სხვა

15:46 | 19.09.2013 | ნანახია [] - ჯერ

ჰაკუჰო და იოშიკაძე ლიდერობენ

მონღოლი იოკოძუნა ჰაკუჰო ტოკიოს “რიოგოკუ კოკუგიკანში” მიმდინარე სუპერტურნირსაც ჩინებულ ფორმაში შეხვდა და 5 დღის თავზე ისევ დაუმარცხებელია. “თეთრმა ფენიქსმა” ამჯერად დასავლეთის მე-2 მაეგაშირა აოიამას სძლია და ლიდერობა შეინარჩუნა, მისდარი მონაგარი კი მხოლოდ დასავლეთის მე-8 მაეგაშირა იოშიკაძეს გააჩნია.

წაუგებელი აღარავინაა ოძეკთა შორის. ამ მხრივ “უკანასკნელი მოჰიკანი” ბულგარელი კოტოოშუ გახლდათ, თუმცა, დღეს მას სეკივაკე გოეიდომ უვატენაგეთი სძლია და მოგებათა რაოდენობით გაუთანაბრდა. 4-4 გამარჯვება აქვთ აქტივში ოძეკებს – კისენოსატოს, კაკურიუს და კოტოშოგიკუსაც.

სამწუხაროდ, წარუმატებლად ასპარეზობს გაგამარუს შიკონათი ცნობილი თეიმურაზ ჯუღელი, რომელიც ტოჩინოშინის (ლევან გორგაძე) ტრავმის პირობებში, სექტებრის ბაშოზე საქართველოს ერთადერთი წარმომადგენელია.

ელიტარული მაკუუჩი დივიზიონის ყველაზე მძიმე წევრმა აღმოსავლეთის მე-11 მაეგაშირა ტაკეკაძესთან სუკუინაგეთი წააგო და ეს, მისთვის, ერთადერთი გამარჯვების წილ მე-4 მარცხი გახლდათ.

შეგახსენებთ, რომ ჯუღელი ტოკიოს ტურნირს აღმოსავლეთის მე-9 მაეგაშირას წოდებით შეხვდა და თუკი მორიგი უკუსვლა არ სურს, მდგომარეობის გამოსწორებაზე უნდა იზრუნოს. ქართველი გოლიათის შემდეგი მეტოქე დასავლეთის მე-7 მაეგაშირა ტოიონოშიმა იქნება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11558