ჭადრაკი

13:42 | 13.07.2014 | ნანახია [] - ჯერ

გუნინა დაწინაურდა, მას კვალში სამი ქართველი უდგას

ბულგარეთის ქალაქ პლოვდივში მიმდინარე ევროპის რიგით მე-15 ინდივიდუალურ ჩემპიონატზე ჭადრაკში 13 ივლისი დასვენების დღეა, 7 ტურის თავზე კი შეჯიბრის ერთპიროვნული ლიდერი რუსი ვალენტინა გუნინა (2501) გახლავთ.

გუნინამ შავი ფიგურებით უკრაინელი ნატალია ჟუკოვა (2451) დაამარცხა, 6.5 ქულა მოაგროვა და მე-2 ადგილზე მყოფ ლელა ჯავახიშვილს (2474), რომელმაც ზედიზედ მე-3 გამარჯვება იზეიმა, ნახევარი ქულით უსწრებს. მე-7 ტურში ლელამ თეთრებით მე-2 ნომრად განთესილ უკრაინელ მარია მუზიჩუკს (2521) სძლია და აქტივში 6.0 ქულა აქვს.

მე-8 ტურში, რომელიც 14 ივლისს შედგება, ჯავახიშვილის მეტოქე სწორედ გუნინა იქნება და თეთრებით რუსი ითამაშებს.

5.5-5.5 ქულა აქვს აქტივში ოთხ მოჭადრაკეს, რომელთაგან 2 ქართველია. სალომე მელიამ (2454) შავი ფიგურებით ბულგარელ ანტუანეტა სტეფანოვას (2488) მოუგო, ნინო ბაციაშვილმა (2417) კი შავებითვე პოლონელი მონიკა სოცკო (2462) დაამარცხა. დამატებითი მაჩვენებლებით, სალომე მესამეა, ხოლო ნინო – მე-4. მათ კვალში რუსები ოლგა გირია (2493) და ტატიანა კოსინცევა (2476) მისდევენ.

სამწუხაროდ, ზედიზედ მეორეჯერ წააგო საქართველოს ნაკრების ლიდერმა ნანა ძაგნიძემ (2541), რომელსაც ევროპის ჩემპიონატზე პირველი განთესვა გააჩნია. ძაგნიძე თეთრებით ხსენებულ კოსინცევასთან დამარცხდა და 4.5 ქულით მე-14 პოზიციაზე დაქვეითდა.

ნანას დარი მონაგარი გააჩნიათ ნინო ხურციძეს (2460), მერი არაბიძეს (2406) და სოფიო გვეტაძეს (2356), რომელთაც დამატებითი მაჩვენებლებით, შესაბამისად, მე-19, 23-ე და 24-ე ადგილები უკავიათ. გასულ ტურში ხურციძემ თეთრი ფიგურებით გირიასთან წააგო, არაბიძემ თეთრებითვე ბულგარელ ივა ვიდენოვას (2315) სძლია, ხოლო გვეტაძე შავებით გერმანელ ელიზაბეტ პაეტს (2456) დაუზავდა.

ბულგარულ ტურნირზე კიდევ 2 ქართველი მოჭადრაკე თამაშობს, რომელთა მდგომარეობა ასეთია: 62. სოფიკო გურამიშვილი (2402) – 3.5; ...109. მადონა ბოკუჩავა (2027) – 2.0;

გუნინა-ჯავახიშვილის დაპირისპირებაზე უკვე ვთქვით, მე-8 ტურის სხვა პარტიები კი ასეთია: მელია-გირია, კოსინცევა-ბაციაშვილი, ძაგნიძე-ადრიანა ნიკოლოვა (ბულგარეთი, 2303), გვეტაძე-სტეფანოვა, იულია კოჩეტკოვა (სლოვაკეთი, 2333)-ხურციძე, ირინა ვასილევიჩი (რუსეთი, 2328)-არაბიძე.

შეგახსენებთ, რომ ევროპის პირველობის მონაწილეთა შორის 26 ქვეყნის 106 მოჭადრაკეა, მათ შორის 96 – საერთაშორისო წოდების მქონე.

ჩემპიონატის საპრიზო ფონდი 60 000 ევროს შეადგენს, საიდანაც ჩემპიონის წილად 11 000 მოდის. მეორე ადგილი – 9 000-ს მიიღებს, მესამე – 7 000-ს, სულ კი საპრიზო თანხებით მოწინავე ოცეულში გასულები დაჯილდოვდებიან. მე-20 ადგილოსანს 1 000 ევრო ერგება.

პირველ თოთხმეტ პოზიციაზე გასული მოჭადრაკეები ქალთა შორის მსოფლიო თასის გათამაშებაში მონაწილეობის უფლებას მოიპოვებენ.

ჩემპიონატი 11 ტურად 17 ივლისის ჩათვლით ტარდება.

0.138861