ქართველმა მოჭადრაკე სოფო გურამიშვილმა (2298) პოლონეთში მიმდინარე ახალგაზრდულ მსოფლიოს ჩემპიონატზე ზედიზედ მე-3 გამარჯვება მოიპოვა და სატურნირო მდგომარეობა საგრძნობლად გაიმჯობესა.
მე-6 ტურში გურამიშვილმა შავი ფიგურებით უკრაინელი მარიცა ცირულნიკი (2153) დაამარცხა და 4.5 ქულა მოაგროვა, რისი წყალობითაც მე-10 ადგილზე გადაინაცვლა. ცნობისთვის, პირველ საფეხურზე მყოფ სლოვენიელ ანა მუზიჩუკს, რომელსაც დიდებისთვისაც კი საოცნებო რეიტინგი (2527) გააჩნია, სოფო ქულით ჩამორჩება.
მომდევნო ტურში გურამიშვილის მეტოქე ბერძენი ეკატერინი პავლიდუ (2182) იქნება. თეთრებით ქართველი მოჭადრაკე ითამაშებს.
გაცილებით სუსტად ასპარეზობს ნანი უნაფქოშვილი, რომელიც მე-6 ტურში სლოვენიელ სპელა ორეჰეკს (1883) დაუზავდა და 2.0 ქულით 78 მონაწილეს შორის 63-ე ადგილზე დამკვიდრდა. უნაფქოშვილის მომდევნო მოწინააღმდეგე ლიტველი მიგლე ლეპესკაიტე გახლავთ.
ვაჟთა ტურნირში საწყისი სამი ყაიმისა და მარცხის შემდეგ, მიჯრით მეორე პარტია მოიგო დავით ლომსაძემ (2364), რისი წყალობითაც, 3.5 ქულით 31-ე ადგილზე გადაინაცვლა.
გასულ ტურში ლომსაძემ თეთრებით იტალიელი დანიილ დვირნიი (2457) დაამარცხა, მე-7 ტურში კი შავი ფიგურებით თურქ ემრე ჩანს (2477) დაუპირისპირდება.
20-წლამდელთა მსოფლიოს ჩემპიონატი 13 ტურად მიმდინარეობს და 16 აგვისტოს დასრულდება.







