როგორც უკვე ვიუწყებოდით, მონღოლმა იოკოძუნა ჰაკუჰომ კლასიკური მრავალდღიანი ტურნირი 25-ედ მოიგო და ამ მაჩვენებლით თანამემამულე – დიდ ჩემპიონ ასაშორიუს გაუტოლდა. დავააჯარგალ მუნხბატმა სუმოს მექად წოდებულ ტოკიოს “რიოგოკუ კოკუგიკანში” გამართული მარათონული შეჯიბრი იდეალური შედეგით (
ნაცუ ბაშოს კულმინაცია ჰაკუჰოს და იაპონელი ოძეკი კისენოსატოს დაპირისპირება გახდა, რომელიც მაისის სუპერტურნირის ბოლოსწინა დღეს შედგა და მასში მონღოლმა უმნიშვნელოვანესი გამარჯვება იზეიმა.
28 წლის ჰაკუჰომ ამით ტოკიოში მისი წარუმატებელი სვლა დაასრულა. გასულ წელს “კოკუგიკანში” ჩატარებული 3 ბაშოდან “თეთრმა ფენიქსმა” ვერცერთში იყოჩაღა, ჩემპიონობა კი ბარუტოს, კიოკუტენჰოს და ჰარუმაფუჯის რჩებოდათ. იაპონიის დედაქალაქში 4 თვის წინ გამართულ შეჯიბრზე კი ჰაკუჰომ პირველობა ისევ ჰარუმაფუჯის იგივე “მზიურ ცხენს” “დაუთმო”.
ამჟამად, მონღოლი იოკოძუნა ისეთ კარგ ფორმაში იმყოფება, რომ გამორიცხული არაა, დიდი ჩემპიონის ფუტაბიამას რეკორდს შეუტიოს. ამ უკანასკნელმა გასული საუკუნის პირველ ნახევარში ზედიზედ 69 შერკინებაში იმარჯვა.
ცნობისთვის, 2010 წელს მუნხბატმა მიჯრით 63 შეხვედრა მოიგო, თუმცა, სანუკვარ მიზანთან ძალიან ახლოს რომ გახლდათ, გზაზე ხსენებული კისენოსატო გადაეღობა.
ცხადია, ჰაკუჰო თვალს “იმპერატორის თასის” მფლობელთა სტატისტიკასაც ადევნებს. ახლა, მისი უახლოესი სამიზნეები ტაიჰო (32 მოგება იგივე იუშო) და ჩიონოფუჯი (31) არიან.
ისიც უნდა ვთქვათ, რომ მომავალ ბატალიებში მონღოლის უმთავრესი მეტოქეები იოკოძუნა ჰარუმაფუჯი და ოძეკი კისენოსატო იქნებიან. “იმპერატორის თასის” ხუთგზის მფლობელი ჰარუმაფუჯი, რომელსაც ტერფის ქრონიკული ტრავმა აწუხებს, ტოკიოში გაცილებით უკეთ იბრძოდა, ვიდრე წინა – ოსაკას ბაშოზე. 29 წლის “მზიურმა ცხენმა” მხოლოდ 4 მარცხი განიცადა, აქტივში კი 11 გამარჯვება ჰქონდა.
კიდევ უფრო უკეთ იასპარეზა 26 წლის კისენოსატომ. “იშვიათმა ტალანტმა” მხოლოდ ჰაკუჰოსთან და იაპონელვე ოძეკი კოტოშოგიკუსთან წაიფორხილა, დანარჩენ 13 ბრძოლაში კი დოჰიოს გამარჯვებული ტოვებდა.
საინტერესოა, რომ ოიაკატა კიტანოუმის აზრით, კისენოსატო ცუნატორის (უმაღლესი ტიტულის – იოკოძუნას პრეტენდენტობის) სტატუსის ღირსია. სუმოს ასოციაციის პრეზიდენტის განცხადებით, ყველაზე შრომისმოყვარე რიკიშიდ მონათლული იაპონელი სუმოს იერარქიის მწვერვალზე მაშინ უნდა აიყვანონ, თუკი ივლისის ტურნირს მოიგებს და ამასთან, ნაგოიაში მინიმუმ 13 ბრძოლაში იმარჯვებს.
კადობანიდან (ამ მდგომარეობაში ისინი ხვდებიან, ვისაც ოძეკის ტიტულის დაცვა უწევს) გამოსვლა მხოლოდ ბაშოს დასკვნით დღეს მოახერხა ბულგარელმა ოძეკი კოტოოშუმ. შესაბამისად, 30 წლის კალოიან მახლანოვმა ტურნირი მხოლოდ 8 მოგებით დაასრულა. ევროპელი სეკიტორი პირობას დებს, რომ ივლისისთვის მუხლის და იდაყვის ტრავმას სრულად მოირჩენს და გაცილებით უკეთეს შედეგს აჩვენებს.
კოტოოშუზე უკეთ, თუმცა კისენოსატოზე უარესად იასპარეზეს ოძეკებმა ტოტოშოგიკუმ და კაკურიუმ. 29 წლის იაპონელმა 11 ბრძოლაში იმარჯვა, ხოლო 28 წლის მონღოლი 10 მოგებას დასჯერდა.
მენისკის და მუხლის მყესების ტრავმის გამო, საზაფხულო ტურნირიდან მოიხსნა ესტონელი ოძეკი ბარუტო, ამდენად, იგი სკეივაკეს ტიტულს დაემშვიდობება. კაიდო ჰოველსონის მკურნალობის და გამოჯანმრთელების ვადები ჯერაც დასაზუსტებელია. თუკი ბარუტოს ივლისის ტურნირის გამოტოვებაც მოუხდა, სავარაუდოდ, უმაღლეს მაკუუჩის დივიზიონსაც გამოეთხოვება.
უარყოფითი ბალანსი ანუ მაკე-კოში დააფიქსირა 27 წლის იაპონელმა გოეიდომ, თუმცა, იგი სეკივაკეს წოდებას მაინც არ დათმობს. რადგანაც მაკე-კოში მინიმალური (7 მოგება, 8 მარცხი) გახლდათ, გოეიდო განახლებულ ბანძუკეში მხოლოდ აღმოსავლეთიდან დასავლეთის რანგში იქნება გადაყვანილი.
სამაგიეროდ, კომუსუბობას გამოეთხოვებიან ტოჩიოძანი და ოკინოუმი, რომელთაც ტოკიოში 11-11 მარცხი შეემთხვათ.
ნაგოიას ბაშოს წინ, აღმოსავლეთის სეკივაკეს ტიტულს, წესით, აღმოსავლეთისვე 1-ლი მაეგაშირა მიოგირიუ უნდა დაეპატრონოს. “მრავალმხრივმა დრაკონმა” 11 გამარჯვება იზეიმა და ტექნიკური ოსტატობისთვის დაწესებული სპეციალური პრიზით (გინო-შო) უკვე მეხუთედ დაჯილდოვდა.
ბარემ აქვე ვთქვათ, რომ ბრწყინვალე ასპარეზობის და მებრძოლის სულის გამოვლინებისთვის დაწესებული ჯილდოები შიუკუნ-შო და კანტო-შო ამჯერად არავის გადასცემია.
დიდი ალბათობით, კომუსუბის ტიტულს მიიღებენ 33 წლის მონღოლი ტოკიტენკუ და შოჰოძანი ან ტაკეკაძე.
ტოკიოში ძალიან წარუმატებლად იასპარეზეს დასავლეთის მე-2 მაეგაშირა ტოჩინოშინმა, დასავლეთის მე-3 მაეგაშირა არანმა და აღმოსავლეთის მე-4 მაეგაშირა აოიამამ.
25 წლის ქართველმა ლევან გორგაძემ 13 ბრძოლა წააგო, 29 წლის რუსმა ალან გაბარაევმა – 11, ხოლო 26 წლის ბულგარელმა დანიელ ივანოვმა – 10.
შესაბამისად, ივლისის სუპერტურნირზე ხსენებულ სამეულს იოკოძუნებთან და ოძეკებთან შერკინების პატივი აღარ ექნება.
სამაგიეროდ, ჩინებულად გაისარჯა სუმოს ელიტის კიდევ ერთი ქართველი წევრი, დასავლეთის მე-11 მაეგაშირა გაგამარუ. 26 წლის თეიმურაზ ჯუღელი, რომელიც ორ ცენტნერზე მეტს იწონის (206 კგ.), “კოკუგიკანში” 11 მეტოქეს გაუმკლავდა და ცხადია, წინსვლა გარანტირებული აქვს.
რანგით მე-2 ძურიოს დივიზიონში მოუწევთ დაქვეითება აძუმარიუს, ჰომარეფუჯის, დაიკიჰოს, ჩიოტორის და კიოკუსიუჰოს, რომელთაც ელიტაში სწორედ ნაცუ ბაშოს წინ აინაცვლეს.
მათ მაკუუჩიში ძურიოს გამარჯვებული 22 წლის კოტოიუკი, ტამაასუკა, ტოკუსიორიუ და სოკოკურაი შეცვლიან, რომელსაც სუმოს ასოციაციამ დისკვალიფიკაცია მოუხსნა.
მომავალი რეიტინგი იგივე ბანძუკე 29 მაისს შედგება, თუმცა, ოფიციალურად 24 ივნისს გამოქვეყნდება, მომდევნო ნაგოიას ბაშო კი 7-21 ივლისს შედგება.







