სუმოს მექად წოდებულ ტოკიოს “რიოგოკუ კოკუგიკანში” დასრულებულ მაისის ბაშოს გამარჯვებული მონღოლი იოკოძუნა ჰაკუჰო გახდა, რომელმაც შეჯიბრი ძიონ-შოთი (ყველა მოგება) დაასრულა.
ზაფხულის სუპერტურნირის დასკვნით დღეს, დავააჯარგალ მუნხბატი დოჰიოზე მას შემდეგ გადიოდა, რაც ოძეკი კისენოსატომ ოძეკივე კოტოშოგიკუსთან წაიფორხილა და გამარჯვების თეორიული შანსი დაკარგა, თუმცა, მონღოლს თავისთვის მოდუნების უფლება არ მიუცია და თანამემამულე იოკოძუნა ჰარუმაფუჯის იორიკირით სძლია.
ამგვარად, “თეთრმა ფენიქსმა” “იმპერატორის თასი” 25-ედ ასძია და მოგებული ტურნირების რაოდენობით ლეგენდარულ “ცისფერ დრაკონ” ასაშორიუს გაუტოლდა, ოძეკი კისენოსატო კი, როგორც ჩანს, მას შემდეგ “გადაიწვა”, რაც მისი ცუნატორის სტატუსთან მიახლოების შესახებ ხმები გავრცელდა.
წინასწარი ინფორმაციით, იპონელი ივლისის ბაშოს წინ, იოკოძუნობის კანდიდატი გამხდარიყო, თუმცა, მაისის სუპერტურნირის დასკვნით ორ დღეს წარუმატებელი ასპარეზობის შემდეგ, ეს რამდენად მოხდება, ძნელი სათქმელია.
საბოლოოდ, კისენოსატო მე-2 ადგილზე აღმოჩნდა, შემდეგ კი 4 სეკიტორისგან შემდგარი ჯგუფი მოდის, რომელთა შორის ქართველი გაგამარუც იმყოფება. ელიტარული მაკუუჩი დივიზიონის ყველაზე მძიმე (206 კგ.) სუმოისტმა მაისის ბაშო 11 მოგებით და 4 მარცხით დაასრულა.
თეიმურაზ ჯუღელმა, რომელიც ტოკიოში დასავლეთის მე-11 მაეგაშირას წოდებით ირჯებოდა, ბოლო ტურში აღმოსავლეთის მე-15 მაეგაშირა ჩიონოკუნის ოშიდაშით აჯობა და ცხადია, რომ წოდებში სერიოზული წინსვლა
საპირისპიროდ, სოლიდურ დაქვეითებას ვერ გადაურჩება ტოჩინოშინის შიკონათი ცნობილი ლევან გორგაძე, რომელიც გასულ ტურნირზე დასავლეთის მე-2 მაეგაშირას ტიტულით ასპარეზობდა. ქართველმა სეკიტორმა მე-15 დღეს აღმოსავლეთის მე-2 მაეგაშირა კიტატაიკისთან ოშიდაშით წააგო და საკუთარ კარიერაში ერთ-ერთი უცუდესი შედეგი – 2 მოგება, 13 მარცხი – დააფიქსირა.
პროფესიული სუმოს განახლებული ბანძუკე ანუ რეიტინგი 24 ივნისს გამოქვეყნდება, მომდევნო ბაშო კი 7-21 ივლისს აიჩის პრეფექტურაში შედგება.
http://www.youtube.com/watch?v=HS0UBKNY7L8&feature=player_embedded







