ქართველმა საერთაშორისო დიდოსტატმა სოფიკო გურამიშვილმა (2374) ახალი წელი გამარჯვებით დაიწყო. იტალიურ რეჯიო ემილიაში გამართულ ტურნირში, სადაც სოფიკო პირველ ნომრად გახლდათ განთესილი, გურამიშვილმა ათ ტურში 8.0 ქულა მოაგროვა და პირველობა არავის დაუთმო.
ქართველმა მოჭადრაკემ ბოლოსწინა ტურში შავი ფიგურებით ბულგარელ ივა ვიდენოვას (2297) სძლია, ბოლო პარტიაში კი უახლოეს კონკურენტ ანა შარევიჩს (2267) დაუზავდა. საბოლოოდ, გურამიშვილმა ბელორუს მეტოქეს 1.0 ქულით გაუსწრო. მესამე ადგილი 6.5 ქულით იტალიელმა მარინა ბრუნელომ დაიკავა.
რეჯიო ემილიაშივე დასრულებულ ვაჟთა ანალოგიურ ტურნირში ჩემპიონობა ჰოლანდიელმა ანიშ გირიმ (2714) იზეიმა, რომელმაც 6.0 ქულა მოაგროვა. მეორე-მესამე ადგილები 5.5-5.5 ქულით რუსმა ალექსანდრ მოროზევიჩმა (2762) და აშშ-ს სახელით მოთამაშე იაპონელმა ჰიკარუ ნაკამურამ (2758) გაინაწილეს. ტურნირის რეიტინგ-ფავორიტმა ვასილი ივანჩუკმა (უკრაინა, 2775) 4.5 ქულით ბოლოსწინა მე-5 საფეხური დაიკავა.







