იტალიურ რეჯიო ემილიაში სტარტი აიღო საერთაშორისო საჭადრაკო ტურნირმა, სადაც პირველობისთვის ექვსი ვაჟი და ამდენივე ქალბატონი იბრძვის. ქალთა ტურნირში საქართველოს ღირსებას სოფიკო გურამიშვილი (2374) იცავს, მისი მეტოქეები კი ბულგარელი ივა ვიდენოვა (2297), ბელორუსი ანა შარევიჩი (2267) და იტალიელები – მარინა ბრუნელო (2221), მარიაგრაცია დე როსა (2122) და მარიანა ჩიერიჩი (2048) არიან.
როგორც ფავორიტს შეეფერება, გურამიშვილმა ტურნირი ყოჩაღად დაიწყო. პირველ ტურში სოფიკომ თეთრი ფიგურებით ბრუნელოს სძლია, შემდეგ კი შავებით დე როსას აჯობა და შარევიჩთან ერთად გალიდერდა. მე-3 ტურში ქართველი მოჭადრაკე ჩიერიჩის ეთამაშება.
გაცილებით ძლიერმა შემადგენლობამ მოიყარა თავი ვაჟთა ტურნირში, სადაც 2700-ზე დაბალი რეიტინგი არცერთ მონაწილეს გააჩნია. ექვსეულის შემადგენლობა ასე გამოიყურება: ვასილი ივანჩუკი (უკრაინა, 2775), ალექსანდერ მოროზევიჩი (რუსეთი, 2762), ჰიკარუ ნაკამურა (აშშ, 2758), ნიკიტა ვიტიუგოვი (რუსეთი, 2729), ფაბიანო კარუანა (იტალია, 2727), ანიშ გირი (ჰოლანდია, 2714).
ორი ტურის თავზე ქულათა მაქსიმუმი მხოლოდ მოროზევიჩს გააჩნია, რომელსაც ნახევარი ქულით ნაკამურა ჩამორჩება. მომდევნო ტურში რუსი და ამერიკელი სწორედ ერთმანეთის პირისპირ დასხდებიან.
ცნობისთვის, 54 Torneo di Capodanno ორ წრედ მიმდიანარეობს, ბოლო მე-10 ტური კი 6 იანვარს შედგება. დასვენების დღედ 1 იანვარია გამოცხადებული.







