაკუჰოს გამარჯვებით სრულდება. 69-ე დიდმა ჩემპიონმა მისთვის იღბლიან ფუკუოკას საერთაშორისო ცენტრში გამართულ ტურნირზე 14 გამარჯვება იზეიმა, ერთადერთი მარცხი კი ბულგარელ ოძეკი კოტოოშუსთან განიცადა, ისიც იმიტომ, რომ ბაშოს მე-11 დღეს გრიპის გამო, შეუძლოდ ყოფნის პიკზე გახლდათ.
ჰაკუჰომ უკვე 23-ე შეჯიბრის მოგება მოახერხა და აღნიშნულის წყალობით, ლეგენდარული ტაკანოჰანას გადასწრება შესძლო. მომავალ წელს დავააჯარგალ მუნხბატი უკვე არანაკლებ სახელოვანი სუმოისტების – კიტანოუმის (24) და ასაშორიუს (25) მიღწევებს შეუტევს. 27 წლის მონღოლისთვის უფრო შორეულ მიზნად მოსჩანს ტოინოფუძის (31) და ტაიჰოს (32) რეკორდების დამხობა.
სრული ფიასკო განიცადა რიგით 70-ე იოკოძუნა ჰარუმაფუჯიმ. ”მზიურ ცხენს” წინა ორ ბაშოზე ერთი ბრძოლაც არ ჰქონდა წაგებული, ნოემბრის ტურნირის მე-2 დღესვე კი პირველ მაეგაშირა ოკინოუმისთან წაიფორხილა, ხოლო ბაშოს ფინიში საერთოდაც კატასტროფული გამოუვიდა – პირველად XXI საუკუნეში უმაღლესი იერარქიული საფეხურის მქონე სეკიტორმა მიჯრით ხუთ შერკინებაში მარცხი განიცადა. ბოლოს, ამგვარი რამ 1999 წლის სექტემბერში იოკოძუნა ვაკანოჰანას შეემთხვა.
ფუკუოკას ტურნირზე მოგებათა გრაფაში ორნიშნა ციფრს მხოლოდ ერთმა ოძეკმა უწია. 10 ბრძოლის მოგება კისენოსატომ შესძლო, 9-ჯერ იმარჯვეს კაკურიუმ და კოტოოშუმ, კოტოშოგიკუმ კი 8 მეტოქე დაჯაბნა. ამგვარად, სადოგატაკეს სკოლის წარმომადგენლებმა კოტოოშუმ და კოტოშოგიკუმ ოძეკის ტიტულების დაცვა მოახერხეს.
სამაგიეროდ, კადობანიდან გამოსვლა ვერ შესძლო ესტონელმა ბარუტომ, რომელიც მომავალ ტურნირს უკვე სეკივაკეს წოდებით შეხვდება. ბოლო პერიოდია, ჰაიდო კოოველსონს ძალიან არ უმართლებს. სექტემბერში იგი შეჯიბრს მარჯვენა ფეხის დიდი თითის ტრავმის გამო გამოეთიშა, ნოემბრის ტურნირის მე-2 დღესვე კი მარცხენა ბარძაყის უკანა კუნთი გაიწყვიტა და ცხადია, ასპარეზობის გაგრძელება ვეღარ მოახერხა. ბარუტო ოძეკის ტიტულს იმ შემთხვევაში დაიბრუნებს, თუკი იანვრის ბაშოზე მინიმუმ ათ შერკინებაში იმარჯვებს.
კიუშიუზე ოძეკებზე უკეთ იასპარეზა სეკივაკე გოეიდომ. საკაიგავას სკოლის 26 წლის აღზრდილმა ივლისში მიღებული ნეკნების მძიმე ტრავმის შემდეგ, სრულად მომჯობინება მოახერხა, თერთმეტ შეხვედრაში იმარჯვა და ტექნიკური ოსტატობისთვის დაწესებული სპეციალური ჯილდო – გინიო-შო უკვე მესამედ დაიმსახურა.
ამჯერად, ვერ ივარგეს სეკივაკე მიოგირიუმ, კომუსუბი ამინიშიკიმ და კომუსუბივე ჰომაშომ. ამ სამეულმა წლის დასკვნით სუპერტურნირზე კაჩი-კოშის (დადებითი ბალანსი) დაფიქსირება ვერ მოახერხა, შედეგად ისინი ჰირამაკუში არიან გადაყვანილნი ანუ რიგითი მაეგაშირები გახდებიან.
საპირისპიროდ, სანიაკუში (სიმბოლური კატეგორია, რომელიც იოკოძუნას, ოძეკის, სეკივაკეს და კომუსუბის ტიტულებს აერთიანებს) უნდა “ააბიჯონ” დასავლეთის პირველმა მაეგაშირა ტოჩიოძანმა და აღმოსავლეთის მეორე მაეგაშირა შოჰოძანმა, რომელთაც ფუკუოკაში 10-10 ბრძოლა მოიგეს. სხვათა შორის, მებრძოლი სულის გამოვლენისთვის დაწესებული სპეციალური ჯილდო – კანტო-შო სწორედ “ფიჭვის ფენიქსის” შიკონათი ცნობილ შოჰოძანს ერგო, რომელიც ფუკუოკას ბინადარია და გასულ ტურნირზე ქომაგთა განსაკუთრებული მხარდაჭერით სარგებლობდა.
ბრწყინვალე ასპარეზობისთვის დაწესებულ ჯილდო – შიუკუნ-შოს უმიზნებდა ოკინოუმი, რომელმაც ჰარუმაფუჯის ძლევა მოახერხა, თუმცა, აღმოსავლეთის პირველმა მაეგაშირამ ტურნირის მე-10 დღეს მარჯვენა ფეხის შუათანა თითი მოიტეხა და დადებითი ბალანსის დაფიქსირება ვეღარ შესძლო, კაჩი-კოშის გარეშე კი შიუკუნ-შოს მიღება წარმოუდგენელი გახლდათ.
ტრავმას ვერ გადაურჩა აღმოსავლეთის მე-5 მაეგაშირა აოიამაც. ბულგარელმა გოლიათმა დანიელ ივანოვმა მარცხენა ფეხის მუხლის მყესები დაიზიანა.
იანვრის ტურნირზე ყველა უძლიერეს სუმოისტთან ჭიდილის უფლება ექნებათ წარმატებულად მოასპარეზე ტოიონოშიმას, კიოკუტენჰოს და ტოიოჰიბიკის.
ოფიციალურ რეიტინგში იგივე ბანძუკეში მცირე წინსვლა ელით მინიმალური კაჩი-კოშის (8 მოგება, 7 მარცხი) მქონე ქართველ გაგამარუს და რუს არანს. წინასწარი გათვლებით, თეიმურაზ ჯუღელი აღმოსავლეთის მე-4 მაეგაშირა გახდება, ხოლო ალან გაბარაევი – დასავლეთის მე-4 მაეგაშირა.
ამგვარად, გაგამარუ და არანი გადაასწრებენ ტოჩინოშინის შიკონათი ცნობილ ლევან გორგაძეს, რომელიც ფუკუოკაში აღმოსავლეთის მე-3 მაეგაშირას წოდებით ირჯებოდა, თუმცა 15-დან მხოლოდ ხუთ ბრძოლაში იმარჯვა.
უმაღლესი მაკუუჩი დივიზიონს ემშვიდობებიან ასასეკირიუ, ვაკაკოიუ, ჩიონოკუნი და იოშიაძუმა, ძურიოდან კი მათი შემცვლელები სადანოფუჯი, ტოჩინოვაკა, ტაკარაფუძი და კოტოიუკი არიან.
შეგახსენებთ, რომ 2013 წლის პირველი კლასიკური ტურნირი 13-27 იანვარს ტოკიოს “რიოგოკუ კოკუგიკანში” შედგება, მომავალი ბანძუკე კი 24 დეკემბერს უნდა გამოქვეყნდეს.







